Posted tagged ‘ენა’

ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ

აპრილი 28, 2016

სანამ დაიწყებდეთ: სურათებისათვის მაპატიეთ, ვიცი, რომ ჩვეულებრივ კარგად არ ჩანს, მაგრამ თუ “დააზუმებთ” შეძლებთ ყველარფის კარგად დანახვას.

ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ მრავალი იდეა თუ ჰიპოთზა არსებობს. ზოგი მისაღებად ჟღერს ზოგიც აბსურდულად. ჩემი ამ პოსტის მიზანი ისაა, რომ შევეცადო ობიექტურად გამოვხატო ჩემი (და არა მარტო ჩემი) უბრალო და შეძლებისდაგვარად დასაბუთებული იდეა მაინც საიდან მოვიდა ქართული დამწერლობა, ვისი ან რისი გავლენა შეიძლება ამოვიკითხოთ მის ფორმებში და ასევე შევეცადო ამოვიცნო მიახლოვებითი დრო როდესაც ის უნდა შექმნილიყო. ქვემოთ წარმოდგენილი იდეები დიდი ხანია რაც არსებობბენ, თუმცა სამწუხაროდ კვლევებს რომლებიც თითოეული ასო-ნიშნის დეტალურ ანალიზის წარმოგვიდგენდა ვერსად მივაკვლიე. შესაბამისად გადავწყვიტე ამ იდეების ხორცშესხმა ამ პოსტში მომეხდინა.

ამ ანალიზისათვის უპირველეს ყოვლისა საჭიროა ძველი ანბანებზე (და საუკუნეების მანძილზე მათ ევოლუციაზე) დაკვირვება და მათში სხვადასხვა დროს გამოყენებულ ასო-ნიშანთა ფორმების შესწავლა. სწორად ამ შედარებითმა/კომპარატიულმა დაკვირვებამ შესაძლოა მიგვიყვანოს ქართული ანბანის ასო-ნიშანთა ამომავალი წყაროების დადგენამდე (მცდელობის დონეზე მაინც).

უპირველეს ყოვლისა საჭიროა დავადგინოთ (გავფილტროთ) თუ რომელ ანბანურ სისტემების ბაზაზე შეიძლება შექმნილიყო ქართული ანბანი. თუ იმ დროის (ჩვენს წელთაღრიცხვამდე) სოციო-პოლიტიკურ მდგომარეობას და რუკას შევხედავთ, ნათელია რომ ქართველურ ტომებს ძირითადად კავშირები ჰქონოდათ ახლოაღმოსავლეთის ხალხებთან, სპარსეთთან და საბეძნეთთან.

იმ დროისათვის ამ ხალხებში გავრცელებული ანბანების სია არც თუ ისე დიდია, საჭიროა ფინიკიური, არამეული და ბერძნული წერითი სისტემების განხილვა (გვახსოვდეს რომ თავად არამეულიც და ბერძნულიც ფინიკური ანბანიდან წარმოიშვნენ).

ქვემოთ მოყვანილ სურათზე ნაჩვენებია არამეული ანბანის ევოლუცია ფინიკიურიდან და მოიცავს ეპოქას ჩწ აღრიცხვამდე 750-დან 350 წლებს.5506931400_d2f8f5ede4_bსპარსული ანბანის ევოლუცია ნაჩვენებია ქვემოთ მოყვანილ სურათზე5506335553_c18de9edbf_bდა საბოლოოდ სემიტური ანბანის (პირველი კოლონა) შედარება სხვადასხვა ბერძნულ ფორმებთან (იმ დროისათვის საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქ-სახელმწიფოებში ხშირი იყო ანბანის მცირედ განსხვავებული სხვადასხვა ვერსიების გამოყენება). ბერძნულ ანბანში აღსანიშნავია ის ფაქტი რომ სემიტური ანბანზე გადასვლიდან საბერძნეთში მალევე მოხდა წერის მიმართულების ცვლილება (სემიტური მარჯვნიდან-მარცხნივ შეიცვალა ჩვენთვის “ნორმალური” მიმართულებად) და შესაბამისად ბეძნული ანბანი თავისი არსებობის უდიდესი დროის განმავლობაში სწორად სემიტური ანბანის სარკისებულ ანარეკლს წარმოადგენდა (რაც ჩვენი შედარებითი კვლევისათვის საკმაოდ მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგენს).chart_gre_anc_alphabets_cities_1369x1301_trქართული (ასომთავრული) ანბანი თავისი მოხაზულობით საკმაოდ სტრუქტურირებულ წერით სისტემას წარმოადგენს. ასოები თითქოს ინჟინრული გადაწყვეტილებით შეძლებისდაგვარად კვადრატში იწერაბა და ძირითადად რკალების (წრეწირის ნაწილების) და ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზებით ჩაიწერება (ასო ჯ/-ს გამოკლებით რომელიც დაცერავებული ხაზების მეშვეობით ჩიწერება). ასოების უმრავლესობას გაჰყვება სწორი ჰორიზონტალური ზედა ან ქვედა ხაზი (ზედა ხაზიანი ასოებია: Ⴀ, Ⴂ, Ⴃ, Ⴄ, Ⴅ, Ⴆ, Ⴈ, Ⴊ, Ⴋ, Ⴌ, Ⴎ, Ⴏ, Ⴟ, Ⴠ, და ქვედა ხაზიანი: Ⴁ, Ⴂ, Ⴒ, Ⴞ). ამ ტიპის მოხაზულობრვ სტრუქტურირებას ზოგი მკვლევარი მონუმენტალიზაცია-ს უწოდებს, და ის მრავალ სხვა ანბანშიც შეინიშნება. მაგალითისათვის ქვემოთ ნაჩვენებია ჰინდისა და მონგოლურის მოხაზულობა.

 download  download.png

ანუ, ქართული ანბანის შემქმნელს გარკვეულად (სუბიექტური თუ ობიექტური ესთეთიკიდან ან რაიმე სხვა მიზნებიდან გამომდინარე) სურდა ასოებისათვის გარკვეული სტრუქტურის მიცემა, ან შესაძლოა მას უბრალოდ სურდა მოხაზულობათა ისე შეცვლა რომ ორიგინალთან ასოცირება გაერთულებინა. ასეა თუ ისე პრინციპი რომლითაც ხელმძღვანელობდა ის ადამიანი უცხო ანბანის ასოების გადმოღებისას (თუ ეს ნამდვილად მოხდა) ქართული ანბანის შესაქმნელად საკმაოდ ნათლად დაიკვირვება.

აღსანიშნავია რომ ამ ჰორიზონტალური ხაზების დამატება (რაც ხან ამომავალი ასო-ნიშნის გასწორებული ნაწილია ხან კი შემდგომ დამატებული) აღენიშნება სწორად რომ არამეული ანბანიდან შესძლო გადმოტანილ ასოთა უმრავლესობას (დაწვრილებით იხილე ქვემოთ). ხოლო ანბანის “ნამდვილ”ქართული ნაწილში (ბოლო 13 ასო) ეს ხაზები მხოლოდ ორად-ორ ასოზე შეინიშნება ესაა ჯ, Ⴟ და ჰ, Ⴠ.

შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ამ ბოლო ასოების ისედაც ორიგინალური ქართული წარმოშობის გამო არ არსებობდა მათი დამატებითი შენიღბვისა და ცვლილების საჭიროება, რამაც მათი “უთავხაზიანობა” განაპირობა. მათი სხვა ანბანიდან გადმოტანას სხვა თუ არაფერი სხვა ანბანებში ქართულ ბგერებთნ შესაბამისობების არარსებობა განაპირობებდა, და უნდოდა თუ არა ანბანის შემქმნელს ამ უხვი თნხმოვნებისათვის მას მაინც მოუწვდა ახალ ასო-ნიშნების შექმნა. ხოლო “მითვისებულ” ასოების უმრავლესობამ ეს ცვლილებები განიცადა, 21 ფინიკიურ-არამეული წყობის შესაბამის ქართულ ასოებში 14 “ხაზიანია”.

როგორც ზემოთ მოყვანილ სურათებში ჩანს ფინიკიურმა და არამეულმა ანბანებმა განვითარების საკმაოდ დიდი გზა გაიარეს და ასო-ნიშანთა მოხაზულობები საუკუნეთა განმავლობაში შესამჩნევად იცვლებოდნენ. სწორად ამ საუკუნეთა მდიდარ ბაზაში (და არა მხოლოდ ერთ გარკვეულ დროს გამოყენებად ანბანის ვარიაციაში) შესაძლოა ამა თუ იმ ასოს იმ მოხაზულობათა პოვნა რომლებიც ქართული ანბანის შესწავლისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს.

ქვემოთ მოყვანილ დეტალურ შედარებებში სხვა ანბანებიდან ამოკრეფილი ასოების სწორად ის ვარიანტებია ნაჩვენები, რომლებიც ობიექტური ეჭვის თუ განსჯის საფუძვლებს გვაძლევენ.

A.PNG

0bprujxilmfi

Ⴀ / ა  – მიმართულებიდან გამომდინარე მისი საწყისი უნდა ყოფილიყო ფინიკიური ან არამეული “ალეჶ”-ი. თანამკვეთი ხაზი ზემოთ (ჰორიზონტალურ მდგომარეობაში) იქნა გადატანილი, რკალი კი თითქმის უცვლელი დარჩა. ბერძნული ალფა უკვე სარკისებულადაა არეკლილი და ქართულ ან-ს ვერ მოგვცემდა.

B.PNG

v05ixiliyxg0

Ⴁ / ბ – ისევ გვაქვს თანხვედრა ფინიკიური ან არამეული “ბეთ”-თან, რომელსაც დამატებით ქვედა ნაწილში ჰორიზონტალური ხაზი დაერთო. ბერძნული ბეტა უკვე არეკლილია (და მალევე მეორე რკალსაც იძენს).

G.PNG

qo6mxilisl56

Ⴂ / გ – ანალოგიურად გვაქვს თანხვედრა ფინიკიური ან არამეული “გიმელ”-თან, რომელსაც დამატებით ქვედა ნაწილში ჰორიზონტალური ხაზი დაერთო. ბერძნული გამაც ამ ეპოქისათვის უკვე არეკლილია.

D.PNG

r2f7xilis3yx

Ⴃ / დ – ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამომავალი ასო-ნიშანი ნებისმიერი შეძლება ყოფილიყო (ბერძნული სამკუთხა დელტას ჩათვლით), თუმცა პატარა კუდი, რომელზეც შემდგომ ჰორიზონტალური ხაზი დაემატა მხოლოდ ფინიკიურ და არამეულ “დალეთ”-ს აღენიშნება. შესაბამისად მეტად სავარაუდოა რომ სწორად ფინიკიური ან არამეული ფორმა იყო საწყისი.

E.PNG

hecbcotxilhp

Ⴄ / ე – ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქართული ე-ს არამეულობა დამატებით მტკიცებულებას არ საჭიროებს, ასოების მოხაზულობები ზუსტად ემთხვევიან ერთმანეთს (ეფსილონი არეკლილიცაა და ხაზების სიჭარბეც შენარჩუნებულია).

V.PNG

kchjnxiliy2w

Ⴅ / ვ – ამ შემთხვევაშიც ზუსტი არჩვანის გაკეთება მცირე სირთულეს წარმოადგენს, რადგანაც ქართული ვ თითქმის ერთნაირი ალბათობით შესაძლოა მიგვეღო როგორც ფინიკიურ-არამეული “ვავ”-ისგან, ასევე ბერძნული დიგამმა-დან. თუმცა ჩემი აზრით “ვავ”-ის ერთი ტოტის ჩამოწევა უფრო შესძლოდ მეჩვენება ვიდრე დიგამმა-ს ძალით მორგება.

Z.PNG

cvjxilifxf4g

Ⴆ / ზ – ქართული ზ პირდაპირაა დაკოპირებული არამეულიდან, იმ განსხვავებით, რომ ქვედა მომრგვალებული ნაწილი დახურულია, ზედა ხაზი კი ჰორიზონტალურად გასწორებული.

Ei.PNG

ivdexilk6y8t

Ⴡ / ჱ – ამ შემთხვევაშიც ორი შესაძლო კანდიდატი გვყავს, არამეული და ბერძნული. თუმცა არამეული ნიშნის გვერდითი ხაზის ქართული ანალოგივით დახრა გვაფიქრებინებს, რომ სწორად ის უნდა ყოფილიყო ქართული ჱ-ს წყარო.

Th.PNG

wifxiliuw04m

Ⴇ / თ – ქართული თ-სავით”კუდანი” წრეწირი მხოლოდ არემეულში გვხვდება, ბერძნულ თეტას კი არანაირი ნაშვერი არ აქვს, ვფიქრობ წყარო აქაც არამეულის მხარეზეა.

I.PNG

huc4axilazhh

Ⴈ / ი – აქაც ორი ვარიანტია შესაძლებელი, ან არამეული კუთხოვანი “იოდ”-ი გაასწორეს, ან ბეძნულ იოტას მიამატეს ჰორიზონტალური ხაზი. წინა ასოებიდან გამომდინარე ალბათ პირველი ვარიანტი უფროა შესაძლებელი.

K.PNG

l3xilisefgqa

Ⴉ / კ -აქ ქართული კ ისევ ფინიკიურ და არამეულ “კაფ”-თან ამჟღავნებს მსგავსებას. როგორც ჩანს მცირე სამკუთხედი დაამრგვალეს და სიმეტრიულობისათვის მარცხენა მხარეს ხაზი წაამატეს.

L.PNG

dgtchxil0qv6

Ⴊ / ლ – აქაც (ზ-ს ანალოგიურად) მოხდა ფინიკიურ-არამეულ “ლამედ”-ზე ჰორიზონტალური ხაზის დამატება და ქვედა რკალის სრული დახურვა.

M.PNG

bc9xilimvf1s

Ⴋ / მ – ქართული მ ფინიკიურ-არამეული “მემ”-ის გამარტივებული ვარიანტია, კერძოდ ზედა ტალღოვანი ნაწილი ჰორიზონტალურ ხაზად აქციეს, ხოლო ქვედა რკალი ანალოგიურად სრულ წრედ შეკრეს.

N.PNG

ct4ylxil0x8l

Ⴌ / ნ – ისევ და ისევ ქართული ნ მიღებულია ფინიკიურ-არამეულ “ნუნ”-ის დახრილი ხაზების გასწორებითა და ზედა ჰორიზონტალური ხაზის დამატებით.

Iota.PNG

tepxilmz1uqq

Ⴢ / ჲ – ეს ცოტა საკამათო ასოა, რადგან, ერთი შეხედვით, ქართული მრგვალი იოტა ნაკლებად თუ წააგავს ფინიკიურ “სამეხ”-ს ან ბერძნულ ქსი-ს, თუმცა მისი არამეული ჩაწერის ერთ-ერთი ვარიანტის “გასუქებითა” და დამრგვალებით ისევ შესაძლოა ასომთავრული იოტას მიღება.

O.PNG

jnhw0xil43tv

Ⴍ / ო – ეს კონკრეტული ასო შესაძლოა ნებისმიერი ანბანიდან ყოფილიყო კოპირებული, ერთადერთი ცვლილება რაც მან განიცადა მცირე კუდის მიმატებაა.

P.PNG

081xilis3ujk

Ⴎ / პ – საკმაოდ საინტერესოა პ-ს წარმოშობის პრინციპი. ის ფინიკიურ-არემეული “პე”-ს ამობრუნებული ვერსიაა რომელსაც ისევ და ისევ ჰორიზონტალური ხაზი დაურთეს. მაინც რამ განაპირობა მისი ამობრუნება? ალბათ იმან რომ ის (თუ არა ეს მობრუნება) უკვე ჰგავდა Ⴈ ასოს, ხოლო დამატებითი ხაზის დამატება Ⴂ-ს დაამსგავსებდა, შესაბამისად, ერთი გამოსავალი მისი ამობრუნება იყო, რაც გააკეთეს კიდევაც.

Zh.PNG

wo42spxilps8

Ⴏ / ჟ – ჟ სხვა არაფერია თუ არა ფინიკიური “შადე” რომელსაც დაკლაკნილი ნაწილი მაღლა აუწიეს და როგორც სხვა მრავალ ასო-ნიშანზე ჰორიზონტალური გახადეს.

R.PNG

fxilisvqmn33

Ⴐ / რ – ეს კონკრეტული ასო თავისი ჩაუკეტავი “ტოტებით” ისევ არამეულ ასო “რეშ”-ს (და არა რო-ს) წააგავს, თუმცა სიზუსტით იმის დადგენა თუ როგორ მოაბრუნეს და დაამრგვალეს მისი ხაზები მცირე სირთულეს წარმოადგენს.

S.PNG

drpvxil8apnf

Ⴑ / ს – ანალოგიური სირთულე ახლავს ასო “ს”-ს წარმოშობის დადგენას რადგან ის შესაძლოა მიღებულიყო როგორც ფინიკიური “შინ”-ის ან ბერძნული სიგმას ცალი მხარის გასწორებით, ასევე არამეული ასოდან “ზედმეტი” ხაზის ამოშლით. ეს ალბათ საკამათო საკითხია.

T.PNG

n8j5xil0houb

Ⴒ / ტ – აქაც უკვე ნაცნობ ილეთს ვხვდებით არამეული “თავ”-ის გამოყენებით, რკალი აქაც ბოლომდე ჩაამრგვალეს და დახურეს, ცარიელ ბოლოსკენ კი ისევ ჰორიზონტალური ხაზია მიმატებული.

U F X.PNG

შემდგომი სამი ასო-ნიშანი პირდაპირაა დაკოპირებული ბერძნული ანბანიდან (სემიტურ ანბანებში მათ შესაბამისობები არ გააჩნიათ). ასოთა სახეცვლილება მინიმალურია და მსგავსების დადგენა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.

Last.PNG

ანბანის დასასრულს გვხვდება მისი მეტ-ნაკლებად “ქართული” ნაწილი. რომელშიც უკვე ისევ ბერძნული გავლენა ამოიკითხება. კონკრეტულად არქაული ასო სამპი (რომელიც რიცხობრივად 900-ს აღნიშნავდა) წააგავს ქართულ შ-ს რომელსაც იგივე რიცხვითი მნიშვნელობა გააჩნია. და რათქმაუნდა ანბანის ბოლო ასო “ოუ” – რომელიც ბერძნული ომეგას მაგალითითაა დამატებული.

აქვე დაიბადება კითხვა რა ვუყოთ მსგავსებებს ასომთვრულსა და სომხურს შორის (და ეს მაშინ როდესაც ერთიდაიგივე ასობგერებზეა ლაპარაკი)?

ა – Ա მობრუნებულ და არეკლილ Ⴀ-ს წააგავს

ბ – Բ არეკლილ Ⴁ-ს

ზ – Զ ამობრუნებულ Ⴆ-ს

ლ – Լ მუცელგახსნილ Ⴊ-ს

ც – Ծ შეკრულ Ⴚ-ს

კ – Կ დაუხურავ Ⴉ-ს

ძ – Ձ ჩახვეულ Ⴛ-ს

ს – Ս – წაგრძელებულ Ⴑ-ს

უ/ვ – Ւ – მობრუნებული Ⴣ-ს წარმოადგენს

ფ – Փ კი Ⴔ-ს ზუსტი კოპიოა

საქმე იმაშია, რომ როგორც ზემოთ შევეცადე მეჩვენებინა ქართული ასოების უმრავლესობა არქაულ ანბანების ასო-ნიშნებს უკავშირდება. და უბრალო მაგრამ “კონსისტენტური” მეთოდების გამოყენებით თვალნათლივ და ადვილად შგვიძლია ქართული ანბანის საწყისი მწკრივის არამეული ანალოგიდან მიღბა, რაც სრულიად არ დაიკვირვება სომხურთან მიმართებაში. ამასთანავე ძირითადი ალგორითმი (რომელიც ასოთა უმრავლესობის შესაქმნელად გამოიყენება) საკმაოდ მარტივია:

  • თითქმის ვერტიკალური ხაზები მკაცრად ვერტიკალურად სწორდება
  • არსებული ასოს ჰორიზონტალური  ხაზები ნარჩუნდება, დახრილობის შემთხვებაში კი ასევე მკაცრად ჰორიზონტალურად სწორდება (Ⴀ, Ⴄ, Ⴅ, Ⴈ, Ⴋ, Ⴏ, )
  • საჭიროებისას (ძირითადად ჰორიზონტალური ხაზის არარსებობის შემთხვევაში) ის ემატება თავისუფალ მხარეს, შესაბამისად ან ზედა ან ქვედა ნაწილში (Ⴁ, Ⴂ, Ⴊ, Ⴌ, Ⴎ, Ⴒ)
  • თუ ასოს დამახასიათებელი ნიშნები ცენტრშია თავმოყრილი და არა ზედა ან ქვედა ნაწილში (მაგალითისათვის Ⴡ, Ⴇ, Ⴉ, Ⴢ, Ⴍ, Ⴐ,Ⴣ) მას ჰორიზონტალური  ხაზები არ ემატება.
  • და ბოლოს რკალების ან შეკრული წირების უმეტესობა უფრო მრგვალდება ან საერთოდ წრეწირად იკვრება და  (Ⴃ, Ⴆ, Ⴉ, Ⴊ, Ⴋ, Ⴢ, Ⴒ)

ასე რომ გვაქვს უფლება ობიექტურობის ფარგლებში მაინც ვივარაუდოთ, რომ ქართული ანბანის საწყისი მწკრივი  არემეულის “შელამაზებული” და სტრუქტურაში მოყვანილი ვარიანტია. ის, რომ მწკრივის ქართულ ნაწილში ეს ალგორითმი არ მუშაობს (Ⴟ და Ⴠ ასოების გამოკლებით, რომლებიც მრავალთათვის ცალკე თემაა თვისი საკრალურობისა და ანბანის დაამთავრებელი ნიშნების გამო), ცხადჰყოფს რომ ეს შელამაზება და სახეცვლილება მხოლოდ უცხოთაგან გადმოღბული ასო-ნიშნებს სჭირდებოდათ, ქართულ ნაწილში კი სრული თავისუფლებით შეასრულეს საქმე.

ასევე ადვილი სავარაუდოა რომ ისევე როგორც ჩვენ გავაქართულეთ არამეული ანბანი მაშტოცსაც მოუვიდოდა ანალოგიური აზრები, შესაბამისად გარკვეულ მსგავსებებს ვხედავთ ამ ანბანებს შორის.

ახლა კი მოდით ანბანის შექმნის დათარიღბა ვცადოთ, პირადად მე ყოვლად წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ქართული ანბანი ახალი წელთაღრიცხვით 3-4 საუკუნეში შექმნილიყო, უბრალოდ იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7-5 საუკუნეებში არსებულ ანბანის მსგავსია. თუკი სულ თავში მოყვანილ სურათებს დაუბრუნდებით, თვალნათლივ დაინახავთ, რომ მომდევნო ეპოქაში არამეულმა ასოებმა ძლიერ იცვალეს მოხაზულობა და არა თუ რთული არამედ თითქმის შეუძლებელია ზემოთ ნაჩვენები კავშირის აღდგენა მომდევნო ეპოქებში გამოყევებული ასოების ბაზაზე.

ხოლო თუკი მაინც განვიხილავთ იმის შესაძლებლობას რომ ქართული ანბანი საქართველოს გაქრისტიანებისას შეიქმნა ისევ პრობლემას ვაწყდებით, სრულიად დაუჯერებელია რომ 4 საუკუნეში ვინმეს ბაზად აეღო ანბანი (ჩვენთვის საჭირო ეპოქიდან) რომელიც 8 საუკუნით, ანუ თითქმის ათასწლეულითაა, დაშრებული გაქრისტიანების ან თუ გინდ დავუძახოთ მაშტოცის ეპოქას. რთული დასაჯერებელია რომ ვინმეს 7-8-9 საუკუნის წინანდელი დოკუმენტები/ნაწერები ჰქონოდა.

იმისდა მიუხედავად რომ ბევრი ასო ნიშანი ძვ. წელთაღრიცხვის 8 საუკუნის ფინიკიურსაც ემთხვევა, ჩვენთვის საინტერესო ვარიანტები არამეული  ანბანის ნიშნებისა (რომლებიც სრულად ემთხვევიან ქართულ ანალოგებს)  ჩვენს წელთაღრიცხვამდე 600-450 წლებში გვხვდება. ამასთანავე თავად სემიტური ანბანის გაგძელება ბერძნული მოდელით ისევ მიგვანიშნებს, რომ ალბათ ისევ უნდა ვივარაუდოთ ძვ. წელთაღრიცხვის 6-5 საუკუნე. საბოლოოდ, ნათლია რომ ქართული ანბანის შექმნის თარიღად უნდა ვეძებოთ ეპოქა ამ ორივე წყაროს თანაკვეთის შემდგომ 0-2 საუკუნის განმავლობაში (როდესაც წერის ეს სისტემები გამოყენებაში იყო ან ჯერ კიდევ არსებობდა მათი ისტორიული მეხსიერება), რასაც ალბათ ძვ. წელთაღრიცხვის 5-3 საუკუნეში მივყავართ.

კიდევ მრავალი რამის დაწერა შეიძლება მაგრამ დღისათვის სულ ეს იყოს, სიტყვა ისედაც გამიგრძელდა 🙂

 

ნამდვილი ქართული საკვები

ივლისი 25, 2014

ისევ და ისევ ვისაც გსურთ ტვინი უნდა გაგიბურღოთ ტოტაოდენი ვაი-ეტიმოლოგიური კვლევებით და კიდევ ერთხელ მინდა გული გაგიხეთქოთ სიტყვათა არც თუ ისე მცირე სიით ძირძველი ქართული რომ გვგონია სინამდვილეში კი სულ სხვა წარმომავლობა რომ აქვს. ამჟამად ხილის თუ ბოსტნეულის დასახელებებს შემოგთავაზებთ და ზოგ შემთხვევაში ყოვლად ნათელ ხან კი წარმოშობის შესაძლო ვერსიებს წარმოგიდგენთ.

მოდით ჯერ ქლიავებსა და მისი მსგასვ ხილის სახელებს შევხედოთ. თურმე ნუ იტყვით და სპარსულად آلو (âlu) – ქლიავს ნიშნავს და ნახეთ ხილის რამდენ ნაირსახეობას აქვს ამასთან პირდაირი კავშირი:

ალიბუხარი – (ალუ-ბუხარა) სპარსულია და ნიშნავს ბუხარა-ს ქლიავს

ალუბალი – آلبالو (âlbâlu) სპარსულადაც იგივეა

ალუჩაآلوﭼﻪ (ālūča), სპარსულია და იგივე ალუ-ს კნინობითი ფორმაა ანუ ქლიავუნა. ამ სიტყვის გადმოღებამდე თურმე შუშტყემალი ერქვა.

ბალი – ძველ სპარსულადაც ასევე იწოდება بالو (bâlu), დღესდღეობით კი სხვა სიტყვა უფროა ხმარებაში.

გარგარ() – زردآلو (zard-âlu) სიტყვა სიტყვით ყვითელი ქლიავი სავსებით შესაძლებელია ასეთი ცვლილებებით შემოსულიყო ქართულში: ჟარდალუ – ჯარდალ – გარგალი, თუმცა თავს ვერ დავდებ 🙂

მაგრამ გარდა ამისა აღმოჩნდა სხვა ქლიავებიც ძალზედ საინტერესო სახელებს ატარებენ, აი მაგალითად:

დამასხი – ბერძნულიდანაა Δαμασκηνιά (დამასკენია) და ნიშნავს დამასკოურ-ს, ძველი ქართული სახელი კი კაკჳნარი ყოფილა

რენკლოდი – ბევრი ლენკროტად რომ მოიხსენიებს ფრანგულია Reine Claude (ღენ კლოდ) და ნიშნავს დედოფალ კლოდს/კლაუდიას რომლის პატივსაცემადაც დაარქვეს ამ ხილს სახელი.

ამ ყველაფრის მერე ნამდვილად არ ვიცი სადაურია სიტყვა ტყემალი, რადგან მისი ეს ალი/ალუ დაბოლოება ძალიან ჰგავს სპარსულ ალუ-ს და ტყემ-ალი სავსებით შესაძლებელია ტყის ქლიავს ნიშნავდეს.

მოდით ისევ სპარსული სიტყვებით გავაგრძელოთ

ბადრიჯანი – بادنگان (bâdengân) ბადენჯან

ბრინჯი – برنج (berenj) ბერენჯ

გულაბი (მსხლის ერთ-ერთი ნაირსახეობა) – სხვა არაფერია თუ არა گلابی (golâbi) რომელიც სპარსულში უბრალოდ მსხალს ნიშნავს

დასტამბო – دستمبو (dastambw) დასტამბუ, ძველ ქართულად ძალიან საყვარელი სახელი ჰქონია – პუმპულა

ზეითუნი – ისევ და ისევ სპარსულია زیتون (zeytun) რომელიც თავის მხრივ მათთან არაბულიდან შევიდა زيتون (zaytūn)

თუთა – შესაძლოა ესეც სპარსულიდან იყოს შემოსული توت (tut) თუმცა თავად სპარსულში ვარაუდობენ არამეულიდან შესულიყო ܬܘܬܐ / תותא (tuta)

ისპანახი – اسفناج (esfenâj) ესფანახ, რომელიც თავის მხრივ ძველ ბერძნულიდანა ნასესხები σπάναξ (spanax)

ლიმონი – ნუ ეს ისედაც ცხადია, რომ არაა ქართული სიტყვა და ევროპული ენებიდან გადმოვიდა, თავად ევროპაში თურქეთიდან შევიდა لیمون (limun), ხოლო თურქულში ისევ და ისევ სპარსულიდან لیمو (limu)

ლობიო – რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ არც ესაა ქართული სიტყვა, მაგალითისთვის არაბულად ჰქვია لوبيا (luubiyaa), სპარსულად لوبیا (lôbiyâ), ხოლო ამოსავალი ამ ორივესთვის იყო ძველ-ბერძნული λόβια (lóbia)

მუხუდო – نخود (noxod)

ნიგოზი – სპარსული სიყვა گوز (gôz)-იდანაა ნაწარმოები რაც ასევე ნიგოზს ნიშნავს

პილპილი – სპარსული پلپل (pelpel)

ტარხუნა – ან სომხურიდან թարխուն (tʿarxun) ან სპარსულიდანაა ترخون (tarxun) ნასესხები, მათ კი თავის მხრივ ეს სიტყვა არაბულიდან აიღეს طرخون (ṭarxūn)

უნაბი – სპარსული عناب (‘anâb / ჷნაბ)

ძირა – სპარსული زیره (ziːˈɾæ)

ჭვავი – ძალზედ ჰგავს თურქულ ან სპარსულ Çavdar-ს, რაც სპარსულად ნიშნავს ხორბალში გაზრდილს, თავად جو (jow/ჯოვ/ჭოვ) კი ქერსა და მარცვალს ნიშნავს, ანუ პრაქტიკულად იგივეა.

ხურმა – სპარსულად თავად ხურმა خرما (xurmā) ფინიკს ნიშნავს აი ხორმალუ خرمالو (khormâlu) (სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ კი ფინიკ-ქლიავა) კი იგივე ხურმა ანუ კარალიოკია

ცოტა თურქულიც შევურიოთ:

ყაბაყი – ან აზერბაიჯანულიდან qabaq ან თურქულიდანაა kabak / kabağı გადმოღებული

ცერეცო – ამან კი მართლა გამაკვირვა, ჟღერადობით ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი თუ ქართული არ იყო, თურმე მოდის თურქული dereotu, tereotu (ტერეოტუ-თერეოთუ-ცერეცო) და სიტყვასიტყვით ნიშნავს დატოტვილ ბალახს

ხო კარგით, სულ რომ არ წაგიხდეთ გუნება ამდენი სპარსულით ახლა ცოტა ბერძნულ დასახელებებსაც შევხედოთ

არაქისი – (იგივე მიწის თხილი) რათქმაუნდა არაქართულია – ἀράχιδνα (არახიდნა)

გოგრა – ეს ცოტა მარჩიელობის საგანია მაგრამ შესაძლოა ბერძნულიდან იყოს რადგან ძველ ბერძნულში γογγύλος (gogúlos, გოგულოს) მრგვალს ნიშნავს და გოგრის ლათინური სახელი Cucur/bita, Gugur/bita სწორად ძველი ბერძნული გოგულოს-იდანაა. თუმცა აქ ანალოგიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაშინ ქართული გორგოლა-ც ანალოგიურ (მრგვალის) მნიშვნელობას ატარებს და იქნებ სულაც ოდესღაც ქართულიდან შევიდა ძველ ბერძნულში

დაფნა – δάφνη (dáphnē)

პრასი – πράσο (práso)

რეჰანი – აგრეთვე ბერძნულია ρίγανη (rígani), სხვა ენებში კი ძველ-ბერძნული ვერსია უფროა გავრცელებული ὀρίγανον (origanon). ძველად შაშპრა, შაშკვლა და შაშპრა -ს ეძახდნენ. ახლანდელი შაშკვლავი ცოტა სხვა მცენარეა.

სტაფილო – ასევე ძველი ბერძნულიდანაა Σταφυλῖνος (stafelinos)

ფინიკი – ეს დასახელებაც რათქმაუნდა ბერძნულიდანაა შემოსული Φοῖνιξ (Phoîniks)

მოდით ახლა ჩვენს მეზობელ სომხეთისკენ გადავინაცვლოთ

ბოლოკი – բողկ (bołk) – ბოლოკია, ხოლო მისი ერთ ერთი სხვა ვერსია բողկուկ (bołkuk) ნიშნავს როგორც ბოლოკს ასევე ახლად ამოსულ რქებს

თალგამი – თურმე არც ესაა ქართული სიტყვა და სომხურის გავლით շաղգամ (šałgam) სპარსულიდან شلغم (šalğam) აგვიღია. შალღამ – შალგამ – ჩალგამ – თალგამ

ოსპი – ასევე შესაძლოა სომხურის გავლით შემოსულიყო ქართულში ոսպ (osp), თავის მხრივ კი თავდაპირველად ბერძნულია όσπιο / Όσπρια (óspio / ოსპია) და ზოგადად პარკოსნებს აღნიშნავს

ქინძი – ესეც ძველად შემოსული სომხური სიტყვაა գինձ (ginj)

ღანძილი – ანალოგიურად სომხური სიტყვაა ղանձիլ (ღანძილ) ძველად კი ჯიშკილა რქმევია

ჭერამი – ძველ-სომხური ծիրան წირან-იდან მოდის და თურმე საქართველოს ზოგ კუთხეში დღესაც ამ თავდაპირველი სახით მოიხსენიებენ.

ბოლოსათვის ასევე საინტერესო ლათინურიდან წარმოშობილ სიტყვებს შევხედოთ

კარტოფილი – ზოგადად ეს სიტყვა გერმანულიდანაა გავრცელებული Kartoffel, რომელიც თავის მხრივ იტალიური tartuficolo-ს დამახინჯებული ვერსიაა, რომელიც თავად ლათინური terrae tuber-ის სახეცვლილებაა და ტრიუფელს ნიშნავს.

კიტრი – შესაძლოა ასევე ლათინური citriolum / citrius –იდან იყოს შემოსული, იტალიურშიც ანალოგიური სახელი აქვს cetriolo

კომბოსტო – აქ ისედაც ცხადია, რომ იგივე წარმოშობა აქვს რაც ინგლისურ Cabbage, ფრანგულ Cabocce, თუ სლავურ Kapusta-ს. აი ძველად კი კეჟერა და ხვიტი რქმევია (კონკრეტულად ხვიტი ზუსტად ისაა რომელიც თავს იხვევს)

ნუში – არ ვიცი ეს რამდენად დემთხვევის ამბავია, მაგრამ ლათინურში nux da გერმანულშიც nuss თხილეულობის ზოგადი სახელია, იქნება ეს კაკალი, თხილი თუ თავად ნუში.

სორგო – იგივე „ცოცხი“ ამ მცენარის ლათინური სახელიდანა გადმოღებული sorghum რომელიც იტალიურიდან sorgo იქნა აღებული

ბოლოსათვის რამოდენიმე საინტერესო სიტყვა შემოვინახე.

თურმე ფეიხოას სახელი ერთ ერთი ბოტანიკოის, კონკრეტულად კი João da Silva Feijó-ს საპატივსაცემოდ დაარქვეს.

თურმე არც პიტნა ყოფილა ქართული სიტყვა და ჩრდილო ინდოეთში, პაკისტანში ა.შ. პიტნას რომელიც ჩაის დასაყნებლად და საჭმელში დასამატებლად იყენებენ ჰქვია Pudina /pudīna/ ან Putina, და ალბათ სპარსეთის გავლით შემოვიდა ქართულში.

ჩემთვის ძალზე საინტერესოა სიმინდის სახელი, არ ვიცი დამთხვევაა თუ არა მაგრამ ამ მცენარის სახელი რამოდენიმე ენაში უცნაურად შეიცავს ინდიფუძეს, კერძოდ ირლანდიურში ჰქვია arbhar Indiach (ანუ ინდური რაღაც arbhar-ი) კატალანურში ჰქვია panís de les Índies (ანუ ისევ და ისევ ინდოეთის/ინდური panis-ი, რაც პენისს ნიშნავს, ფორმიდან გამომდინარე). საქმე იმაშია რომ სიმინდი ამერიკიდანაა შემოტანილი და სანამ გაარკვევდნენ რომ ამერიკა ამერიკა იყო, და არა ინდოეთი, ალბათ სიმინდის სახელზეც გადავიდა ეს შეცდომა. საკითხავი ისაა ქართული სიმინდი რაიმე სა-ინდო ან რაიმე ეგეთი ფორმით ხომ არ იყო თავდაპირველად ქართულში ან იქნებ სულაც რაიმე ლათინური ფორმა იყო, მაგალითად semen(seː.mẽ)+indi (ინდური თესლი/მარცვალი) რაც სიმინდად გადაიქცა.

ცოტა გრძლად კი გამომივიდა და თან ალბათ არც თუ კარგ განწყობაზე დაგაყენეთ მაგრამ რაცაა ესაა, ძალზედ ბევრი სიტყვა გვაქვს ნასესხები, თუმცა ამაში ცუდი არაფერია. უბრალოდ საინტერესოა 🙂

იმითი-ღა დაგამშვიდებთ რომ როგორც ჩანს არცერთი კენკრა და კენკრისდაგვარი ხილი რატომღაც უცხო სახელს არ ტარებს და ყველა – ასკილი იქნება, ზღმარტლი, კვრინჩხი, კოწახური, კუნელი, მარწყვი, მაყვალი, მოცხარი, მოცვი, ჟოლო, ფშატი, ყურძენი, შინდი, წყავი, ძახველი თუ ხენდრო როგორც ჩანს უცხო სიტყვა არაა… ნუ მე ვერ ვიპოვე ვერანაირი ამისი დასტური ან კვალი და თუ თქვენ იცით რაიმე შემატყობინეთ.

წავუ-შუმერ-ულოთ? :)

დეკემბერი 7, 2013

როგორც ყოველთვის ეს პოსტიც უსაქმურობის პერიოდშია დაწერილი და ისევ ჩემს გატაცებას – ლინგვისტიკას მივუბრუნდები. გაფრთხილებთ რომ ისეთ ინფორმაციას შეიცავს რომ შეიძლება ბოლომდე წაკითხვა დაგეზაროთ, და საერთოდაც ეს არაა პოსტი უფრო რაღაც ინფორმაციის ხროვაა.

როგორც ადრე აღმინიშნავს დიდ სიამოვნებას მანიჭებს ეტიმოლოგიური კვლევების კითხვა და თუნდაც შუმერული ლექსიკონის გარჩევა იმ მიზნით, რომ რაიმე საინტერესოს წავაწყდე. ეს “პოსტიც” სწოდად ამის თაობაზეა, მე არც მეცნიერობაზე ვდებ თავს (ლინგვისტიკური განათლების არ ქონის გამო) და ზოგიერთი ფსევდო მეცნიერივით აბსურდული თეორიების წამოწევას არ დავიწყებ, უბრალო დმინდა შემოგთავაზოთ ის შესაძლო კავშირები ქართული ენისა შუმერულთან რომლებსაც ლექსიკონის კითხვისას გადავაწყდი.

რათქმაუნდა ძალიან რთულია იმაზე საუბარი როგორ შეიძლება მომხდარიყო ესა თუ ის სიტყვა შესაბამისი სახეცვლილებით შუმერულიდან ქართულში (აქ ხომ ათასწლეულებზეა ლაპარაკი), ჰქონიათ თუ არა ქართველურ ტომებს პირდაპირი კავშირი შუმერებთან, ან ხდებოდა თუ არა ეს სხვა შუალედური ხალხების გავლით, მაგრამ ისევე როგორც მრავალი მეცნიერი ფიქრობს, ჩემის აზრითაც გარკვეული კავშირების დანახვა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

სიტყვების შედარებისას უნდა გავითვალისწინოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსი:

I – ძირითადი მნიშვნელობა აქვთ თანხმოვნებს და არა ხმოვნებს. ზოგადად ხმოვნების მნიშვნელობები შუმერულში დანამდვილებით არაა ცნობილი და სპეკულაციის და შეთანხმების საგანს უფრო არმოადგენს. ამიტომაც ქვემოთ მოყვანილ შედარებით ცხრილში სადაც ნაჩვენებია თუ როგორ წარმოითქმეოდა შუმერული სიტყვები“ი” ხმოვანი ირაციონალური ხმოვნით “ჷ” მაქვს წარმოდგენილი რადგან ი-ს ცვლილება ე-დ და ე-სი ა-დ ძალზედ იოლია და იმისი დადგენა თუ რომელ ხმოვნად მოაღწევდა თავდაპირველი “ი” ჩვენამდე ძალზედ რთულია და. რათქმაუნდა სხვა ხმოვნებსაც კი შეეძლოთ გარდაქმნა ო-უ, ე-ა და ა.შ., მაგრამ ისინი ზოგადად შეუცვლელად დავტოვე.

(ხო მართლა, არ შეგეშალოთ ასოში, ის შუალედური ბგერაა ა-ე-ი -ს შორის, წააგავს რუსულ ы-ს)

II – თანხმოვნებისათვის კი უნდა გავითვალისწინოთ მათი მსგავსი თანხმოვნებით ჩანაცვლების შესაძლებლობაც. იმის გათვალისწინებით რომ ლაპარაკია ათასწლეულებზე ეს ცვლილება თანხმოვნებს სულ მცირე 1-2-ჯერ უპრობლემოდ შეეძლოთ განეცადათ.

აგრეთვე გასათვალისწინებელია რომ შუმერული სიტყვებისის ლათინური ანბანით ტრანსლიტერაციის გამო შესაძლოა მრავალი თანხმოვანი იკაგრება ან ასიმილირდება სხვა “მსგავს” თანხმოვანში, რასაც ევროპელი სწავლულები უბრალოდ იგნორირებას უკეთებენ. მაგალითისთვის ანაოგიური სიტუაციაა ქართულის ტრანსლიტერაციის დროს როდესაც კვლევით შრომებშიც კი ასო “q”- თი აღინიშნება როგორც “ქ” ასევე “ყ” ასოები, ან “t”-თი “თ” და  “ტ”. ანუ იმისათვის, რომ  აღვადგინოთ ეს “დაკარგული” ასოები უნდა გავითვალისწინოთ, რომ q, t, p და ა.შ ასოები სინამდვილეში გაცილებით ფართოდ უნდა იყვნენ განხილულები და არ უნდა შემოვიფარგლოთ მათი ლათინური წარმოთქმის მიხედვით.

მოდით ახლა უფრო დავაზუსტოთ რა ბრეგით მასალას შეიცავს ქართველური ფონეტიკა (იხ. ცხრილი) და რა დასაშვები ცვლილებები შეიძლება მომხდარიყო თანხმოვნებში. ზოგადად ეს ჩანაცვლებები ბუნებრივი პროცესია და  ადვილი დასანახია მაგალითად უცხოელთა მიერ ქართული სიტყვების გამოთქმისას როდესაც ისინი ავტომატურად ანაცვლებენ ამა თუ იმ ბგერას მათთვის ცნობილი ანალოგიური ბგერებით. ყველა შესაძლო ცვლილებას პატარა მაგალითს დავურთავ (შესაძლოა არც თუ საუკეთესოს მაგრამ მაინც), რომ უფრო ადვილი გასაგები გახდეს თუ რაზე ვსაუბრობ

image

1 – ბ-პ-ფ, გ-კ-ქ, დ-ტ-თ, ჴ-ჹ-ყ სამეულებში ერთმანეთის ჩანაცვლება. მაგალითისათვის – რუსი იტყოდა საkარtველო – ქ-კ, თ-ტ

2 – შესაძლოა ხშულების ან ნაპრალოვნების აფრიკატებში გადასვლა, მაგალითად რბილი -გვაძლევს -ს, რბილი -ს და ა.შ. ან გადადის -ში, -ში…  მაგალითად რუსულად დიმა გვაძლევს არა – იმას არამედ იმა-ს

3 – თავად აფრიკატების წანაცვლება ც-ჩ, ძ-ჯ, წ-ჭ. ეს მაგალითები ბავშვების ლაპარაკისასაა განსაკუთრებით ადვილი შესამჩნევი, როდესაც მათ ჯერ ბოლომდე არ აქვთ ათვისებული ფონეტიკის ყველა ნიუანსები და რთულია იმის გარჩევა მაგალითისთვის ალიან-ს იძახიან თუ ალიან-ს, ხლი  თუ ხლი და ა.შ 🙂 ამ ასოების განცალკევება ცოტა გვიან ასაკში ხდება.

4 – ველარების და უვულარების ჩანაცვლება : ქ-ხ, გ-ჹ, კ-ყ, ხ-ჰ და ყ-ჸ. ვინც არ იცის – ეს “ჸ” არის ბგერა ა-სა და ყ-ს შორის და მრავალი აღწერს როგორც ღებინების დროს ამოსულ ბგერას (პრაქტიკულად იგივეა რაც არაბული ყ)

5 – ე.წ. ლიკვიდების – ნ-რ-ლ ურთიერთჩანაცვლება. ამისათვისაც კარგი მაგალითია ის თუ როგორ ელაპარაკებიან პატარა ბავშვებს. იმისათვის რომ თქვან “ა ლალაზი გოგოა!” იძახიან “ა ლამაზი გოგოა!”

ანუ პრაქტიკულად ლაპარაკია მცირე ცვლილებებზე რაც მოიცავს ბგერების იმავე მწკრივსა ან სვეტში გადაადგილებას (და იცის ძალზედ შეზღუდული შესაძლებლობებით) და ყოვლად გამორიცხულია მაგალითისათვის “პ”-ს “ღ”-დ გარდაქმნა ან “ბ”-სი “ჟ”-დ და ა.შ.

და ა ბატონო, ქვემოთ არასრული სია იმ სიტყვებისა რომლებიც რარაცნაირად მივამსგავსე ქართულებს (მაპატიეთ თუკი მრავალი მათგანი ადრევე აღმოაჩინეს, გაფილტვრის დრო არ მქონია რომ ასეთი სიტყვები ამომეყარა).

ზოგიერთი შესაბამისობა ალბათ რთული დასაჯერებელია (და თავადაც ვერ ვიტყვი მომწონს მეთქი), მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ შუმერებიდან ჩვენამდე 6000 წელზეა ლაპარაკი და სიტყვებში ათასგვარი ცვლილება შეიძლება მომხდარიყო.

შუმერული სიტყვა მნიშვნელობა წარმოთქმა თანხმოვანთა ცვლა შესაძლო ქართული შესაბამისობა
a-ba ვინ? აბა აბა question marker
aga უკან, შემდგომ აგა გ→კ უკა-/ნ, უკუ ?
akkil რიტუალური ძახილი, მოთქმა აკჷლ კ→ქ→ხ ძ-ახილ-ი
baba ფაფა ბაბა ბ→ფ ფაფა
bal, bar ტრიალი, ბრუნვა ბალ, ბარ ბრ-უნ-/ვა
bar-bar, babbar ალი ბარბარ ბარბარი (ბრიალი)
bu ბერვა ბუ ბერ-/ვა
bulug საზღვარი, კიდე ბულუგ ბოლო (კიდე)
bur დაფარვა ბურ ბურ-/ვა, სა-ბურ-ველი
bur, buru ბურღვა ბურ ბურღ-/ვა
dal-la, dal, daal შუადღე დალა დილა ?
de დასხმა, დინება დე დე-ნა, დინება
dili-dili, dil dil თითოეული ცალცალკე დჷლ დჷლ დ→ძ→ც ცალ-ცალ-ი
dub ცემა, ნჯღრევა, დაგდება… დუბ ბ→ფ დაფ-დაფ-ი (უნგრ. dob – დოლი)
dug ქოთანი, დოქი დუჸ ჸ→კ→ქ დოქი
dug თქმა, ლაპარაკი დუჸ დ→თ

ჸ→კ→ქ

თუქ-უ, თქ-უ
dugga თიხა დჷგა დ→თ

გ→ქ→ხ

თიხა
e ეს ე-ს
i აწევა, აღმოცენება ა-, აღ-
egar, egir აგური ეგჷრ აგურ-ი
en-na მანამდე სანამმ ენნა მ-ანა-მდის, ს-ანა-მ
erim კაცი, ჯარისკაცი, ჯარი, ხალხი, ერი ერჷმ ერი
e-ze შენ ე-ზე ზ→ჟ→შ შე-(ნ)
gal დიდი ჸალ ჸალყ-ზე დადგომა ?
gal-(la) ქალის სასქესო ორგანო გალ გ→ქ ქალ-ი
gan ბაღი, სტეპი, უბაბნო ჸან ყანა
gi ჩაკეტვა, გამომწყვდევა ჸჷ ჸ→კ კეტ-ვა ?
gi ღამე, სიბნელე ღჷ ღამე
gid გრძელი გჷდ გდ-ელი, გრძ-ელი
gigir ბორბალი გჷგჷრ გორგალ, გორ-/ვა
gi-izi-la ჩირაღდანი გჷზჷლა გიზ-გიზ-ი
girag გორვა, ბრუნვა ჸჷრაჸ ყირაობა? გირაგი?
gir-gir(-ri) ჭექა, ქუხილი გჷრგჷრ რ→ნ გრგუინ-ვა ?
giS წამოწევა, წამომართვა, ადგომა ჸჷშ ჸ→ყ

შ→ჟ

ყიჟ-ინ-ა
gu ყელი ჸუ ჸე-ლი
gu-(ra) ღრიალი, ყვირილი ჸუ-რა ჸუირ-ილ-ი
gúb აქადური გაწმენდვა, გასუფთავება გუბ დღუება (უნგრ. köp-ülni “to make butter”)
gu-du ანუსი ჸუდუ ჸ→კ კუდი? კუტუ?
Gun აქადური ტვირთი (არა მხოლოდ ფიზიკური) გუნ და-ღონ-ება (უნგრ. gond – worry)
gur გორვა გურ გორ-ვა
gúr გაცამტვერება, კვლა ჸურ რ→ლ კულა – კვლა
gur, kun ღუნვა გუნ, კუნ გ→ღ ღუნ-ვა
gur, kur სქელი, ძლიერი კურ მ-კურ-ივი
haShur ვაშლი (ჰ)აშურ რ→ლ უაშლ-ი
hul-(la), þúl ბედნიერი, გახარებული ჰჷლ ლ→რ სი-ხარ-ული, გა-ხარ-ება
inim სიტყვა ჷნჷმ ენა
ipari მეუფე ჷფარჷ რ→ლ უფალი, მე-უფე, მეფე
isten ერთი ჷსთენ ს→შ პროტო ქართვ – აშთი → ართი
ka კარი, კარიბჭე კა კა-რი
Kal-ag, kal-a, kal ძლიერი, ძვირფასი კალ- ლ→რ კარ-გი
kalu ყველა კალუ კ→ყ ყუელ-ა, ყოველ-ი
ki, ke სად, სადაც, გარეთ -კენ ?
ki-mah ადგილ-მაღალი მაჰ ჰ→ხ→ღ მაღ-ალ-ი
kud, ku მოჭრა, განცალკევება კუდ კოდ-ვა
kukku ბნელი, სიბნელე კუკუ უკუ-ნი
kun კუდი კუნ კუდ-ი
kur, kuur, ko ქვა კო კ→ქ ქუ-ა
ma მაგრამ მა მა-რა, მა-გრამ
საკუთრივ, თვითონ ნჷ -ნ
pah ფეხი (ცხოველის) ფაჰ ჰ→ხ ფეხ-ი
par რაიმეში ჩატევა ფარ და-ფარ-ვა (მალვა)
pàr, bàr, pàra, bàra გაშლა, გავრცელება ბარ, ფარ და-ფარ-ვა (რაიმეთი)
parz-illu რკინა ფარზ-ჷლუ ფ→ბ

ზ→ჟ

ბერეჟ (რკინა სვანურად), ბრძ-მედი
peš-peš ფიზიკურად ინვალიდი, განიერი ფეშ-ფეშ ფაშ-ფაშ-ა
pu პირი პუ პირი
qab(u) ლაპარაკი ჸაბ ბ→ფ ლა-ყაფ-ი, ლაყბობა
re; ri, rá, გასვლა, სვლა, შორს გამგზავრება რე, რჷ რა რე-ბა
ru-gú, u-gú საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა უგუ გ→კ უკუ
saggig შაკიკი შაჸჸჷჸ შაკიკ-ი
sag-hul კარგ-ცუდი (ავკარგი) საგ გ→ღ საღ-ი, კარგი
sar წერა სარ ს→ც→წ წერ-ა
šár, sár სრული, სრულად შარ, სარ შ→ს სრ-ული
šar, šargeš ჯარი შარ შ→ჟ→ჯ ჯარ-ი
še -ჯერ შე შ→ჟ→ჯ -ჯერ
-Se, -Si -კენ -ში შე, შჷ -ში-(გან)
šen ვარსკვლავი, ბრწყინვა შენ მ-შუენ-ება
sila, sil; síl, zil ჭრა, დაყოვა, დანაწილება სჷლ, ზჷლ წილ-ი, განა-წილ-ება
šita აქადური სუფთა, განბანილი, წმინდა, მღვდელი შჷთა შ→ს სუფთა
šub სროლა, დაგდება (šu, ‘ხელი’ + bu, ‘გასროლა’). შუბ შუბი
sue აქადური ზღვა სუე ს→ზ ზღუა
Su-gur გორვა, ხვევა გურ გორ-ვა
Suh აქადური შეწუხება სუჰ ს→ც→წ შე-წუხ-ება
sur დასხმა, დაღვრა სურ ს→ც→წ წურ-წურ (დაღვრა)
šur, zur წურვა, დენა შურ წურ-ვა, წურ-წურ-ი
su-ra შორს-მიმავალი სურა ს→შ შორ-ი
šurun, šurim, še ცხოველთა განავალი შურ-ჷმ, შე შ→ს სკორ-ე
ta ablative suffix თა თა, თი, ით – ablative/instrumental case suffix
-ta -დან თა თ→დ -დან
tab ორმაგი ტაბ ტ(ყ)უბ-ი
tab მიწებება, მიკრობა თაბ თ→ც→წ წებ-ო
taka, ta აქადური მიწოლა, კვრა თა თ→ც→წ მი-წ-ოლა (უნგრ. tol-ni “to push”)
tar მტვრევა, ტეხვა ტარ მ-ტურ-ევა
ten; te-en აქადური ცივი, სიცივე (en-ten – ზამთარი) თენ ნ→რ ზა-მ-თარ-ი
ti instrumental suffix თჷ თა, თი, ით – ablative/instrumental case suffix
til-a, til მთელი, სრული თჷლ მ-თელ-ი
tu დაბანვა, ბანაობა ტუ ტო-ბა ტბა ?
tukum თუკი, იმ შემთხვევაში თუ თუკუმ თუკი ?
tur-tur 2 x მცირე თურ თ→ც მ-ცირ-ე
ugu თავი, ქალა, გონება უგუ გუნ-ება, უ-გუნ-ური
ur in such manner, -ვით -ებრ ურ -ურ -ებრ
zae შენ ზე ზ→ჟ შე-(ნ)
zag, zà ზღვარი, კიდე, გვერდი ზაგ, ზაღ ზღ-უდე, ზღ-უარი
zalag, zal, zil(-la) სინათლე მზის ამოსვლამდე ზჷლა ზ→ძ→დ დილა
zig, zi აწევა, ადგომა, (rise) ზჷ ზე (მაღლა)
zil-(la) დაწყნარება ზჷლა ზ→ძ ძილ-ი
zu, sú ცოდნა ზუ ზ→ძ→ც ცოდ-ნა (უნგრ. tud-ni “to know”)

მოკლედ მომავალში შაკიკი თუ გექნებათ თავად გადაწყვიტეთ ჯერ კიდევ ძველ დროს შუმერულიდანაა ეს სიტყვა ქართულში შემოსული თუ სპარსული ან რაბულიდან, მაგრამ აი ფაშფაშა ქალის დანახვაზე გახსოვდეთ ეგ სიტყვა ალბათ 6 ათასი წლის წინანდელია 🙂

ჩემი “ძირძველი” ქართული სახელი

მაისი 28, 2012

დიდი ხანია მინდოდა ერთხელ და საბოლოოდ გამერკვია მაიც საიდან მოდიოდა და რა მნიშვნელობის მატარებელი იყო  ჩემი სახელი, თუმცა ვერასდროს ვპოულობდი მისი წარმოშობის ისტორიას. ყველა სახელთა სიასა თუ წიგნში ის ან ნამდვილ ქართულ სახელადაა მოხსენიებული, ან წერია ბერძნულია, მაგრამ ეტიმოლოგია უცნობიაო. მოკლედ, ერთი რამ გასაგები იყო, რომ წყობის მიხედვით ის არანაირად არ იყო ქართული წარმოშობის და ბიზანტიური/ბერძნული უნდა ყოფილიყო და მისი ამომავალი ფორმა არა თორნიკე არამედ თორნიკეს და თორნიკიოს გახლდათ. ვიკიპედიაში ადვილად მოიძედნება არაერთი დიდებული თუ წარჩინებული მოღვაწე ამ სახელით რომლებსაც ბიზანტიასა და რომის იმპერიაში მრავალი მაღალი თანამდებობა ეკავათ, თუმცა ყველა სხვა სახელებისგან გასსხვავებით რომლებსაც იგივე ტიპის აგებულება აქვთ -იკოს -იკეს -იკიუს -იციუს ბოლოსართებით (იმის მიხედვით თუ სადაურ წყაროებს მივმართავთ) პრაქტიკულად ყველა სახელის ეტიმოლოგია მოიპოვება (ანდრო-ნიკეს/უს, დომი-ნიკე/უს, ეუგე-ნიკოს), მაგრამ ყოვლად გაუგებარი იყო მაინც რას ნიშნავდა ეს “თორ”. და აი როგორც იქნა ბევრი წვალების მერე მგონი მივაგნიე სწორად იმას რასაც ვეძებდი.

საქმე იმაშია რომ პრაქტიკულად ყველა თორნიკიოსი სხვადასხვა წყაროში ან სომხური წარმოშობის დიდებულადაა მოხსენიებული, ან ქართველად/ივერიელად (ყველა მათგანი გაბიზანტიელებული იყო). ამ ფაქტმა ჩემი დიდი დაინტერესება გამოიწვია, მაინც რას უნდა გამოეწვია ესთი გაუგებრობა და შეუთანხმებლობა და დავიწყე ვიკიპედიის, ფორუმების და და სხვა წყაროების კითხვა. საქმე იმაშია, რომ ის რასაც ბიზანტიელები ივერიას ეძახდნენ არა აღმოსავლეთ საქართველოს (გოროგც ჩვენ ზოგადად წარმოვიდგენთ), არამედ ძირითადად ტაოს ტერიტორიას წარმოადგენდა და ის ე.წ. ივერიის თემის სახით შედიოდა ბიზანტიის შემადგენლობაში (http://en.wikipedia.org/wiki/Iberia_(theme)). თავისი ეთნიკური შემადგენლობით ის არ იყო სრულიად ქართული ტერიტორია, არამედ საქართველოსა და სომხეთის ნაწილების გაერთიანებას წარმოადგენდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მასში მცხოვრები სომხები იმით განსხვავდებოდნენ თავისი მოძმეებისაგან, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევრები იყვნენ და არა სომხურისა; ამის გამო მრავლად იყო მრავალეთნიკური ქორწინებები და დიდებულთაგან პრაქტიკულად ყველას ასეთი ქართულ-სომხური “ბექკგრაუნდი” გააჩნდა. მრავალ წყაროში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული ამ “გაქართველებული” სომხების არაჩვეულებრივი განსწავლულობა ქართულ ენაში და მათი რიტორიკული შესაძლებლობები სომხურთან ერტად. სწორად ამიტომაა, რომ წყაროები მათ ხან ივერებად მოიხსენიებენ (მათი გაქართველების გამო), ხან კი სომხებად (როდესაც მათი ეთნიკური წარმომავლობა იყო ხაზგასმული). ასეა თუ ისე სახელი თორნიკე იმ დროინდელ ბიზანტიასა და ივერიის თემში მრავალი სახით გვხვდება – თორნიკ-ეს, თორნიკ-იოს, ტორნიც-იუს, თორნიკ-ია და ა.შ. და თუკი გაბატონებულ ქართულ ვერსიას დავივიწყებთ, რომელიც თორნიკეს ძირძველ ქართულ სახელად მიიჩნევს და იმდროინდელ სიტუაციას გავითვალისწინებთ, ყველაფერი ნათელი ხდება; კერძოდ კი –იკ სუფიქსი კარგადა ცნობილი რომ სომხურში დღემდე კნინობითი ფორმების წარმოსაქმნელად გამოიყენება (ანდრან-იკ, ხაჩ-იკ, გარ-იკ) და ის სწორად მას წარმოადგენს და არასწორია სახელის ამგვარი დაშლა – თორ-ნიკე, საქმე გვაქვს არა –ნიკე-სთან რომელიც ღვთაების სახელიდან მოდის და სხვა სახელების ნაწილად გვევლინება, არამედ მხოლოდ –იკ კნინობით ფორმასთან და გასაგკვევი მხოლოდ ისღა რჩება მაინც რაა ეს “თორნ”. მაშინ როდესაც ქართულშიც და ბერძნულშიც ის არაფრის მთქმელია როგორც არ უნდა დავშალოთ სახელი, სომხურში მას ძალიან კონკრეტული მნიშვნელობა გააჩნია და თორ/თორნ  შვილიშვილს ნიშნავს, ანუ თორნ-იკ პრაქტიკულად იგივეა რაც შვილიშვილ-უნა/უკა, ხოლო ბოლოში –ეს –იკიოს -იციუს სუფიქსები მისმა გაბიზანტიურებამ გამოიწვია. ანალოგიური სახელები ხომ ქართულშიც მრავლად მოგვეპოვება – პაპუნა, მამია, ბიძინა, ბაჩანა, ბაია და ა.შ.
მოკლედ რომ ვთქვათ სახელი რომელსაც ვატარებ გამოყენების მხრივ გაქართულებული ბიზანტიურია (-ს ასოს ჩამოშორებით, რომელიც ყველა სხვა სახელს ემართება ბიზანტიურიდან გადმოტანისას), სტრუქტურულად ბერძნულ/ბიზანტიური, ხოლო საწყისი სულაც სომხური ჰქონია.
ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რომ ერთი ამბავი გამახსენდა რომელიც დედაჩემისგან მოყოლით ვიცი; თურმე ახალდაბადებული ვიყავი და დედაჩემი ეზოში მასეირნებდა, როდესაც ერთი სომეხი მეზობელი ჩაეკითხა რა დაარქვითო, და დედაჩემის პასუხზე ჩვენმა მეზობელმა ძალიან გაიკვირვა “ვაააააა, თორნიკ, ეს რა სომხური სახელი ჰქვია აი?!”. რათქმაუნდა ამან დედაჩემს უბრალოდ ღიმილი მოჰგვარა, ასეთ ნამდვილ ქართულ სახელზე ამას რას მეუბნებაო, მაგრამ როგორც ჩანს გული უნდა გავუცრუო – რას ერჩოდი იმ ქალს ერთადერთი ადამიანი ყოფილა რომელმაც სიმართლე იცოდა.

შაბათ-კვირის ფიქრები

აგვისტო 28, 2011

როგორც ჰამბურგში დღეთა უმრავლესობა ამ შაბათ კვირის დღეებიც ისეთივე წვიმიანი და დეპრესიულები გამოდგნენ; აი როდესაც ვერც გარეთ გახვალ, სახლში ჯდომაც არ გინდა, არ იცი რა აკეთო და ეს უაზრობა ცუდ ხასიათზე გაყენებს.

ხოდა ისევ ვიფიქრე რაიმე დამეწერა სხვადასხვა სიტყვების ქართულში დამკვიდრების თაობაზე. ზოგადად ჩემთვის უფრო საინტერესო უცხო ენების სიტყვებია ხოლმე რომლებიც ამა თუ იმ გზით ქართულში შემოდიან, მაგრამ არიან სიტყვები რომლებიც სხვა ენებშიც არაფერს ნიშნავენ და უბრალოდ ფირმების სახელებია, მაგრამ ისინი გლობალურად ხდებიან ამა თუ იმ საგნის აღმნიშვნელები. მოდით ამ მაგალითებზე დავწერ ცოტას.

პირველ რიგში მინდა ისეთ სიტყვებხ შევეხო რომლებმაც თავი ყველა ენაში დაიმკვიდრეს. მაგალითისთვის თერმოსი სულაც არაა ზოგადი სახელი და მისი თავდაპირველი დასახელება დეუარის ქილა იყო (რადგან მისი გამომგონებელი შოტლანდიელი ფიზიკოს-ქიმიკოსი ჯეიმს დეუარი გახლდათ) მაგრამ მას მერე რაც 1904 წლიდან მოყოლებული გერმანულმა კომპანია Thermos-მა მისი სერიული წარმოება დაიწყო ყველა შემდგომი მწარმოებლის ნაკეთობაც დღემდე თერმოსად მოიხსენიება.

ანალოგიური სიტუაციაა მაგალითად პრიმუს-თან მიმართებაში, ის დაპატენტებული იყო როგორც – უფითილო, დაწნეხილ საწვავის ორთქლზე მომუშავე უჭვარტლო გამახურებელი მოწყობილობა 🙂 და ისევ და ისევ მისი პირველმწარმოებელი ფირმის Primus-ის სახელიდან გამომდინარე ანალოგიური ტიპის ყველა ქურას დღემდე პრიმუსს უწოდებენ. ისე საინტერესო ფაქტია რომ სწორად პრიმუსით იყო აღჭურვილი ამუნდსენის სამხრეთ პოლუსზე მიმავალი ექსპედიცია.

იგივე შეიძლება ითქვას კედ-ების თაობაზე  ზოგადად მსოფლიოში და მაგალითად ბოტას-ებზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, უბრალოდ ისე მოხდა რომ ფირმის სახელი რომლის სპორტულმა ფეხსაცმელებმაც საბჭოთა კავშირში შემოვაღწია სწორად Botas-ი იყო და ის სამუდამოდ დარჩა ამ ტიპის ფეხსაცმელების აღმნიშვნელად.

ასევე მოხდა ფლომასტერ-ის შემთხვევაშიც, ის სხვა არაფერი იყო თუ არა ფირმა რომელიც მარკერებს უშვებდა (პოპულარული ის ძირითადად შუშაზე წერის და გაუმჭვირვალი მელნევის გამო გახდა, რაც საშუალებას იძლეოდა ძველ ნაწერზე ზემოდან სხვა რამ დაწერილიყო და მთლიანად დაემალა ქვედა შრე) Flo-Master 1980-იანების ბოლოს მთლიანად გავიდა ბაზრიდან მაგრამ მისი სახელი ჯერ ისევ ცოცხალია :).

ჩვენთვის ლოკალურად გავრცელებული საინტერესო მაგალითებია ქსეროქს-ი და ნოვა. დაქსეროქსება ჩვენთვის ჩვეულებრივ სიყვვად იქცა მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენთან შემოსული კოპირების აპარატების უმრავლესობა სწორად Xerox-ის ფირმისა გახლდათ, მაგრამ მაგალითისათვის კოპირებას მალაიზიაში და ინდონეზიაში “და-Canon-ება” ჰქვია; ხოლო ფრაზა “აუ ნოვა ხომ არ გაქვს?” ისეთივე გასაგებია ჩვენთვის როგორც მაგალითად ამერიკელი ჰკითხავდა ვინმეს “Do you have Cleenex?”-ო.

მოკლედ საინტერესოა როგორ ხდება კონკრეტული სახელების განზოგადება და როგორ ეჩვევიან მათ თაობები, დარწმუნებული ვარ ბევრი არც დაფიქრებულა რატომ ჰქვია ფლომასტერს ფლომადსტერი და ბოტასს ბოტასი… ალბათ კიდევ რამდენ ასეთ სიტყვას ვიყენებთ…

მოკლედ… უაზროდ ჯდომას მგონი სჯობდა ეს თუნდაც ყოვლად უმაქნისი პოსტი დამეწერა, სხვა თუ არაფერი დრო მაინც მოვკალი 🙂

უხ ეს არამზადები

მაისი 30, 2010

საერთოდ ძალიან მიყვარს ლინგვისტური კერძოდ კი ეტიმოლოგიური კველევების შესახებ კითხვა და თუკი თავად მომეცა იმის საშუალება რაიმე საინტერესო სიტყვის არსს ან წარმოშობას ჩავწვდე ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ აქვს ხოლმე. და აი სულ რაღაც ორი დღის წინაც ასეთივე შემთხვევა დამემართა. ინდოელ ჯგუფელებთან ერთად კინოში აღმოვჩნდი სადაც გადიოდა ინდურ-ამერიკული ფილმი “My name is Khan”; რამოდენიმე უფასო ბილეთი ჰქონდათ ნაშოვნი და ცდუნებას ვერ გავუძელი. ჩემდა საუბედუროდ თუ პირიქით არც თავად ორიგინალური გახმოვანება მესმოდა, რადგან ჰინდიზე იყო და არც ფრანგული სუბტიტრები იყო დიდი შველა (თუმცა უნდა ავღნიშნო მათი დახმარებით სხვა თუ არაფერი არსს მაინც ვგებულობდი). და აი უცებ მომესმა ძალიან ნაცნობი სიტყვა, რამოდენიმე წამში ხელმეორედ და მერე კიდევ ერთხელ განმეორდა. ფილმის ერთ ერთი გმირი მეგობრის ყოფილ მეუღლეს არამზადჷ-დ მოიხსენიებდა, მაშინვე გამინათდა გონებაში და მივხვდი, რომ არამზადა სულაც არ ყოფილა ქართული სიტყვა და როგორც მრავალი სხვა სიტყვათაგანი რომელთა გამოყენებისას ბევრს ჰგონია რომ წმინდა ქართულად ლაპარაკობს ეს სიტყვაც ისეთივე ნასესხებია, როგორც მაგალითად ნიშანი, ფანჯარა, აივანი, ეშმაკი ან თუნდაც ბაღი.

იმ გარემოებამ, რომ ქართულში შემოსვლისას მრავალი სპარსულ-არაბული სიტყვა “ჰ” ბგერას ხშირად კარგავს ხოლო ჩვენთვის ნაკლებად ნაცნობი ხმოვანი “ə” ან “ა”-დ ან კი “ე”-დ გარდაიქმნება, იმდენად გააქართულა ეს სიტვვა, რომ ყოველდღიური მოხმარებისას რთულია მიხვდე, რომ ნასასხებ სიტყვასთან გაქვს საქმე.

ასე რომ არამზადა სხვა არაფერი ყოფილა თუ არა არაბული “ჰარამ”-ისა და სპარსული “ზადე”-ს გაერთიანება. მაგალითისთვის ვინც ევროპაშია ნამყოფი ალბათ ყველას უნახავს ზოგიერთ ხორცპროდუქტზე წარწერა “ჰალალ”-ი, რომელიც იმის მიმანიშნებელია, რომ მუსულმანებს მისი ჭამა შეუძლიათ (ცხოველის სპეციფიური წესით დაკვლის გამო). ეს “ჰალალ”-ი ისლამში ასე ვთქვათ  კარგის და ნებადართულის აღმნიშვნელი სიტყვაა, და ჩვენც ხშირად ვიყენებთ, როდესაც ვინმეს ჭამისას რაიმე გადასცდება და ზურგზე ხელს ვარტყავთ და ვაყოლებთ (ჰ)ალალი-იყოსო. სწორად მისი საპირისპირო, აკრძალულისა და ცუდის მნიშვნელობა აქვს სიტყვა “ჰარამ”-ს, რომელიც ასევე გამოიყენება ქართულში და ძირითადად წყევლაში გვხვდება “ხარამად შეგერგოსო”.

ახლა მოდით ისევ არამზადას დავუბრუნდეთ… მოკლედ არამზადის პირველი ნაწილი გასაგებია, რომ ცუდს და აკრძალულს ნიშნავს, აი მეორე “ზადე”-ს რა მნიშვნელობა აქვს ადვილი მისახვედრია თუკი დავუკვირდებით მრავალი აზერბაიჯანული ან სპარსული გვარის დაბოლოებას რომელიც ასევე “ზადე”-ა. ეს ზადე დაბადებას ნიშნავს, რაც ჩვენს არამზადას აკრძალულად დაბადებულად განგვიმარტავს, ან იმად ვინც არ უნდა დაბადებულიყო. ეს სიტყვა ჩვენ ქართულიშიც მოგვეპოვება და თანაც ნამდვილი ქართული ეტიმოლოგიით და სხვა არაფერია თუ არა ნაბიჭუარი. სწორად ამ მნიშვნელობას ატარებს ჰარამზადჷ როგორც ირანის ასევე პაკისტანის ტერიტორიაზე, ხოლო როგორც აღმოჩნდა ინდოეთში მას კიდევ უფრო მძიმე დატვირთვა აქვს და უკიდურესი სალანძღავი სიტყვაა. ასე რომ თუკი ინდოელების გარემოცვაში მოხვდებით და მათი მცირეწლოვანი ბავშვები სიცელქით და მოუსვენრობით თავს მოგაბეზრებენ არამზადები ნამდვილად სჯობს რომ არ დაუძახოთ. 🙂