Archive for მაისი 2010

უხ ეს არამზადები

მაისი 30, 2010

საერთოდ ძალიან მიყვარს ლინგვისტური კერძოდ კი ეტიმოლოგიური კველევების შესახებ კითხვა და თუკი თავად მომეცა იმის საშუალება რაიმე საინტერესო სიტყვის არსს ან წარმოშობას ჩავწვდე ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ აქვს ხოლმე. და აი სულ რაღაც ორი დღის წინაც ასეთივე შემთხვევა დამემართა. ინდოელ ჯგუფელებთან ერთად კინოში აღმოვჩნდი სადაც გადიოდა ინდურ-ამერიკული ფილმი “My name is Khan”; რამოდენიმე უფასო ბილეთი ჰქონდათ ნაშოვნი და ცდუნებას ვერ გავუძელი. ჩემდა საუბედუროდ თუ პირიქით არც თავად ორიგინალური გახმოვანება მესმოდა, რადგან ჰინდიზე იყო და არც ფრანგული სუბტიტრები იყო დიდი შველა (თუმცა უნდა ავღნიშნო მათი დახმარებით სხვა თუ არაფერი არსს მაინც ვგებულობდი). და აი უცებ მომესმა ძალიან ნაცნობი სიტყვა, რამოდენიმე წამში ხელმეორედ და მერე კიდევ ერთხელ განმეორდა. ფილმის ერთ ერთი გმირი მეგობრის ყოფილ მეუღლეს არამზადჷ-დ მოიხსენიებდა, მაშინვე გამინათდა გონებაში და მივხვდი, რომ არამზადა სულაც არ ყოფილა ქართული სიტყვა და როგორც მრავალი სხვა სიტყვათაგანი რომელთა გამოყენებისას ბევრს ჰგონია რომ წმინდა ქართულად ლაპარაკობს ეს სიტყვაც ისეთივე ნასესხებია, როგორც მაგალითად ნიშანი, ფანჯარა, აივანი, ეშმაკი ან თუნდაც ბაღი.

იმ გარემოებამ, რომ ქართულში შემოსვლისას მრავალი სპარსულ-არაბული სიტყვა “ჰ” ბგერას ხშირად კარგავს ხოლო ჩვენთვის ნაკლებად ნაცნობი ხმოვანი “ə” ან “ა”-დ ან კი “ე”-დ გარდაიქმნება, იმდენად გააქართულა ეს სიტვვა, რომ ყოველდღიური მოხმარებისას რთულია მიხვდე, რომ ნასასხებ სიტყვასთან გაქვს საქმე.

ასე რომ არამზადა სხვა არაფერი ყოფილა თუ არა არაბული “ჰარამ”-ისა და სპარსული “ზადე”-ს გაერთიანება. მაგალითისთვის ვინც ევროპაშია ნამყოფი ალბათ ყველას უნახავს ზოგიერთ ხორცპროდუქტზე წარწერა “ჰალალ”-ი, რომელიც იმის მიმანიშნებელია, რომ მუსულმანებს მისი ჭამა შეუძლიათ (ცხოველის სპეციფიური წესით დაკვლის გამო). ეს “ჰალალ”-ი ისლამში ასე ვთქვათ  კარგის და ნებადართულის აღმნიშვნელი სიტყვაა, და ჩვენც ხშირად ვიყენებთ, როდესაც ვინმეს ჭამისას რაიმე გადასცდება და ზურგზე ხელს ვარტყავთ და ვაყოლებთ (ჰ)ალალი-იყოსო. სწორად მისი საპირისპირო, აკრძალულისა და ცუდის მნიშვნელობა აქვს სიტყვა “ჰარამ”-ს, რომელიც ასევე გამოიყენება ქართულში და ძირითადად წყევლაში გვხვდება “ხარამად შეგერგოსო”.

ახლა მოდით ისევ არამზადას დავუბრუნდეთ… მოკლედ არამზადის პირველი ნაწილი გასაგებია, რომ ცუდს და აკრძალულს ნიშნავს, აი მეორე “ზადე”-ს რა მნიშვნელობა აქვს ადვილი მისახვედრია თუკი დავუკვირდებით მრავალი აზერბაიჯანული ან სპარსული გვარის დაბოლოებას რომელიც ასევე “ზადე”-ა. ეს ზადე დაბადებას ნიშნავს, რაც ჩვენს არამზადას აკრძალულად დაბადებულად განგვიმარტავს, ან იმად ვინც არ უნდა დაბადებულიყო. ეს სიტყვა ჩვენ ქართულიშიც მოგვეპოვება და თანაც ნამდვილი ქართული ეტიმოლოგიით და სხვა არაფერია თუ არა ნაბიჭუარი. სწორად ამ მნიშვნელობას ატარებს ჰარამზადჷ როგორც ირანის ასევე პაკისტანის ტერიტორიაზე, ხოლო როგორც აღმოჩნდა ინდოეთში მას კიდევ უფრო მძიმე დატვირთვა აქვს და უკიდურესი სალანძღავი სიტყვაა. ასე რომ თუკი ინდოელების გარემოცვაში მოხვდებით და მათი მცირეწლოვანი ბავშვები სიცელქით და მოუსვენრობით თავს მოგაბეზრებენ არამზადები ნამდვილად სჯობს რომ არ დაუძახოთ. 🙂