Posted tagged ‘სახელები’

შაბათ-კვირის ფიქრები

აგვისტო 28, 2011

როგორც ჰამბურგში დღეთა უმრავლესობა ამ შაბათ კვირის დღეებიც ისეთივე წვიმიანი და დეპრესიულები გამოდგნენ; აი როდესაც ვერც გარეთ გახვალ, სახლში ჯდომაც არ გინდა, არ იცი რა აკეთო და ეს უაზრობა ცუდ ხასიათზე გაყენებს.

ხოდა ისევ ვიფიქრე რაიმე დამეწერა სხვადასხვა სიტყვების ქართულში დამკვიდრების თაობაზე. ზოგადად ჩემთვის უფრო საინტერესო უცხო ენების სიტყვებია ხოლმე რომლებიც ამა თუ იმ გზით ქართულში შემოდიან, მაგრამ არიან სიტყვები რომლებიც სხვა ენებშიც არაფერს ნიშნავენ და უბრალოდ ფირმების სახელებია, მაგრამ ისინი გლობალურად ხდებიან ამა თუ იმ საგნის აღმნიშვნელები. მოდით ამ მაგალითებზე დავწერ ცოტას.

პირველ რიგში მინდა ისეთ სიტყვებხ შევეხო რომლებმაც თავი ყველა ენაში დაიმკვიდრეს. მაგალითისთვის თერმოსი სულაც არაა ზოგადი სახელი და მისი თავდაპირველი დასახელება დეუარის ქილა იყო (რადგან მისი გამომგონებელი შოტლანდიელი ფიზიკოს-ქიმიკოსი ჯეიმს დეუარი გახლდათ) მაგრამ მას მერე რაც 1904 წლიდან მოყოლებული გერმანულმა კომპანია Thermos-მა მისი სერიული წარმოება დაიწყო ყველა შემდგომი მწარმოებლის ნაკეთობაც დღემდე თერმოსად მოიხსენიება.

ანალოგიური სიტუაციაა მაგალითად პრიმუს-თან მიმართებაში, ის დაპატენტებული იყო როგორც – უფითილო, დაწნეხილ საწვავის ორთქლზე მომუშავე უჭვარტლო გამახურებელი მოწყობილობა 🙂 და ისევ და ისევ მისი პირველმწარმოებელი ფირმის Primus-ის სახელიდან გამომდინარე ანალოგიური ტიპის ყველა ქურას დღემდე პრიმუსს უწოდებენ. ისე საინტერესო ფაქტია რომ სწორად პრიმუსით იყო აღჭურვილი ამუნდსენის სამხრეთ პოლუსზე მიმავალი ექსპედიცია.

იგივე შეიძლება ითქვას კედ-ების თაობაზე  ზოგადად მსოფლიოში და მაგალითად ბოტას-ებზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, უბრალოდ ისე მოხდა რომ ფირმის სახელი რომლის სპორტულმა ფეხსაცმელებმაც საბჭოთა კავშირში შემოვაღწია სწორად Botas-ი იყო და ის სამუდამოდ დარჩა ამ ტიპის ფეხსაცმელების აღმნიშვნელად.

ასევე მოხდა ფლომასტერ-ის შემთხვევაშიც, ის სხვა არაფერი იყო თუ არა ფირმა რომელიც მარკერებს უშვებდა (პოპულარული ის ძირითადად შუშაზე წერის და გაუმჭვირვალი მელნევის გამო გახდა, რაც საშუალებას იძლეოდა ძველ ნაწერზე ზემოდან სხვა რამ დაწერილიყო და მთლიანად დაემალა ქვედა შრე) Flo-Master 1980-იანების ბოლოს მთლიანად გავიდა ბაზრიდან მაგრამ მისი სახელი ჯერ ისევ ცოცხალია :).

ჩვენთვის ლოკალურად გავრცელებული საინტერესო მაგალითებია ქსეროქს-ი და ნოვა. დაქსეროქსება ჩვენთვის ჩვეულებრივ სიყვვად იქცა მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენთან შემოსული კოპირების აპარატების უმრავლესობა სწორად Xerox-ის ფირმისა გახლდათ, მაგრამ მაგალითისათვის კოპირებას მალაიზიაში და ინდონეზიაში “და-Canon-ება” ჰქვია; ხოლო ფრაზა “აუ ნოვა ხომ არ გაქვს?” ისეთივე გასაგებია ჩვენთვის როგორც მაგალითად ამერიკელი ჰკითხავდა ვინმეს “Do you have Cleenex?”-ო.

მოკლედ საინტერესოა როგორ ხდება კონკრეტული სახელების განზოგადება და როგორ ეჩვევიან მათ თაობები, დარწმუნებული ვარ ბევრი არც დაფიქრებულა რატომ ჰქვია ფლომასტერს ფლომადსტერი და ბოტასს ბოტასი… ალბათ კიდევ რამდენ ასეთ სიტყვას ვიყენებთ…

მოკლედ… უაზროდ ჯდომას მგონი სჯობდა ეს თუნდაც ყოვლად უმაქნისი პოსტი დამეწერა, სხვა თუ არაფერი დრო მაინც მოვკალი 🙂