ნამდვილი ქართული საკვები

ისევ და ისევ ვისაც გსურთ ტვინი უნდა გაგიბურღოთ ტოტაოდენი ვაი-ეტიმოლოგიური კვლევებით და კიდევ ერთხელ მინდა გული გაგიხეთქოთ სიტყვათა არც თუ ისე მცირე სიით ძირძველი ქართული რომ გვგონია სინამდვილეში კი სულ სხვა წარმომავლობა რომ აქვს. ამჟამად ხილის თუ ბოსტნეულის დასახელებებს შემოგთავაზებთ და ზოგ შემთხვევაში ყოვლად ნათელ ხან კი წარმოშობის შესაძლო ვერსიებს წარმოგიდგენთ.

მოდით ჯერ ქლიავებსა და მისი მსგასვ ხილის სახელებს შევხედოთ. თურმე ნუ იტყვით და სპარსულად آلو (âlu) – ქლიავს ნიშნავს და ნახეთ ხილის რამდენ ნაირსახეობას აქვს ამასთან პირდაირი კავშირი:

ალიბუხარი – (ალუ-ბუხარა) სპარსულია და ნიშნავს ბუხარა-ს ქლიავს

ალუბალი – آلبالو (âlbâlu) სპარსულადაც იგივეა

ალუჩაآلوﭼﻪ (ālūča), სპარსულია და იგივე ალუ-ს კნინობითი ფორმაა ანუ ქლიავუნა. ამ სიტყვის გადმოღებამდე თურმე შუშტყემალი ერქვა.

ბალი – ძველ სპარსულადაც ასევე იწოდება بالو (bâlu), დღესდღეობით კი სხვა სიტყვა უფროა ხმარებაში.

გარგარ() – زردآلو (zard-âlu) სიტყვა სიტყვით ყვითელი ქლიავი სავსებით შესაძლებელია ასეთი ცვლილებებით შემოსულიყო ქართულში: ჟარდალუ – ჯარდალ – გარგალი, თუმცა თავს ვერ დავდებ 🙂

მაგრამ გარდა ამისა აღმოჩნდა სხვა ქლიავებიც ძალზედ საინტერესო სახელებს ატარებენ, აი მაგალითად:

დამასხი – ბერძნულიდანაა Δαμασκηνιά (დამასკენია) და ნიშნავს დამასკოურ-ს, ძველი ქართული სახელი კი კაკჳნარი ყოფილა

რენკლოდი – ბევრი ლენკროტად რომ მოიხსენიებს ფრანგულია Reine Claude (ღენ კლოდ) და ნიშნავს დედოფალ კლოდს/კლაუდიას რომლის პატივსაცემადაც დაარქვეს ამ ხილს სახელი.

ამ ყველაფრის მერე ნამდვილად არ ვიცი სადაურია სიტყვა ტყემალი, რადგან მისი ეს ალი/ალუ დაბოლოება ძალიან ჰგავს სპარსულ ალუ-ს და ტყემ-ალი სავსებით შესაძლებელია ტყის ქლიავს ნიშნავდეს.

მოდით ისევ სპარსული სიტყვებით გავაგრძელოთ

ბადრიჯანი – بادنگان (bâdengân) ბადენჯან

ბრინჯი – برنج (berenj) ბერენჯ

გულაბი (მსხლის ერთ-ერთი ნაირსახეობა) – სხვა არაფერია თუ არა گلابی (golâbi) რომელიც სპარსულში უბრალოდ მსხალს ნიშნავს

დასტამბო – دستمبو (dastambw) დასტამბუ, ძველ ქართულად ძალიან საყვარელი სახელი ჰქონია – პუმპულა

ზეითუნი – ისევ და ისევ სპარსულია زیتون (zeytun) რომელიც თავის მხრივ მათთან არაბულიდან შევიდა زيتون (zaytūn)

თუთა – შესაძლოა ესეც სპარსულიდან იყოს შემოსული توت (tut) თუმცა თავად სპარსულში ვარაუდობენ არამეულიდან შესულიყო ܬܘܬܐ / תותא (tuta)

ისპანახი – اسفناج (esfenâj) ესფანახ, რომელიც თავის მხრივ ძველ ბერძნულიდანა ნასესხები σπάναξ (spanax)

ლიმონი – ნუ ეს ისედაც ცხადია, რომ არაა ქართული სიტყვა და ევროპული ენებიდან გადმოვიდა, თავად ევროპაში თურქეთიდან შევიდა لیمون (limun), ხოლო თურქულში ისევ და ისევ სპარსულიდან لیمو (limu)

ლობიო – რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ არც ესაა ქართული სიტყვა, მაგალითისთვის არაბულად ჰქვია لوبيا (luubiyaa), სპარსულად لوبیا (lôbiyâ), ხოლო ამოსავალი ამ ორივესთვის იყო ძველ-ბერძნული λόβια (lóbia)

მუხუდო – نخود (noxod)

ნიგოზი – სპარსული სიყვა گوز (gôz)-იდანაა ნაწარმოები რაც ასევე ნიგოზს ნიშნავს

პილპილი – სპარსული پلپل (pelpel)

ტარხუნა – ან სომხურიდან թարխուն (tʿarxun) ან სპარსულიდანაა ترخون (tarxun) ნასესხები, მათ კი თავის მხრივ ეს სიტყვა არაბულიდან აიღეს طرخون (ṭarxūn)

უნაბი – სპარსული عناب (‘anâb / ჷნაბ)

ძირა – სპარსული زیره (ziːˈɾæ)

ჭვავი – ძალზედ ჰგავს თურქულ ან სპარსულ Çavdar-ს, რაც სპარსულად ნიშნავს ხორბალში გაზრდილს, თავად جو (jow/ჯოვ/ჭოვ) კი ქერსა და მარცვალს ნიშნავს, ანუ პრაქტიკულად იგივეა.

ხურმა – სპარსულად თავად ხურმა خرما (xurmā) ფინიკს ნიშნავს აი ხორმალუ خرمالو (khormâlu) (სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ კი ფინიკ-ქლიავა) კი იგივე ხურმა ანუ კარალიოკია

ცოტა თურქულიც შევურიოთ:

ყაბაყი – ან აზერბაიჯანულიდან qabaq ან თურქულიდანაა kabak / kabağı გადმოღებული

ცერეცო – ამან კი მართლა გამაკვირვა, ჟღერადობით ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი თუ ქართული არ იყო, თურმე მოდის თურქული dereotu, tereotu (ტერეოტუ-თერეოთუ-ცერეცო) და სიტყვასიტყვით ნიშნავს დატოტვილ ბალახს

ხო კარგით, სულ რომ არ წაგიხდეთ გუნება ამდენი სპარსულით ახლა ცოტა ბერძნულ დასახელებებსაც შევხედოთ

არაქისი – (იგივე მიწის თხილი) რათქმაუნდა არაქართულია – ἀράχιδνα (არახიდნა)

გოგრა – ეს ცოტა მარჩიელობის საგანია მაგრამ შესაძლოა ბერძნულიდან იყოს რადგან ძველ ბერძნულში γογγύλος (gogúlos, გოგულოს) მრგვალს ნიშნავს და გოგრის ლათინური სახელი Cucur/bita, Gugur/bita სწორად ძველი ბერძნული გოგულოს-იდანაა. თუმცა აქ ანალოგიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაშინ ქართული გორგოლა-ც ანალოგიურ (მრგვალის) მნიშვნელობას ატარებს და იქნებ სულაც ოდესღაც ქართულიდან შევიდა ძველ ბერძნულში

დაფნა – δάφνη (dáphnē)

პრასი – πράσο (práso)

რეჰანი – აგრეთვე ბერძნულია ρίγανη (rígani), სხვა ენებში კი ძველ-ბერძნული ვერსია უფროა გავრცელებული ὀρίγανον (origanon). ძველად შაშპრა, შაშკვლა და შაშპრა -ს ეძახდნენ. ახლანდელი შაშკვლავი ცოტა სხვა მცენარეა.

სტაფილო – ასევე ძველი ბერძნულიდანაა Σταφυλῖνος (stafelinos)

ფინიკი – ეს დასახელებაც რათქმაუნდა ბერძნულიდანაა შემოსული Φοῖνιξ (Phoîniks)

მოდით ახლა ჩვენს მეზობელ სომხეთისკენ გადავინაცვლოთ

ბოლოკი – բողկ (bołk) – ბოლოკია, ხოლო მისი ერთ ერთი სხვა ვერსია բողկուկ (bołkuk) ნიშნავს როგორც ბოლოკს ასევე ახლად ამოსულ რქებს

თალგამი – თურმე არც ესაა ქართული სიტყვა და სომხურის გავლით շաղգամ (šałgam) სპარსულიდან شلغم (šalğam) აგვიღია. შალღამ – შალგამ – ჩალგამ – თალგამ

ოსპი – ასევე შესაძლოა სომხურის გავლით შემოსულიყო ქართულში ոսպ (osp), თავის მხრივ კი თავდაპირველად ბერძნულია όσπιο / Όσπρια (óspio / ოსპია) და ზოგადად პარკოსნებს აღნიშნავს

ქინძი – ესეც ძველად შემოსული სომხური სიტყვაა գինձ (ginj)

ღანძილი – ანალოგიურად სომხური სიტყვაა ղանձիլ (ღანძილ) ძველად კი ჯიშკილა რქმევია

ჭერამი – ძველ-სომხური ծիրան წირან-იდან მოდის და თურმე საქართველოს ზოგ კუთხეში დღესაც ამ თავდაპირველი სახით მოიხსენიებენ.

ბოლოსათვის ასევე საინტერესო ლათინურიდან წარმოშობილ სიტყვებს შევხედოთ

კარტოფილი – ზოგადად ეს სიტყვა გერმანულიდანაა გავრცელებული Kartoffel, რომელიც თავის მხრივ იტალიური tartuficolo-ს დამახინჯებული ვერსიაა, რომელიც თავად ლათინური terrae tuber-ის სახეცვლილებაა და ტრიუფელს ნიშნავს.

კიტრი – შესაძლოა ასევე ლათინური citriolum / citrius –იდან იყოს შემოსული, იტალიურშიც ანალოგიური სახელი აქვს cetriolo

კომბოსტო – აქ ისედაც ცხადია, რომ იგივე წარმოშობა აქვს რაც ინგლისურ Cabbage, ფრანგულ Cabocce, თუ სლავურ Kapusta-ს. აი ძველად კი კეჟერა და ხვიტი რქმევია (კონკრეტულად ხვიტი ზუსტად ისაა რომელიც თავს იხვევს)

ნუში – არ ვიცი ეს რამდენად დემთხვევის ამბავია, მაგრამ ლათინურში nux da გერმანულშიც nuss თხილეულობის ზოგადი სახელია, იქნება ეს კაკალი, თხილი თუ თავად ნუში.

სორგო – იგივე „ცოცხი“ ამ მცენარის ლათინური სახელიდანა გადმოღებული sorghum რომელიც იტალიურიდან sorgo იქნა აღებული

ბოლოსათვის რამოდენიმე საინტერესო სიტყვა შემოვინახე.

თურმე ფეიხოას სახელი ერთ ერთი ბოტანიკოის, კონკრეტულად კი João da Silva Feijó-ს საპატივსაცემოდ დაარქვეს.

თურმე არც პიტნა ყოფილა ქართული სიტყვა და ჩრდილო ინდოეთში, პაკისტანში ა.შ. პიტნას რომელიც ჩაის დასაყნებლად და საჭმელში დასამატებლად იყენებენ ჰქვია Pudina /pudīna/ ან Putina, და ალბათ სპარსეთის გავლით შემოვიდა ქართულში.

ჩემთვის ძალზე საინტერესოა სიმინდის სახელი, არ ვიცი დამთხვევაა თუ არა მაგრამ ამ მცენარის სახელი რამოდენიმე ენაში უცნაურად შეიცავს ინდიფუძეს, კერძოდ ირლანდიურში ჰქვია arbhar Indiach (ანუ ინდური რაღაც arbhar-ი) კატალანურში ჰქვია panís de les Índies (ანუ ისევ და ისევ ინდოეთის/ინდური panis-ი, რაც პენისს ნიშნავს, ფორმიდან გამომდინარე). საქმე იმაშია რომ სიმინდი ამერიკიდანაა შემოტანილი და სანამ გაარკვევდნენ რომ ამერიკა ამერიკა იყო, და არა ინდოეთი, ალბათ სიმინდის სახელზეც გადავიდა ეს შეცდომა. საკითხავი ისაა ქართული სიმინდი რაიმე სა-ინდო ან რაიმე ეგეთი ფორმით ხომ არ იყო თავდაპირველად ქართულში ან იქნებ სულაც რაიმე ლათინური ფორმა იყო, მაგალითად semen(seː.mẽ)+indi (ინდური თესლი/მარცვალი) რაც სიმინდად გადაიქცა.

ცოტა გრძლად კი გამომივიდა და თან ალბათ არც თუ კარგ განწყობაზე დაგაყენეთ მაგრამ რაცაა ესაა, ძალზედ ბევრი სიტყვა გვაქვს ნასესხები, თუმცა ამაში ცუდი არაფერია. უბრალოდ საინტერესოა 🙂

იმითი-ღა დაგამშვიდებთ რომ როგორც ჩანს არცერთი კენკრა და კენკრისდაგვარი ხილი რატომღაც უცხო სახელს არ ტარებს და ყველა – ასკილი იქნება, ზღმარტლი, კვრინჩხი, კოწახური, კუნელი, მარწყვი, მაყვალი, მოცხარი, მოცვი, ჟოლო, ფშატი, ყურძენი, შინდი, წყავი, ძახველი თუ ხენდრო როგორც ჩანს უცხო სიტყვა არაა… ნუ მე ვერ ვიპოვე ვერანაირი ამისი დასტური ან კვალი და თუ თქვენ იცით რაიმე შემატყობინეთ.

Explore posts in the same categories: Uncategorized

ტეგები: , , , , , , ,

You can comment below, or link to this permanent URL from your own site.

7 Comments on “ნამდვილი ქართული საკვები”


  1. პირიქით, ყველა ეს სიტყვა ქართულიდან შევიდა უცხო ენებში!

  2. Malkhaz Says:

    ρίγανη ბერძნულად ქონდარია და არა რეჰანი.
    რეჰანი კი არაბულია.

  3. დათო Says:

    ბალს მეგრულში რომ კოგნატი აქვს, მაგას როგორ ახსნით?
    ნიგოზსს ასევე კოგნატი აქვს მეგრულში: ნეძი.
    ტყემალსაც კოგნატი აქვს: ჸომური.
    გორგოლა არა, გრგუალი ძველქართულად.


    • უკაცრავად, მაგრამ კოგნატები ეტიმოლოგიურად დაკავშირებულ (ერთი ფუძიდან წარმოებულ) სიტყვებს ეწოდებათ. ჩემი სუბიექტური აზრით ცოტა რთულია ნეძ-სა და ნიგოზ-ს, ან ტყემალ-სა და ყომურ-ს შურის საჭირო კავშირის დანახვა…

      • დათო Says:

        არც ისე რთულია, თუ ფილოლოგი ხარ. სხვა კანონზომიერი ბგერათშესატყვისობებია: მსხალი (მეგრ. სხული, ჭან. მცხული, სვან. იცხ), ბალი (ზან. ბული, სვან. ჰებ), თხილი (ზან. თხირი, სვან. შდიხ), ბროწეული (ზან. ბერწ(ე)ული, სვან. ბროწეულ), ტყემალი (ზან. ჸომური, სვან. ბარყვენ), წიფელი (ზან. წიფური, სვან. წიფრა), ცაცხვი (მეგრ. ცხაცხუ, ჭან. დუცხუ, სვან. ცაცხE), წაბლი (ზან. ჭუბური, სვან. ჰებრა), მტილი (მეგრ. ორტვინი, ჭან. ონტულე, სვან.


      • ტყემალ-ს რაც შეეხება თავიდანვე დავწერე, რომ არ ვიცი არის თუ რა სხვა ჩამოთვლილ სიტყვებთან დაკავშირებული, და მის ეტიმოლოგიაზე მხოლოდ სპეკულირება თუ შეიმიძლია მეთქი. ამიტომ ტყემალზე ვერ და არ შეგეკამათებით.
        მაგრამ კავშირს ნეძ-სა და ნიგოზ-ს შორის ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s


%d bloggers like this: