ჩემი Pi-რველი პოსტი

Posted დეკემბერი 15, 2009 ავტორი tmchedlishvili
კატეგორიები: Uncategorized

ალბათ ბლოგების წერა უსაქმურობამ იცის, ან შეიძლება ბევრი სულაც იმიტომ პოსტავს ახალ-ახალ თემებს რომ საქმე კი აქვს, მაგრამ მისი გაკეთება უბრალოდ არ უნდა. ამიტომაც პოსტის წერა კარგი გამოსავალია, ზიხარ, დრო გაგყავს და შენს თავსაც არწმუნებ, რომ დაკავებული ხარ და ამიტომ ჯერ არ გაქვს დრო იმ საქმეს მიხედო რომელიც სინამდვილეში უფრო მნიშვნელოვანია, თანაც თუკი წერა დაიწყე შუა გზაში ხომ არ მიატოვებ…

მეც ახლა ასეთ განწყობაზე ვარ, ხვალ საავიაციო ძრავების თერმოდინამიკასა და აეროდინამიკაში გამოცდა მაქვს, მაგრამ ისე მეზარება წიგნის ხელში აღება და უამრავი ფორმულის დამახსოვრება, რომ ნებისმიერ საქმეს მოვკიდებ ხელს ოღონდაც ამ ენტროპია-ენტალპიებით გაძეძგილი ფორმულების სწავლას თავი დავაღწიო.

სწორად ამიტომ გამახსენდა, რომ ოდესღაც წარსულში wordpress-ზე დავრეგისტრირდი (ეს მაშინ, როცა ფიზიკოსთა კლუბისათვის ბლოგის გაკეთებას ვგეგმავდი), დავიწყებული პასვორდის “რექავერი” გავაკეთე, “დავლოგინდი”  და სატაურად მივაწერე – “ჩემი პირველი პოსტი”… მაგრამ რაღაც არ მომეწონა, კი არის პირველი მაგრამ მერე რა მეთქი? და “პირველი” – “Pi-რველი”-თ შევცვალე 🙂 ერთი ხელის მოსმით პოსტის თემაც გამოიკვეთა, როგოც ჩანს “π”-ზე უნდა დამეწერა რაიმე და სტანდარტული სათაურიც შეიცვალა.

π-ს პირველი ნაწილი 3,14 ყველამ იცის, აი შემდგომი რამოდენიმე ციფრის მიწერაც ალბათ ბევრს არ გაგიჭირდებათ, მაგრამ იცოდით რომ ზოგიერთი გადარეული მის არა თუ 10 ან 20 ციფრს იმახსოვრებს, ათასობით ციფრი იცის! დღესდრეობით π-ს ცოდნის ჩემპიონი ვიღაც იაპონელია სახელად ხიროჲოკი გოტუ, ალბათ ამ უბედურსაც ეზარებოდა ნამდვილი საქმის კეთება (და ალბათ არც ბლოგი ჰქონდა) და საქმე გამონახა… მოკლედ 42 000 ციფრი დაიმახსოვრა და რეკორდსმენთა სიაში მოხვდა. ამ დაზეპირების ფაქტმა ისევ გამოცდა გამახსენა და ისევ ცუდ ხასათხე დავდექი. ოხ ეს π-ჟონი π-დარასტი ფრანგები, რა ცუდ დროს ნიშნავენ გამოცდებს მეთქი დავიწყე ფიქრი! (არა და თსუ-შიც დეკემბრის ბოლოს იყო გამოცდები, მაგრამ მანდ სხვა მუღამი ჰქონდა)

დროის გაყვანის მიზნით ხან სენდვიჩი გავიკეთე, ხან ჩაი ავადუღე, ხან ყავა, პარალელურად ყოველ 5 წუთში რამოდენიმე იმეილს ისეთი გულმოდგინებით ვამოწმებდი ბევრ მდივანს შეშურდებოდა და მაინც იმ დასკვნამდე მივედი, რომ აჯობებს სანამ ჩაჭრა ავირტყი ავიღო ეს საშინელი ფრანგული ინგლისურით ნაწერი წიგნი (რომელიც ალბათ მხოლოდ ჩაქუჩის მაგივრობას თუ გაგიწევს, თავისი წონსდა გამო) და შევძლო ამოვიცნო რომელი სასმელის ზემოქმედების ქვეშ იყო მუსიე ალან კარე როცა ამ წიგნს წერდა. ვიმედოვნებ 42 000 ციფრის დამახსოვრებას მაინც უნდა სჯობდეს, სხვა თუ არაფერი ფრანგულ-ინგლისური ნაზავის მაგრალიტებს ამოვწერ და შემდგომში თქვენც გაგიზიარებთ.