Archive for ნოემბერი 2017

სპარსული თავგადასავალი–დღჱ იგი პირუელი

ნოემბერი 9, 2017

ნაშუადღევს ბარგი-ბარხანა მოვიკიდე და აეროპორტისაკენ გავეშურე. ზურგჩანთაში მინიმუმი ტანსაცმელი, კამერა და ახლად ნაყიდი ბოტასები მედო (ვიცოდი რომ ბევრი სიარული მომიწევდა და გადავწყვიტე ახლად გამოსაკვლევი მიწა ახალი ზიზია ფეხსაცმელებით მომეარა), საფულეში კი 400 თუ 500 ევრო და ყოველი შემთხვევისთვის ერთი ვიზა ბარათი.

მალევე მივედი ბერლინის შონეფელდის აეროპორტში და საბიჰას გავლით თეირანისკენ ავიღე გეზი. თეირანში თემოს უნდა შევხვედროდი, ვინც არ იცის – თემო (შესაძლოა იცნობთ როგორც norwayfan) ერთი “მოი ზნაკომი დრუგ”-ია… კი არა და ძმაკაცია ჯერ კიდევ იმ დროიდან ვეკუაში რომ ვსწავლობდი. როგორც თავად მახსენებს ხოლმე ბიოლოგიის გაკვეთილზე ვმჯდარვართ ერთ მერხზე. თუმცა ეგეთი ფაქტების მხრივ ცოტა გულმავიწყი ვარ ასე რომ უბრალოდ ვუჯერებ რომ ეგრე იყო. ხოდა ეს რა შუაშია… ირანს მივუბრუნდეთ.

საბიჰაში ინტერნეტი გავჩითე და გადამოწმების მიზნით თმოს გადავურეკე, დამაწყნარა გამოვდივარ და მალე შევხვდებითო.

საბიჰაში არაერთი მტანჯველი საათის გატარების შემდეგ მეღირსა და თეირანის რაისზე უგონოდ გავიშხლართე. შუა გზაშივე უკვე ისე გადავიღალე, რომ აღარაფრის თავი არ მქონდა. და საერთოდ ძალიან ბუნდოვნად მახსოვს როგორ ჩავაღწიე ირანს. ერთადერთი ემოცია რაც დამამახსოვრდა ის იყო რომ გავიფიქრე – ცოტა ხელმარცხნივ რაც მოჩანს ეს ხომ უკვე საქართველოა და რა უცნაურია რომ გვერდს ვუვლი და სხვაგან მივდივარ მეთქი.

დღე 1

ასე იყო თუ ისე, ხომეინის აეროპორტში დავეშვი. დიდი არაფერი ბედენაა, მოძველებული, ამორტიზირებული შენობაა რომელსაც ალბათ იმიტომ უდგას სული რომ რაც შეუძლიათ უვლიან. გარკვეული ჩამორჩენა დანარჩენ მსოფლიოსგან აეროპორტშივე ერთი თვალის შევლებითაც იგრძნობა, თუმცა ალბათ კიდევ კარგად არიან ამდენი ხნის ემბარგოს შემდეგ.

ზურგჩანთა მოვიკიდე, გასასვლელისაკენ გავეშურე და დილემის წინ დავდექი, თუ საით უნდა გამეგრძელებინა გზა. ჩემს წინ ორი ნიშანი იყო მარჯვნივ EXIT და მარცხნივ eVisa. იმაში ნამდვილად დარწმუნებული ვიყავი, რომ სტანდარტული ვიზა არ მჭირდებოდა და ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტებისა და თავის ტკივილის გარეშე შემეძლო ირანში შესვლა, თუმცა აზრზე არ ვიყავი ითვლებოდა თუ არა პასპორტში ჩასარტყმელი რაიმე ბეჭედი ან სტიკერი eVisa-დ, ამიტომაც მეც მარცხნივ გავუხვიე და გრძელი რიგის ბოლოში ამოვყავი თავი. რიგში რუმინელით დაწყებული და სამხრეთ კორეელებით დამთავრებული ახალგაზრდები ფუსფუსებდნენ. უმრავლესობა ახალგაზრდა თავგადასავლების მაძიებელი სტუდენტები იყვნენ. და ვაი ჩემი გაკვირვება, როდესაც აცრემლებული რუმინელი გოგო დავინახე… საცოდავი იმას ტიროდა რომ 75 ევრო “აახიეს” ვიზის ჩარტყმაზე და ახლა იმას ნერვიულობდა იმ ფულზე როგორ გასტანდა რაც დარჩა (ირანში შეგიძლიათ დაივიწყოთ თქვენი visa და ა.შ. ბარათები. იქ არაფერი მუშაობს. ფული იმდენი გაქვს რამდენიც ჯიბეში წინასწარ ჩაიდე). ამას მოჰყვა არაერთი სხვა სახემოღრეცილი ახალგაზრდა რომელთაც ანალოგიური შოკი მიიღეს “არასპრავედლივი” ფასების გამო ირანის ვიზაზე, და ეს ყველაფერი ავსტრალიელი ტურისტით დაგვირგვინდა, რომელსაც თუ არ ვცდები სულ მცირე 125 ევროს გადახდა მოუწია ვიზისათვის. საწყალი ტიპი ბრაზობდა, ხმაურობდა და დაუშვებელს ეძახდა ასეთ დისკრიმინაციულ ქმედებებს, მაგრამ რას გახდებოდა, რადგანაც უკვე ჩამოფრინდა ვიზა ასაღები იყო.

ამ სიტუაციის შემყურე მეც ცოტა დავიძაბე, მივხვდი რა რომ მეც შეზღუდული ბიუჯეტი მქონდა ჯიბეში და თუ სხვებივით არც თუ მცირე თანხის გადახდა მომიწევდა ჩემი ბიუჯეტი შესაძლოა თითქმის 20 პროცენტით შემცირებულიყო, თუმცა სხვა რა გზა იყო, მივადექი სალაროში მჯდომ შუა ხნის ირანელ მამაკაცს და დამტვრეული/იოლი სპარსულით ავუხსენი რომ ქართველი ვიყავი და არ ვიცოდი მჭირდებოდა თუ არა რაიმე ტიპის ვიზა… ჩემდა გასაკვირად არც მან იცოდა… რაღაც საქაღალდეებში დაიწყო ქექვა, მერე ერთი-ორ სხვა კოლეგას გასძახა, ისევ საქაღალდეებს მიუბრუნდა და როგორც იქნა ხელის ჟესტით მანიშნა წადიო, თან ხმამაღლა მომაძახა “ეეექსიტ!”. გახარებული, რომ კაპიკის გადახდაც კი არ მომიწია მივადექი “ეეექსიტ”-ს, სადაც სასაზღვრო კონტროლში ტიპმა კინაღამ გადამრია, რადგან ჩემთან ინგლისურად ლაპარაკი არ მოინდომა და ყველაფერს სპარსულად მეკითხებოდა. მე ხან პირღია ვუყურებდი, ხან კი რაც მესმოდა ვპასუხობდი (ან ვფიქრობდი რომ მესმოდა) … მოკლედ ეს “მასტი” თავის ჭკუაში კაიფობდა უცხოელის სპარსულზე, თვალები უციმციმებდა და ისე იცინოდა რომ ყურებამდე აღებდა პირს (თუმცა სასაცილო ნამდვილად არაფერი იყო). როგორც იქნა საზღვრის კვეთის ბეჭედი ჩამირტყა და ფოიეში გამოვედი.

ისე მეძინებოდა ნებისმიერ ადგილზე მივწვებოდი და გავითიშებოდი, მაგრამ იატაკი ცივი იყო (და საძილე ტომარა ამ მოგზაურობისთვის არ გამითვალისწინებია), სკამების უმრავლესობას კი სახელურები ჰქონდა შუაში, რაც შეუძლებელს ხდიდა წამოწოლას. თემოს რაისის ჩამოსვლამდე კი ჯერ კიდევ არაერთი საათი იყო დარჩენილი.

დროის მოკვლა დიდი პრობლემა აღმოჩნდა, არც გასართობი იყო ირგვლივ რაიმე და ვერც დასვენების საშუალებას მივაგენი. დავიწყე ზემოთ-ქვემოთ ბოდიალი. ჯერ ისევ ვყოყმანობდი მექირავა თუ რა მანქანა და გაქირავების პუნქტს მივადექი (სალაროში სიმპატიური ირანელი გოგო იჯდა), მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ვიზა ბარათები ირანში არ მუშაობს დეპოზიტის გადახდა მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით შეგიძლიაო (რაც რამოდენიმე ასეულ ევროს შეადგენდა) და მანქანის ქირაობის გეგმა მომენტალურად გაუქმდა.

მერე ვალუტის გადამცვლელ პუნქტს მივადექი, რათა თეირანში ჩასასვლელად ტაქსისთვის გადასახდელი ფული მქონოდა (მეტი ფულის გადახურდავებას აზრი არ ჰქონდა, რადგან მრავალგან წამეკითხა, რომ ოფიციალური კურსი ხელსაყრელი არაა და სჯობს ქალაქში გადაახურდავოთ, ოღონდაც არა ბანკებშიო) მეც ისე გაკვრით ვკითხე სანქციები თუ მოიხსნა საბანკო ბარათები რად არ მუშაობენ მეთქი და ჩაირთო ტიპი… ესო სულ „თქვენი“ ბრალიაო, თქვენს გამოა რომ ასე იზოლაციაში ვართო და ბლა-ბლა-ბლა… მეც თვალები ავუბრიალე და აქეთ შევუტიე, რას მიედ-მოედები, სანამ რაიმეს იტყვი ის მაინც გაიგე საიდან ვარ და საერთოდაც ეს შენი ემბარგოები შენს მთავრობას მოჰკითხე მეთქი… რომ გაიგო, რომ არც კარენნოი ევროპელი ვიყავი და არც ამერიკელი ჩაწყნარდა და ტკბილი საუბარი დაიწყო. მოკლედ ცოტა ტაქსის ფული ჩავიდე ჯიბეში და თემოს ლოდინი განვარგძე… ისე ცოტა ეძახეთ და იმდენი ფული გამოვიდა და თანაც იმდენი ნულებით, რომ თავგზა ამებნა.

ასე იყო თუ ისე არაერთი მტანჯველი საათის მერე თემოს სახემაც გამოანათა. არ ვიცი მე რა მეწერა სახეზე მარა მგონი მიხვდა რომ სულ მცირე დაღლილი ვიყავი. რამოდენიმე წუთში ტაქსში ვიჯექით და თეირანის ცენტრალური ვაგზლისაკენ მივქროდით. ირგვლივ კი სადამდეც თვალი გასწვდებოდა იყო ხრიოკი ტრამალი ლანდშაფტი… თავდაპირველად როდესაც ტაქსის ფასი გავიგეთ (თუ არ ვცდები 30 დოლარის ფარგლებში იყო) ცოტა ძვირი მოგვეჩვენა, მაგრამ მას მერე რაც ვნახეთ საიდან სად მივდიოდით და რამდენი ხანი, დავრწმუნდით რომ საწუწუნო არაფერი იყო. თეირანში მხოლოდ ვაგზლისაკენ მიმავალ გზაზე შევავლეთ თვალი ქუჩებს და ირგვლივ მოფუსფუსე ხალხს. საინტერესო იყო მაგრამ მოსაწონი ნაკლებად. ძირითადად მაინც ცხელი, მტვრიანი, უფერული ქალაქის შთაბეჭდილება დატოვა (გამწვანებაც შეიძლება ითქვას რომ თითქმის არსად ჩანდა).

ასე იყო თუ ისე ვაგზალსაც მივადექით, ირგვლივ აუარებელი ხალხი ირეოდა, ერთი ღრიანცელი იდგა, ამ ყველაფერს კი ის ემატებოდა რომ მათ რატომღაც პოლიცია დასდევდა (თანაც გარკვეული პერიოდულობით) და ვაგზლის წინ მდებარე მოედნიდან დევნიდა, წამოვიდოდა პოლიციის ტალღა, გაიქცეოდა ხალხი აყალ-მაყალით, მაგრამ მალევე ეს მასა უკენვე ბრუნდებოდა პირვანდელ პოზიციებზე. როგორც მერე მივხვდით პოლიცია გარე მოვაჭრეებს და ფულის გადამახურდავებელ ხალხს ერჩოდა, რომლებიც ფულის გაკეთების მიზნით ირეოდნენ ვაგზლის წინ (ალბათ ჩვენნაირი გზააბნეული ხალხის მოლოდინში).

ტაბლოზე ისჶაჰანისაკენ მიმავალი მატარებლის განრიგი ვიპოვეთ და ბილეთის ყიდვაც გადავწყვიტეთ, მაგრამ მალევე მივხვდით რომ ტაქსისათვის გადახურდავებული ფულიდან ბევრი არ გვქონდა შემორჩენილი (აუარებელი ნულებისდა მიუხედავად). საჭირო იყო ბიუჯეტის სათანადო შევსება რათა შემდეგი რამოდენიმე დღე ამაზე აღარ გვეფიქრა.

მივუბრუნდით მოედანს და ერთ ახალგაზრდა გამავალ ბიჭს ვკითხეთ ფულის გადახურდავება სად შეგვიძლიაო. მხრები აიჩეჩა და ირგვლივ დაიწყო ხალხისათვის გამოკითხვა თუ რას გვირჩევდნენ, თითქმის ყველამ ბანკში წასვლა გვირჩია… მაგრამ ვაი რომ ეს ბანკი თურმე არც თუ ისე ახლოს იყო, ისევ ტაქსი უნდა აგვეყვანა და სადღაც სხვა მიმართულებით წავსულიყავით (მატარებლის გამგზავრებამდე კი დიდი დრო არ რჩებოდა), ან მოვასწრებდით უკან დაბრუნებას და ან რა… მაგრამ ოი საოცრებავ ზემოთ აღნიშნული მორბენალი ხალხი აღმოჩნდა ჩვენი გადამრჩენი, რომ გაიგეს რაც გვინდოდა ალყა შემოგვარტყეს და გადახურდავება (აი გახსოვთ ადრე მომ იყო ჩვენს ვაგზალზე: ვიყიდი დოლარს, რუბლს!) შემოგვთავაზეს. თავდაპირველად ცოტა ეჭვის თვალით შევხედე ამ ყველაფერს – რა ვიცი, არ გაგვაცურონ მეთქი, მაგრამ სხვა რა გზა იყო გავუწოდე ფული, ტიპი მაშინვე მანქანას ამოეფარა, მიიხედ-მოიხედა (ალბათ პოლიციის პოზიციები გადაამოწმა) და ფულის დასტა გამოგვიწოდა, საკმაოდ კმაყოფილი ჩანდა. ერთი პერიოდი ისიც ვიფიქრე შემთხვევით რამე ყალბი ფული არ შემოგვტენოს მეთქი, მაგრამ არც მე ვიყავი მაგისი გამრჩევი, არც თემო და არც ბანკში წასასვლელი დრო გვქონდა.

აღმოჩნდა, რომ ასე ქუჩაში გადახურდავებული ვალუტა ძალიან დიდი მოგების მომტანია, რადგან ოფიციალურ კურსთან შედარებით ქუჩაშ ე.წ. „შავი“ კურსით გაცილებით მეტ ფულს შემოგთავაზებენ. შედეგად თითო ევროში 39 000 რიალის ნაცვლად შეიძლება 45-49 000 აიღოთ. მოკლედ გასათვალისწინებელი ფაქტია!

გახარებულებმა ბილეთები შევიძინეთ და ჩასასხდომად ჰოლისაკენ გავეშურეთ, იქ უარი გვტკიცეს, თქვენ უცხოელები ხართ ასე მარტო ბილეთით არ გამოვა თქვენი შეშვება, ჯერ პოლიციაში მიდითო. მივედით პოლიციასთან, ტიპებმა ატრიალეს-ატრიალეს პასპორტები, მარა ვერაფერი იპოვეს, დასვეს რაღაც ბეჭდები ბილეთებზე და ისევ უკან ჰოლში გამოგვიშვეს. ამჟამად, ბეჭედდასმულებმა, უპრობლემოდ გავიარეთ „სექჲურითი ჩექი“ და დავიწყეთ საჭირო ბაქანის ძიება. ერთგან ჩავედით – არა ეს არააო, მეორეგან გაგვიშვეს… მეორეგან მივედით – არა ეს არა ისააო. მოკლედ კაი ხანი აქეთ-იქეთ გვაბურთავეს, ბოლოს ვიღაც გამოვიჭირეთ და ძალით მივაყვანინეთ თავი მატარებლამდე, აღმოჩნდა რომ თავდაპირველად სწორ ბაქანზე ვიყავით და ტყუილად გაგვიშვეს სხვადასხვა მიმართულებებით (თურმე უბრალოდ ბაქნის თავში უნდა წავსულიყავით და სხვა არაფერი, სწორად იქ იდგა ჩვენი სუპერ-დუპერ მატარებელი) და დღემდე ვერ ვხვდები იმ ხალმა ეს არ იცოდა თუ ძალით გვაპამპულავებდნენ ბაქნებს შორის.

მოკლედ, შევედით… მატარებელი საკმაოდ ძველი იყო (კორეული, ყველგან კორეული წარწერებით მოკაზმული), თუმცა ეტყობოდა რომ ცდილობდნენ მის სუფთა და მუშა მდგომარეობაში შენარჩუნებას. ამ გარკვეული დროისაგან ჩამორჩენილობის გამო, რატომღაც სინანულის გრძნობა არ მტოვებდა. ჩანდა რომ ვერაა მთლად კარგად ირანის საქმეები. მოკლედ რამდენიმე ევროს ფასად ამ ძველი მატარებლის ე.წ. VIP კლასით ვიმგზავრეთ, კონდიცირებაც მუშაობდა, სავარძლების მორგებაც შეიძლებოდა და ამ ყველაფერთან ერთად ხელში დიდი ყუთებიც შემოგვაჩეჩეს, რომლებშიც, ტკბილეული, წვენები, თხილეული და ათასი სხვა სასუსნაო იყო ჩატენილი, დროდადრო კი ერთი ყმაწვილი ჩაისაც გვისხამდა ყველა მსურველს.

ისჶაჰანისაკენ მიმავალი სარკინიგზო გზა მართლაც რომ გრძელი აღმოჩნდა… რაც მე მანდ ვნახე სიზმარშიც არ მომივიდოდა გონს. იმის გამო, რომ ისჶაჰანი თეირანთან შედარებით მაღლობზე მდებარეობს მას მერე რაც მატარებელი ქალაქ ქაშანს გასცდება, მთებს შორის სულ აღმართში უწევს სიარული, მაგრამ მანქანისაგან განსხვავებით მას არ შეუძლია ამ „პადჲომებში“ ასვლა, რადგან მანქანის საბურავებისგან განსხვავებით მატარებლის ბორბლები ლიანდაგებზე სრიალს მცირე დახრილობის კუთხეზევე იწყებენ (თურმე ლიანდაგების სტანდარტული დახრილობა ზოგადად იშვიათად აღემატება 1%-ს, თუ დაგაინტერესებთ აი ეს ვიდეო ნახეთ – Why can’t trains go uphill? https://www.youtube.com/watch?v=KbUsKWbOqUU), ამ პრობლემისაგან თავის აცილება კი ხდება სწორი აღმართის ჩანაცვლებით ჩახვეული სერპანტინებით, შედეგად კი გზა სულ მცირე 2-3-ჯერ უფრო გრძელი და თავბრუდამხვევი ხდება. ვერც კი წარმოიდგენთ როგორი მურტალი გრძნობაა, როდესაც დაღლილი ხარ, გგონია რომ ცოტა გზა დაგრჩა და ხვდები რომ ჯერ ისევ ერთ-ერთ მოსახვევში ხარ, წინ წაწევის ნაცვლად უკან მიდიხარ და წინ კიდევ მრავალი ასეთი მოსახვევი გელის…

clip_image002

clip_image004

არმისული ისჶაჰანთან მატარებელი მცირე დროით შეჩერდა ერთ-ერთ გაჩერებაზე.ეს იყო გაჩერება არსად, არც დასახლება არც არაფერი, უბრალოდ ბაქანი უდაბნოში ხრიოკ მთებს შორის. მეც ვიფიქრე ამდენი ხანი ვაგონში ჯდომას გარეთ გავივლი მეთქი და გასასვლელისაკენ გავეშურე, კარი გავაღე და… სახეში ერთი მაგრად მოქნეული მუშტივით მომხვდა ენით აღუწერელი ჰაერის უუუუცხელესი მასა… მაშინ-ღა მივხვდი ,რატომ არ გადმოვიდა მატარებლიდან არც-ერთი მგზავრი… მოკლედ ორიოდე წუთი გავუუძელი, სანამ ხრიოკ არე-მარეს ვათვალიერებდი, ჩემი შემხედვარე თემოც გადმოვიდა ვაგონიდან, თუმცა ერთი მაგარი დაიღრიალა და ლანძღვა-გინებით ვაგონში შევარდნით უშველა თავს, სასაცილო სცენა იყო… მეც საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ამ ჯოჯოხეთში არაფერი იყო საინტერესო და ისევ ვაგონის სიგრილეს მივაშურე.

ისჶაჰანში ჩასულებმა გიორგის გადავურეკეთ. გიორგი „ზვიგენას ფერეიდნელი ქართველი ძმაკაცია, ქართველი მეუღლე ჰყავს და კაი ხანია საქართველოში ცხოვრობს. თუმცა ისე დაემთხვა, რომ ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში ეგეც იჶაჰანში იყო. მოკლედ დავუკავშირდით, მაგრამ შეხვედრა ცალკე გამოცდა აღმოჩნდა. მოკლედ, სპარსულად ცოტას ვმეტყველებ, თუმცა კითხვის აზრზე არ ვარ და როდესაც გიორგი გვეუბნებოდა ამა და ამ ადგილას ვარ ამა და ამ სასტუმროსა თუ მაღაზიის წინო, გონზე ვერ მოვდიოდით საით უნდა აგვეღო გეზი (ჩემთვის ყველა წარწერა მაინც ჩინური იყო), ანალოგიურად არც ჩვენი ნათქვამი იყო ბევრის მთქმელი გიორგისთვის, მოკლედ ქუჩის ერთ მცირე მონაკვეთზე (რომელიც ალბათ 100 მეტრზე მეტი არ იქნებოდა) ალბათ 20 წუთი დავსდევდით ერთმანეთს წრეებზე, ის ჩვენსკენ მოდიოდა, ჩვენ კი მისკენ და იყო ერთი გაუგებრობა (თან ამას ისიც ემატებოდა რომ სახეზეც არ ვიცნობდით ერთმანეთს) და აი ბოლოს როგორც იქნა შევხვდით!

ვილაპარაკეთ, სასტუმროც გვაპოვნინა (ცოტა ფასდაკლებაც გამოსტყუა) და ერთ მცირე რესტორანში ჩავჯექით. კარგად ვიბაასეთ, ათას თემას მივედ-მოვედეთ, ერებითა და მათი კულტურებით თუ რელიგიებით დაწყებული და საჭმელებით დამთავრებული და გვიანობის ჟამს ჩვენ-ჩვენ გზებზე დავიშალეთ. ჩვენც კარგ ხასიათზე ვიყავით და ჩვენი მუცლებიც. თემომ იმდენი ბრინჯი ჭამა, რომ მუცლის გარსშემოწირულობაც კი გაეზარდა . მალევე ტკბილად გავიშხლართეთ საწოლებზე რათა დამღლელი მგზავრობის შემდეგ ძალები მოგვეკრიბა, დილიდან ხომ ისჶაჰანი გველოდა.

TO BE CONTINUED