თავგადასავალი სპარსული – დღჱ იგი მეორე

კარგად გამოძინებულებმა გავიღვიძეთ. ჩვენი ოთახის უზარმაზარ აივანზე გასულს (უფრო კი ტერასა იყო) ცხვირწინ ასიოდე მეტრში ალავერდი-ხან უნდილაძის მიერ აშენებული 33 თაღიანი ხიდი შემომეფეთა.

DSC_6634-35_1

მოვწესრიგდით, სასადილოში ჩავედით, წავიხემსეთ, ბარგი მისაღებში დავუტოვეთ და დავიძარით ისჶაჰანის ცენტრალური ღირსშესანიშნაობისაკენ. ჩვენი მსვლელობაც სწორად  “ბედკრული” საქართველოს შვილის მიერ აგებული ხიდის გადავლით დავიწყეთ.

DSC_6636-38_1

გეზი შაჰ აბასის სასახლის – “ალი ყაფუ”-სკენ გვქონდა აღებული,  რომელიც თავისთავად იმ დიდი გალავნისებრი ნაგებობის ნაწილია, რომლის შიდა ეზოც ე.წ. “მაიდანე ნაყშე ჯაჰან”-ს ქმნის.

ზოგადად ისჶაჰანმა პირველივე შეხედვით საკმაოდ მოწესრიგებული, სუფთა და წყნარი ადგილის შთაბეჭდილება დატოვა. ირანის უკიდეგანო ხრიოკი მიწების ნახვის მერე, გაცილებით მეტად დააფასებთ ამ ქალაქის გამწვანებას. მდინარის გასწვრივ უხვადაა სკვერები, პარკები, უბრალოდ კარგად მოვლილი გაზონები და ამ ყველაფერს ის ემატება, რომ ისჶაჰანელები მთელი ოჯახობით გამოდიან ამ სიმწვანეში საპიკნიკოდ; მოკალათდებიან სადმე ხის ჩრდილის ქვეშ და ტკბილად (რაღაც მხრივ შესაშურადაც კი) ატარებენ დროს.

აქა იქ იშვიათად ტურისტებსაც კი მოჰკრავთ თვალს. თუმცა ზოგადად მაინც იშვიათია ირანში დასავლელი ტურისტების ნახვა, რადგან ყველას გარკვეული შიში აქვს ამ ქვეყანაში მოგზაურობისადმი. ამიტომაც ვისაც გადაეყრებით ძირითადად სწორად ის გამბედავი და “ძერზკი” ახალგაზრდობაა ვინც შთაბეჭდილებებისათვის ყველაფერზე მიდის. არის კი რაიმე საშიში ირანში? მე პირადად არა მგონია, ჩვენ არაფერი გარდაგვხვდენია თავს. ქვეყანა იმდენად მდორედ და წყნარად მიჰყვება დინებას (ყველგან ჯგუფ-ჯგუფად მოსიარულე სამხედროები და პოლიციაც რომ დავივიწყოთ) რომ რთულია წარმოიდგინო რაიმე ხიფათს გადაეყარო.

მოკლედ ამ შთაბეჭდილებათა ქვეშ მივუყვებოდით ქუჩებს. გზაში აქა-იქ მოზაიკებით მორთული შენობები გვხვდებოდა… ყველა ასეთ ადგილას შეხედვა მსურდა, თემო კი ჯერ მაინც დაძაბული მომდევდა და ერთიდაიგივეს გაიძახოდა “მგონი მანდ შესვლა არ ღირს”-ო. მე მაინც მივიწევდი და ვცდილობდი შიდა პანორამების გადაღბას. არავის არაფერი უთქვამს, არც სხვანაირად შემოუხედიათ.

DSC_6650

DSC_6658-60_1

გზაში კიდევ ერთ გამწვანებულ პარკს მივადექით, რომლის შუაგულშიც ულამაზესი სასახლე  იდგა (ჰაშთ ბეჰეშთ-ი ჰრქმეია). თუმცა სამწუხაროდ ვერც ლამაზი სურათების გადაღება მოვახერხე და ვერც შიგნით შესვლა, რადგან რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა.

ნაყშე ჯაჰან-საც მალევე მივადექით, ესაა საკმაოდ დიდი ზომის მოედანი, რომელიც გალავნისებრი დერეფნებიანი კედლითაა (თუ გნებავთ სასახლე დაარქვით) შემოსაზღვრული. ერთ მხარეს კარიბჭეა, მის მოპირდაპირედ აბბას-ის დიდი მეჩეთი, ხოლო გრძივ კედლებში ერთ მხარეს ისევ მეჩეთია, მეორე მხარეს კი ზემოთ ხსენებული სასახლე ალი-ყაფუ. გალავნის კედლებში მთელს სიგრძეზე დერეფნებია, მაღაზიებით ორივე მხარეს. ანუ ბაზარია, აი იმდაგვარი, როგორც სტამბულში ან იერუსალიმში. თუმცა მასშტაბებიც სულ სხვაა, არც ხალხის სიმრავლე შეიმჩნევა და არც დიდი ფულის ტრიალი.

DSC_6666-69_1

შესასვლელი აბბასის მეჩეთში

DSC_6676

ალი-ყაფუ

მოედანს თვალი შევავლეთ და თავად ალი-ყაფუ-ში შესვლაც გადავწყვიტეთ. დღესდღეისობით ის მუზეუმია და შესვლაც შესაბამისად ფასიანია, მაგრამ ნეტავ იცოდეთ ჩვენი გაბრაზება, როდესაც ვნახეთ, რომ ფასი უცხოელთათვის (თუ სწორად მახსოვს) თითქმის 20-ჯერ აღემატებოდა სტანდარტულ “ირანულ” ფასს. ამ ბუზღუნში სალაროსთან გერმანელი ტურისტი შემოგვიერთდა… მანაც ჩვენსავით უკმაყოფილება გამოხატა და ჩვენდა გასაკვირად 2 ბილეთი იყიდა, ერთი თავისთვის (ძვირიანი), ერთიც კი გიდი-სათვის, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ღმერთმა იცის სად გამოქექა. ეს ახალგაზრდა ირანელი ბიჭი (“გიდი”) პირველივე შეხედვით ძლაინ უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რბილად რომ ვთქვათ ცოტა დაქნეული იყო. თუმცა ეს ჩვენი პრობლემა არ იყო… ბილეთები ვიყიდეთ, აუდიო გიდებიც ავიღეთ (აი ყოველ ოთახში რომ გიყვება მის შესახებ ისტორიულ ფაქტებს) და სასახლის ზედა სართუკლებისაკენ მიმავალ ჩახვეულ კიბეებს ავუყევით.

დღევანდელი სტანდარტებით არაფერი აღმაფრთოვანებელი არაა, თუმცა თუ ოდნავ მაინც შეეცდებით ამ ყველაფერს იმ თვალებით შეხედოთ, რომლითაც მას საუკუნეების წინ შეჰყურებდნენ, მიხვდებით რომ საკმაოდ შთამბეჭდავი უნდა ყოფილიყო.

სასახლის კიბეებს რომ მიუყვებით, რაც უფრო მაღლა ადიხართ, მით უფრო ლამაზი და მდიდრულია ოთახები/დარბაზები. სულ ზემოთ, აივნიდან მოედნის ხედი იშლება.

DSC_6702-06_1

ხედი ალი-ყაფუ-ს აივნიდან

საინტერესოა, რომ ამ აივნის შუაში განლაგებულია უზარმაზარი აუზი, რომელშც როგორც ჩანს, ოდესღაც შაჰ აბასი დაცურავდა და კაიფობდა… ზემოდან ამ აივნის აუზს, ირანის მწვავე მზისაგან საჩრდილობლად მასიური მოზაიკით მორთული ჭერი ფარავს.

DSC_6701

სასახლის შიგნით კი განსაცვიფრებელი, ფუღუროებიანი კედლებითა და ჭერით მორთული დარბაზებია. როგორც ჩანს, ამ სიცარიელეებით მისმა შემქმნელებმა დარბაზს განსაკუთრებული აკუსტიკა შესძინეს. იმ ძველ დროს სწორად აქ ხდებოდა დაკვრა და ცეკვა-თამაში.

DSC_6743-46_1

მოკლედ სასახლე მოვიარეთ… გამოვედით და ისჶაჰანის ქუჩებშ სეირნობა დავიწყეთ. თანაც შიმშლიც ნელ-ნელა გვახსენებდა თავს. სად არ შევიხედეთ, მაგრამ სასურველს ვერაფერს მივაგნეთ. თან უცნაური ისაა, რომ ამხელა ქალაქებშიც კი ძალზედ მცირე რაოდენობის რესტორნებია. მრავლადაა street-food-ი, თუმცა რესტორნის მიგნება დიდ პრობლემას წარმოადგენს (და ეს პრობლემა სხვა ქალაქებშიც მრავალჯერ ვიწვნიეთ). ძიებით დაღლილებმა ხელი ჩავიქნიეთ და გადავწყვიტეთ სადმე სტანდარტული (ევროპულ ყაიდაზე შემწვარი) ქათმის ფრთებისათვის მაინც მიგვეკვლია, ანუ KFC-ს მსგავსი ფასტ-ფუდ რესტორნისათვის. ზოგადად ირანში არაა არც McDonalds-ი და არც სხვა მსგავსი რესტორნები, თუმცა მიაგნებთ არაერთ მათ იმიტაციას, სადაც იმავე ტიპის საჭმელს გთავაზობენ და მათი სახელებიც ხშირად ერთ-ასო-გამოცვლილია. ასე, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ მივაგნიეთ თუ სწორად მახსოვს IFC-ს (Isfahan Fried Chicken-ს).

პირველად აი აქ შევეჩეხე გაურკვევლობას ფულთან მიმართებაში. საქმე იმაშია, რომ ირანული რიალი იმდენად სუსტი ვალუტაა, რომ ფასებს ათასებში, ათიათასებში და ასიათასებშიც კი წააწყდებით. მაგრამ ამ ფასების მიწერის სტანდარტიც ყველგან განსხვავებულია, თუ ოფიციალურ დაწესებულებებში (ბანკი, რკინიგზის სადგური, ავიაბილეთების სააგენტო) ფასს ძირითადად რიალებში წერენ, ყველა სხვა ადგილებში ფასები ხან რიალებშია ხან კი თომანებში (თომანი 10 რიალია). შესაბამისად როდესაც ამ აურაცხელი ნულებით დაბოლოვებულ ფასს უყურებ, ძალიან დამაბნეველია გამოიცნო ამდენი ათასი რიალია გადასახდელი თუ თომანი… და მაშინ როდესაც სპარსული კითხვა არ შეგიძლია ხვდები, რომ კარგია, რომ ცოტა სალაპარაკო ენა მაინც იცი.

მოკლედ “ბებაღშიდ, ყეიმათეშ ჩანდ ე?” (უკაცრავად, რა ღირს?) და სხვა სტანდარტული ფრაზები ბევრგან გამომადგა :). ფასის კითხვა, ცოტა ვაჭრობა, თვლა, გზის გაკვლევა, მოწონებისა თუ დაწუნების გამოხატვა და ა.შ. ასე თუ ისე წინასწარ ვისწავლე და მივხვდი, რომ მართლაც რომ კარგი მიქნია.

დღის მეორე ნახევარი ისჶაჰანის ჰუჩებში ბოდიალს მოვანდომეთ და ბოლოს გადავწყვიტეთ ფერეიდნისაკენ აგვეღო გეზი.

DSC_6762-63_1

სასტუმროში დავბრუნდით, რათა იქ დატოვებული ზურგჩანთები აგვეღო და თან ამავდროულად დიდ გზაზე წასვლის წინ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისათვისაც მიგვეხედა. საქმე იმაშია, რომ  ირანში (როგორც სხვა მუსულმანურ ქვეყნებში) ერთადერთი სადაც ჩვენთვის მისაღებ – “ნორმალურ” ტუალეტს წააწყდებით ეს სასტუმროებია. ყველა სხვა შემთხვევაში ეს იქნება ე.წ. თურქული ტუალეტი, სადაც არის კოკა, “კრუშკა” ან შლანგი! ხოდა ხელებიც დაგვიბანია… კი არა და სხვა რაღაც… (ისე თუკი ირანში მოგზაურობას დააპირებთ ქაღალდი მუდამ თან ატარეთ) ამიტომაც ჩემთვის და თემოსთვის სასტუმრო იყო ის შეუცვლელი შუქურა სადაც გარანტირებულად გველოდა დღის ევროპული დასრულება! 🙂 .

მოკლედ ერთი ცოტა უხერხული, თუმცა მაგრამ ამავდროულად სასაცილო რამ უნდა მოგიყვეთ. ვდგავარ სასტუმროს  მისაღებში ზურგჩანთებთნ ერთად და ველოდები თემოს საპირფარეშოდან გამოსვლას. თემო გამოვიდა, მარა დიდი თვალებით და თან მეუბნება “იქ არ შეხვიდე!”…. ვახ, მე ვთქვი რა ხდება? რად არ უნდა შევიდე? დავიჯერო ეგეთი რა სჭირდა მუცელზე რომ ასეთი წაშლილი სახით გამოდის?! მარა, მეც მჭირდებოდა დიდი გზის წინ დაზღვეულად ყოფნა და შევედი… ვაი! აღმოჩნდა, რომ უნიტაზს რაღაც პრობლემა აქვს და წყალი თითქმის პირთამდეა ავსებული… ვფიქრობ სადაცაა და გადმოვა… მარა აღმოჩნდა, რომ გვერდზევე მეორე ევროპული/უნიტაზიანი ტუალეტიც ყოფილა და მეც იქ შევაბიჯე. გამოვდივარ… ვაწვები ღილაკს და… ივსება და ივსება! წყალი არსად გასვლას არ აპირებს… გასკდა გული! აღარ ვიცი რა გავაკეთო… ერთიც ღრმად ჩავისუნთქე “ამის დედაც!” – მეთქი და რაღაც საოცრების მოლოდინში კიდევ ერთხელ დავაწექი ღილაკს… წყალმა კვლავინდებურად მატება განაგრძო… არ უნდა გასვლა… ამოვიდა უფრო მაღლა და! როცა მეგონა რომ ყველაფერი ცუდადაა – ბაც! და მთელი წყალი ერთიანად სულ ტრიალ-ტრიალით თხრიალით გაიწოვა…

ანუ ახლა რაში ყოფილა საქმე (რა ვიცი ვის როდის გამოგადგეთ)… თურმე მრავალ ირანულ უნიტაზს აქვს სხვა სახის მოქმედების პრინციპი (რაც მერე სხვაგანაც ვნახე). მაშინ როდესაც ჩვენთან წყალი მუდამ გამდინარეა, ირანულ უნიტაზებში, როგორც ჩანს, რაღაც სარქველი იხსნება და თანაც მხოლოდ წყლის გარკვეულ დონეზე ასვლის შემდგომ. შესაბამისად თუ “ბაჩოკიდან” წყალი ბოლომდე არ ჩაცალეთ, წყალი არსადაც არ გავა. აუცილებელია ღილაკის ბოლომდე დაჭერა, რათა წყალი იმ დონეზე ავიდეს, რომ სარქველი გაიხსნას და ჩაირეცხოს. მოკლედ, მეც მაგარი სტრესგადატანილი და თვალებგაფართოვებული გამოვედი თემოსთან. თუმცა საბედნიეროდ საბოლოოდ მაინც მშვიდობით დავტოვეთ სასტუმრო.

ქუჩაში გასულებმა ერთი კარგად ვიცინეთ, სული მოვითქვით და გზას გავუდექით. ერთადერთი რაც მიახლოვებით ვიცოდით ეს იყო სადგურის სახელი, საიდანაც ფერეიდანის მიმართულებით წესით ავტობუსები უნდა ყოფილიყო. თუმცა პაპანაქება სიცხეში ხეტიალის მერე იქამდე მისვლის თავი ნამდვილად აღარ გვქონდა. შესაბამისად ტაქსი გავაჩერეთ, დანიშნულება ვუთხარით და… დავიძარით?! არა, ეგრე ადვილადაც არაა საქმე…

დავიძარით, თუმცა არა მარტო ჩვენ და არც მაშნვე… ტაქსში კიდევ 2 სხვა მგზავრი დაგვხვდა. თურმე, მოსული “პონტია”, რომ ტაქსი ხანდახან “ბოლო-ღა და გავდივართ!” სისტემით მუშაობს. გაავსებს მძღოლი მანქანას ერთ მხარეს მიმავალი მგზავრებით და მხოლოდ მას მერე იძვრება. ხოდა, ამ ტაქსში რათქმაუნდა დაგვიწყეს გამოკითხვა ვინ ვიყავით და საიდან. ავუხსენით ქართველები ვართო და… დაიქოქა ტიპი (ერთ-ერთი მგზავრი) ხო კაიაო საქართველოო, მარა თუ იცით, რომ ეგ ირანი იყო ადრეო, ირანის ნაწილი იყო და რუსეთმა წაგვართვაო… მოკლედ ვუყურებ ამ ტიპს და ვფიქრობ – ვუთხრა ახლა რამე ცუდი თუ… მოკლედ ნერვები მოვთოკე და რაც შემეძლო (ჩემი სპარსულით) წყნარად ვუთხარი არაა ეგრე საქმე მეთქი.

მოკლედ ამ გეოპოლიტიკური დისკუსიების თანხლებით მივადექით ისფაჰანის ოკრიბას 🙂 და ვაი ჩვენს იმედგაცრუებას, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ხსენებული სადგურიდან არანაირი ავტობუსები ფერეიდნის მიმართულებით არ გადიოდნენ… გადაგვამისამართეს სულ სხვა მხარეს. ტაქსისტები ისევ ბუზებივით გვეხვეოდნენ და ცდილობდნენ ჩვენს დათრევას. ზოგადად ტაქსისტები ირანში ძალიან რთული მოსაშრებელი ხალხია, არ ესმით არც “არა” და არც არაფერი სხვა.

ისე ამ ტაქსისტებზე გამახსენდა – თემო მუდამ სიცილით იხეოდა როცა ტაქსისტების მოშორებას ვცდილობდი. საქმე იმაშა რომ სპარსულად “არა, გმადლობთ” არის – “ნა, მერსი”, ხოდა მეც ასეთი კულტურული ფრაზებით ვცდილობდი მათ მოშორებას, მაგრამ თემოს მუდამ ესმოდა “No mercy!” ანუ – пощады не будет!/დანდობა არ იქნება!/არ დაგინდობთ! მოკლედ იფხრიწებოდა ხოლმე სიცილით…

ფერეიდანს მივუბრუნდეთ. სხვა რა გზა გვქონდა, ცოტაოდენი ფიქრისა და სიტუაციის აწონ-დაწონვის მერე, ისევ ჩავჯექით ერთ-ერთ ტაქსში და მეორე სადგურისაკენ გავეშურეთ. ისჶაჰანში დარჩენა არანაირად არ გვინდოდა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიგვეღწია ფერეიდნამდე!

ასე მივედით მეორე სადგურზე და… ეგ ავტობუსი დღეს არ იქნება, დღის პირველ ნახევარში უკვე წავიდაო… დავრჩით ხახამშრალები. ისევ გადავერთე სპარსულზე (ინგლისური არავინ იცოდა) და დავიწყე გარკვევა რა ალტერნატივები გვქონდა ფერეიდანში ჩასაღწევად… ტურისტების უნახავ პერსონალს კი ჩვენი იქ ყოფნა და ლაპარაკი ისევე ახალისებდა, როგორც იშვიათი ცხოველების ნახვა ცირკში ან ზოოპარკში… ხო უცხო ხილი კი არა, მართლაც რომ უცხო ცხოველები ვიყავით მათთვის… ყოვლად უაზროდ იცინოდნენ, ხარხარებდნენ ეს ყველაფერი მოთმინების ფიალას ნელნელა მივსებდა (თემო კი უკვე ცოფებს ყრიდა)… ჩვენი გაჭირვებაც გვყოფნიდა და ახლა კიდე ამათი ყოვლად უადგილო კაიფი და ღადაობა… მოკლედ ასე იყო თუ ისე, ერთ ერთმა მოახერხა და ვიღაც ნაცნობი ტაქსისტი გამოიძახა, რომელიც დათანხმდა ამ შორ გზაზე ჩვენს წაყვანას.

შეტანხმებული თანხა გადავიხადეთ, ბარგის ადგილი მივუჩინეთ და თუ სწორად მახსოვს აწყვეტილი სიჩქარით მთელი 3,5 საათი მივქროდით ჶერეიდუნშაჰრ-ისკაენ მიმავალ გზაზე.

შებინდების დრო ახლოვდებოდა როდესაც ჶერეიდუნშარის შესესვლელშვე ჩამოვედით ტაქსიდან და ფეხით გავუყევით მთავარ ქუჩას. გული უცნაურად მიცემდა, რაღაც სჲურეალისტურობა ახლდა ჩვენს იქ ყოფნას; ირგვლივ ყველგან ქართული წარწერები იყო. იგრძნობოდა რომ ირანში კი ხარ, მაგრამ თან არ ხარ ირანში და ეს რაღაც სხვა სამყაროა. მთებში ჩკარგული პატარა საქართველო, რომელმაც ქართული სული დღემდე მოიტანა. არ ვიცოდით სად მივდიოდით და ვისთან, მივაბიჯებდით ქუჩაში და პირზე ღიმილითა და გაფართოებული თვალებით ვკითხოლობდით ყველა აბრას. ზოგში გრამატიკული შეცდომაც ერია, ზოგი მთლად გამართულად არ ეწერა, მაგრამ რაც მათავარია ეწერა.

ამ სიარულში ქალაქის შუაგულსაც გავცდით, და უკვე იმაზე ფიქრი დავიწყეთ რა უნდა მოგვემოქმედა და სად დავრჩენილიყავით, როდესაც ჩემს წინ გზაზე ერთი მანქანა გაჩერდა (შიგ 2 ახალგაზრდა ბიჭი იჯდა, ერეკლე/მოჰსენ მიქელანი და იმედა გუგუნაშვილი), სპარსულად მომესალმნენ, მეც ასევე მივუგე, მერე რეღაც ისეთი მკითხეს რაზეც ისევ სპარსულად ვუპასუხე… ბიჭს მომღიმარი სახე მოეღუშა… ამ დროს ოდნავ მოშორებით მდგომმა თემომ ღაღაც გამომძახა და მეც ქართულად გავძახე პასუხი… ეს იყო და ახალგაზრდას მოღუშლ სახეს ისვ ნათელი მოეფინა და ქართულად მკითხა “ქართველები ხართ?”. კი მეთქი, მივუგე და მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი რა ხდებოდა. როდესაც ქუჩაში შეგვამჩნიეს, გაეხარდათ – ქართველები ვიპოვეთო, თუმცა ჩემი სპარსული პასუხებიდან გამომდინარე იფიქრეს – ნეტა რას ვაჩერებდით, ვიღაც ირანელები ყოფილანო… რამაც რათქმაუნდა თავდაპირველი სიხარული გულჩთხრობით შეუცვალა. თუმცა თემოს ჩართულობამ მიახვედრა, რომ თავიდანვე სწორად გამოუცნიათ და ნამდვილად ქართველებს გადაგვეყარნენ.

მოკლედ ჩაგვსვეს მანქანაში და გვაგრიალეს ჶერეიდუნშარის ქუჩებიში, ავედით მოალემ პარკიში, შევხვდით მათ არაერთ მეგობარს. ერეკლემ სახლში გადარეკა და მოახსენა ქართველები მომყავს მოემზადეთო და ასე ამოვყავით თავი მიქელაძეებთან.

DSC_6794-PANO

ჶერეიდუნშარის მოალემ პარკი ღამით

ბევრი ვისაუბრეთ, მრავალ ახალგაზრდას შევხვდით, ზოგს რა აინტერესებდა ზოგს რა… ჩვენც დიდი სიამოვნებთ ვპასუხობდით როგორც შეგვეძლო.

 

ისე ფერეიდნელებს ძალიან თვისებური კილო აქვთ შემონახული, მრავალ წინადედებას ბოლოშ “ყე”-ს ამატებენ – “წახვალ ყე”, “მოიტან ყე” და ა.შ. ასევე გამოიყენება “-ჩი” და არა “-ში” ანუ იძახიან საქართველო-ჩი, ირან-ჩი. ან მაგალითად – ჩონი და ადა ჩვენი… მოკლედ ძალიან საინტერესო და გულისამაჩუყებელია ეს ყველაფერი. თუმცა, რადგან ამ ცვლილებებს თან ახლავს მრავალი სპარსული სიტყვის ჩართვა და თავად სპარსული  აქცენტის დიდი ზეგავლენა, საკმაოდ რთულია ასაკოვან ხალხთან ლაპარაკი, მაშინ როდესაც ახალაზრდების გაგება (რომლებსაც მეტი შეხება აქვთ საქართველოსთან ინტერნეტის მეშვეობით) გაცილებით ადვილია. მახსოვს მიქელაძეებთან სახლში მისულებს ერეკლეს მამის ლაპარაკს ძალზედ რთულად ვიგებდი, და რომ არა ახალგაზრდების “თარჯიმნობა” ალბათ კომუნიკაცია ძალიან რთული იქნებოდა. ისე კი საინტერესოა, რომ ქალები გაცილებით გასაგებად ლაპარაკობენ, თუმცა ნაკლებსაც. მახსოვს ერეკლეს მამის კითხვამ “ყატორით ჩამოხველ ყე?” ძალიან დამაბნია… ეს “ყე” კი ვიცოდი რომ დიდს არაფერს ცვლის, მარა აი ყატორი რა იყო ვერ მივხვდი… აღმოჩნდა რომ მატარებელი ყოფილა.

იმ საღამოს, ბევრი სიარულისა და მგზავრობისაგან დაღლილებმა, თავად ფერეიდანში ბევრი ვერ მოვასწარით. როგორც ავღნიშნე, უბრალოდ ცოტა ქალაქში ვიარეთ, შევხვდით ერეკლესა და იმედას მეგობრებს და დღის ბოლოს სახლში სპარსულ ყაიდაზე – ხალიჩაზე გაშლილ სუფრასთან ვისადილეთ. რათქმაუნდა ძირითადი კერძი ბრინჯია სხვადასხვა დანამატებით. სამწურახო ისაა, რომ საერთოდ არ აქვთ შემონახული ქართული სამზარეულო. ფერეიდნელების საკვები ისეთივეა როგორც ყველა სხვა საშუალო ირანელისა, და თანაც ყველაფერი – როგორც ძირითადი კერძები, ასევე მაგალითად პური, სუნელები რომელთაც იყენებენ, თუ რა ვიცი კიდევ რა. საჭმელს დიდი სიამოვნებით აყოლებენ დოს (სასმელს), ოღონდ იმ დოში არ აგერიოთ კარაქის დღვების მერე რაც რჩება; დო კეფირისებრი სასმელია, აი თურქული აირანის ანალოგი. საქართველოში ასეთ დო-სა და მითუმეტეს მის შეჭამანდს ალბათ ვეღარსად ნახავთ, იქ კი ჯერ ისევ შემორჩნილა (იქედან გამომდინარე, რომ ზოგადად ძალზედ მიღებულია ირანში).

ხოდა, სუფრას მივუბრუნდეთ. საინტერესო ისაა, რომ რატომღაც ყველას გაუკვირდა ის, როცა სუფრის წინ მათსავით მოვკალათდი (შაჰ-აბასივით ფეხებგადაჯვარედინებული)… ის კი არა და რამდენჯერმე გამიმეორეს – პირველად ვხედავთ საქართველოდან ჩამოსულ ადამიანს ვისაც ასე ჩვენსავით ჯდომა შეუძლიაო. ისე კი, თემო მართლა ვერ ჯდებოდა… ხან ღიპი მოიმიზეზა – მიშლისო, ხან რა და ხან რა. ისე, კი არ იჯდა ხოლმე, უფრო გვერდულად მხართეძოზე წამოგორებას ჰგავდა მისი პოზები 🙂

მოკლედ ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გარემოში ამოვყავით თავი. მომავალი დილიდან კი წინ ფერეიდანის უკეთ გაცნობა გველოდა.

Explore posts in the same categories: Uncategorized

2 Comments on “თავგადასავალი სპარსული – დღჱ იგი მეორე”


  1. მოუთმენლად ველოდები შემდეგ დღეს…
    იმედია 2019 წლის იანვარში არ იქნება ამ დღის აღწერილობა 😀


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s


%d bloggers like this: