Posted tagged ‘etymology’

ნამდვილი ქართული საკვები

ივლისი 25, 2014

ისევ და ისევ ვისაც გსურთ ტვინი უნდა გაგიბურღოთ ტოტაოდენი ვაი-ეტიმოლოგიური კვლევებით და კიდევ ერთხელ მინდა გული გაგიხეთქოთ სიტყვათა არც თუ ისე მცირე სიით ძირძველი ქართული რომ გვგონია სინამდვილეში კი სულ სხვა წარმომავლობა რომ აქვს. ამჟამად ხილის თუ ბოსტნეულის დასახელებებს შემოგთავაზებთ და ზოგ შემთხვევაში ყოვლად ნათელ ხან კი წარმოშობის შესაძლო ვერსიებს წარმოგიდგენთ.

მოდით ჯერ ქლიავებსა და მისი მსგასვ ხილის სახელებს შევხედოთ. თურმე ნუ იტყვით და სპარსულად آلو (âlu) – ქლიავს ნიშნავს და ნახეთ ხილის რამდენ ნაირსახეობას აქვს ამასთან პირდაირი კავშირი:

ალიბუხარი – (ალუ-ბუხარა) სპარსულია და ნიშნავს ბუხარა-ს ქლიავს

ალუბალი – آلبالو (âlbâlu) სპარსულადაც იგივეა

ალუჩაآلوﭼﻪ (ālūča), სპარსულია და იგივე ალუ-ს კნინობითი ფორმაა ანუ ქლიავუნა. ამ სიტყვის გადმოღებამდე თურმე შუშტყემალი ერქვა.

ბალი – ძველ სპარსულადაც ასევე იწოდება بالو (bâlu), დღესდღეობით კი სხვა სიტყვა უფროა ხმარებაში.

გარგარ() – زردآلو (zard-âlu) სიტყვა სიტყვით ყვითელი ქლიავი სავსებით შესაძლებელია ასეთი ცვლილებებით შემოსულიყო ქართულში: ჟარდალუ – ჯარდალ – გარგალი, თუმცა თავს ვერ დავდებ 🙂

მაგრამ გარდა ამისა აღმოჩნდა სხვა ქლიავებიც ძალზედ საინტერესო სახელებს ატარებენ, აი მაგალითად:

დამასხი – ბერძნულიდანაა Δαμασκηνιά (დამასკენია) და ნიშნავს დამასკოურ-ს, ძველი ქართული სახელი კი კაკჳნარი ყოფილა

რენკლოდი – ბევრი ლენკროტად რომ მოიხსენიებს ფრანგულია Reine Claude (ღენ კლოდ) და ნიშნავს დედოფალ კლოდს/კლაუდიას რომლის პატივსაცემადაც დაარქვეს ამ ხილს სახელი.

ამ ყველაფრის მერე ნამდვილად არ ვიცი სადაურია სიტყვა ტყემალი, რადგან მისი ეს ალი/ალუ დაბოლოება ძალიან ჰგავს სპარსულ ალუ-ს და ტყემ-ალი სავსებით შესაძლებელია ტყის ქლიავს ნიშნავდეს.

მოდით ისევ სპარსული სიტყვებით გავაგრძელოთ

ბადრიჯანი – بادنگان (bâdengân) ბადენჯან

ბრინჯი – برنج (berenj) ბერენჯ

გულაბი (მსხლის ერთ-ერთი ნაირსახეობა) – სხვა არაფერია თუ არა گلابی (golâbi) რომელიც სპარსულში უბრალოდ მსხალს ნიშნავს

დასტამბო – دستمبو (dastambw) დასტამბუ, ძველ ქართულად ძალიან საყვარელი სახელი ჰქონია – პუმპულა

ზეითუნი – ისევ და ისევ სპარსულია زیتون (zeytun) რომელიც თავის მხრივ მათთან არაბულიდან შევიდა زيتون (zaytūn)

თუთა – შესაძლოა ესეც სპარსულიდან იყოს შემოსული توت (tut) თუმცა თავად სპარსულში ვარაუდობენ არამეულიდან შესულიყო ܬܘܬܐ / תותא (tuta)

ისპანახი – اسفناج (esfenâj) ესფანახ, რომელიც თავის მხრივ ძველ ბერძნულიდანა ნასესხები σπάναξ (spanax)

ლიმონი – ნუ ეს ისედაც ცხადია, რომ არაა ქართული სიტყვა და ევროპული ენებიდან გადმოვიდა, თავად ევროპაში თურქეთიდან შევიდა لیمون (limun), ხოლო თურქულში ისევ და ისევ სპარსულიდან لیمو (limu)

ლობიო – რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ არც ესაა ქართული სიტყვა, მაგალითისთვის არაბულად ჰქვია لوبيا (luubiyaa), სპარსულად لوبیا (lôbiyâ), ხოლო ამოსავალი ამ ორივესთვის იყო ძველ-ბერძნული λόβια (lóbia)

მუხუდო – نخود (noxod)

ნიგოზი – სპარსული სიყვა گوز (gôz)-იდანაა ნაწარმოები რაც ასევე ნიგოზს ნიშნავს

პილპილი – სპარსული پلپل (pelpel)

ტარხუნა – ან სომხურიდან թարխուն (tʿarxun) ან სპარსულიდანაა ترخون (tarxun) ნასესხები, მათ კი თავის მხრივ ეს სიტყვა არაბულიდან აიღეს طرخون (ṭarxūn)

უნაბი – სპარსული عناب (‘anâb / ჷნაბ)

ძირა – სპარსული زیره (ziːˈɾæ)

ჭვავი – ძალზედ ჰგავს თურქულ ან სპარსულ Çavdar-ს, რაც სპარსულად ნიშნავს ხორბალში გაზრდილს, თავად جو (jow/ჯოვ/ჭოვ) კი ქერსა და მარცვალს ნიშნავს, ანუ პრაქტიკულად იგივეა.

ხურმა – სპარსულად თავად ხურმა خرما (xurmā) ფინიკს ნიშნავს აი ხორმალუ خرمالو (khormâlu) (სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ კი ფინიკ-ქლიავა) კი იგივე ხურმა ანუ კარალიოკია

ცოტა თურქულიც შევურიოთ:

ყაბაყი – ან აზერბაიჯანულიდან qabaq ან თურქულიდანაა kabak / kabağı გადმოღებული

ცერეცო – ამან კი მართლა გამაკვირვა, ჟღერადობით ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი თუ ქართული არ იყო, თურმე მოდის თურქული dereotu, tereotu (ტერეოტუ-თერეოთუ-ცერეცო) და სიტყვასიტყვით ნიშნავს დატოტვილ ბალახს

ხო კარგით, სულ რომ არ წაგიხდეთ გუნება ამდენი სპარსულით ახლა ცოტა ბერძნულ დასახელებებსაც შევხედოთ

არაქისი – (იგივე მიწის თხილი) რათქმაუნდა არაქართულია – ἀράχιδνα (არახიდნა)

გოგრა – ეს ცოტა მარჩიელობის საგანია მაგრამ შესაძლოა ბერძნულიდან იყოს რადგან ძველ ბერძნულში γογγύλος (gogúlos, გოგულოს) მრგვალს ნიშნავს და გოგრის ლათინური სახელი Cucur/bita, Gugur/bita სწორად ძველი ბერძნული გოგულოს-იდანაა. თუმცა აქ ანალოგიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაშინ ქართული გორგოლა-ც ანალოგიურ (მრგვალის) მნიშვნელობას ატარებს და იქნებ სულაც ოდესღაც ქართულიდან შევიდა ძველ ბერძნულში

დაფნა – δάφνη (dáphnē)

პრასი – πράσο (práso)

რეჰანი – აგრეთვე ბერძნულია ρίγανη (rígani), სხვა ენებში კი ძველ-ბერძნული ვერსია უფროა გავრცელებული ὀρίγανον (origanon). ძველად შაშპრა, შაშკვლა და შაშპრა -ს ეძახდნენ. ახლანდელი შაშკვლავი ცოტა სხვა მცენარეა.

სტაფილო – ასევე ძველი ბერძნულიდანაა Σταφυλῖνος (stafelinos)

ფინიკი – ეს დასახელებაც რათქმაუნდა ბერძნულიდანაა შემოსული Φοῖνιξ (Phoîniks)

მოდით ახლა ჩვენს მეზობელ სომხეთისკენ გადავინაცვლოთ

ბოლოკი – բողկ (bołk) – ბოლოკია, ხოლო მისი ერთ ერთი სხვა ვერსია բողկուկ (bołkuk) ნიშნავს როგორც ბოლოკს ასევე ახლად ამოსულ რქებს

თალგამი – თურმე არც ესაა ქართული სიტყვა და სომხურის გავლით շաղգամ (šałgam) სპარსულიდან شلغم (šalğam) აგვიღია. შალღამ – შალგამ – ჩალგამ – თალგამ

ოსპი – ასევე შესაძლოა სომხურის გავლით შემოსულიყო ქართულში ոսպ (osp), თავის მხრივ კი თავდაპირველად ბერძნულია όσπιο / Όσπρια (óspio / ოსპია) და ზოგადად პარკოსნებს აღნიშნავს

ქინძი – ესეც ძველად შემოსული სომხური სიტყვაა գինձ (ginj)

ღანძილი – ანალოგიურად სომხური სიტყვაა ղանձիլ (ღანძილ) ძველად კი ჯიშკილა რქმევია

ჭერამი – ძველ-სომხური ծիրան წირან-იდან მოდის და თურმე საქართველოს ზოგ კუთხეში დღესაც ამ თავდაპირველი სახით მოიხსენიებენ.

ბოლოსათვის ასევე საინტერესო ლათინურიდან წარმოშობილ სიტყვებს შევხედოთ

კარტოფილი – ზოგადად ეს სიტყვა გერმანულიდანაა გავრცელებული Kartoffel, რომელიც თავის მხრივ იტალიური tartuficolo-ს დამახინჯებული ვერსიაა, რომელიც თავად ლათინური terrae tuber-ის სახეცვლილებაა და ტრიუფელს ნიშნავს.

კიტრი – შესაძლოა ასევე ლათინური citriolum / citrius –იდან იყოს შემოსული, იტალიურშიც ანალოგიური სახელი აქვს cetriolo

კომბოსტო – აქ ისედაც ცხადია, რომ იგივე წარმოშობა აქვს რაც ინგლისურ Cabbage, ფრანგულ Cabocce, თუ სლავურ Kapusta-ს. აი ძველად კი კეჟერა და ხვიტი რქმევია (კონკრეტულად ხვიტი ზუსტად ისაა რომელიც თავს იხვევს)

ნუში – არ ვიცი ეს რამდენად დემთხვევის ამბავია, მაგრამ ლათინურში nux da გერმანულშიც nuss თხილეულობის ზოგადი სახელია, იქნება ეს კაკალი, თხილი თუ თავად ნუში.

სორგო – იგივე „ცოცხი“ ამ მცენარის ლათინური სახელიდანა გადმოღებული sorghum რომელიც იტალიურიდან sorgo იქნა აღებული

ბოლოსათვის რამოდენიმე საინტერესო სიტყვა შემოვინახე.

თურმე ფეიხოას სახელი ერთ ერთი ბოტანიკოის, კონკრეტულად კი João da Silva Feijó-ს საპატივსაცემოდ დაარქვეს.

თურმე არც პიტნა ყოფილა ქართული სიტყვა და ჩრდილო ინდოეთში, პაკისტანში ა.შ. პიტნას რომელიც ჩაის დასაყნებლად და საჭმელში დასამატებლად იყენებენ ჰქვია Pudina /pudīna/ ან Putina, და ალბათ სპარსეთის გავლით შემოვიდა ქართულში.

ჩემთვის ძალზე საინტერესოა სიმინდის სახელი, არ ვიცი დამთხვევაა თუ არა მაგრამ ამ მცენარის სახელი რამოდენიმე ენაში უცნაურად შეიცავს ინდიფუძეს, კერძოდ ირლანდიურში ჰქვია arbhar Indiach (ანუ ინდური რაღაც arbhar-ი) კატალანურში ჰქვია panís de les Índies (ანუ ისევ და ისევ ინდოეთის/ინდური panis-ი, რაც პენისს ნიშნავს, ფორმიდან გამომდინარე). საქმე იმაშია რომ სიმინდი ამერიკიდანაა შემოტანილი და სანამ გაარკვევდნენ რომ ამერიკა ამერიკა იყო, და არა ინდოეთი, ალბათ სიმინდის სახელზეც გადავიდა ეს შეცდომა. საკითხავი ისაა ქართული სიმინდი რაიმე სა-ინდო ან რაიმე ეგეთი ფორმით ხომ არ იყო თავდაპირველად ქართულში ან იქნებ სულაც რაიმე ლათინური ფორმა იყო, მაგალითად semen(seː.mẽ)+indi (ინდური თესლი/მარცვალი) რაც სიმინდად გადაიქცა.

ცოტა გრძლად კი გამომივიდა და თან ალბათ არც თუ კარგ განწყობაზე დაგაყენეთ მაგრამ რაცაა ესაა, ძალზედ ბევრი სიტყვა გვაქვს ნასესხები, თუმცა ამაში ცუდი არაფერია. უბრალოდ საინტერესოა 🙂

იმითი-ღა დაგამშვიდებთ რომ როგორც ჩანს არცერთი კენკრა და კენკრისდაგვარი ხილი რატომღაც უცხო სახელს არ ტარებს და ყველა – ასკილი იქნება, ზღმარტლი, კვრინჩხი, კოწახური, კუნელი, მარწყვი, მაყვალი, მოცხარი, მოცვი, ჟოლო, ფშატი, ყურძენი, შინდი, წყავი, ძახველი თუ ხენდრო როგორც ჩანს უცხო სიტყვა არაა… ნუ მე ვერ ვიპოვე ვერანაირი ამისი დასტური ან კვალი და თუ თქვენ იცით რაიმე შემატყობინეთ.

წავუ-შუმერ-ულოთ? :)

დეკემბერი 7, 2013

როგორც ყოველთვის ეს პოსტიც უსაქმურობის პერიოდშია დაწერილი და ისევ ჩემს გატაცებას – ლინგვისტიკას მივუბრუნდები. გაფრთხილებთ რომ ისეთ ინფორმაციას შეიცავს რომ შეიძლება ბოლომდე წაკითხვა დაგეზაროთ, და საერთოდაც ეს არაა პოსტი უფრო რაღაც ინფორმაციის ხროვაა.

როგორც ადრე აღმინიშნავს დიდ სიამოვნებას მანიჭებს ეტიმოლოგიური კვლევების კითხვა და თუნდაც შუმერული ლექსიკონის გარჩევა იმ მიზნით, რომ რაიმე საინტერესოს წავაწყდე. ეს “პოსტიც” სწოდად ამის თაობაზეა, მე არც მეცნიერობაზე ვდებ თავს (ლინგვისტიკური განათლების არ ქონის გამო) და ზოგიერთი ფსევდო მეცნიერივით აბსურდული თეორიების წამოწევას არ დავიწყებ, უბრალო დმინდა შემოგთავაზოთ ის შესაძლო კავშირები ქართული ენისა შუმერულთან რომლებსაც ლექსიკონის კითხვისას გადავაწყდი.

რათქმაუნდა ძალიან რთულია იმაზე საუბარი როგორ შეიძლება მომხდარიყო ესა თუ ის სიტყვა შესაბამისი სახეცვლილებით შუმერულიდან ქართულში (აქ ხომ ათასწლეულებზეა ლაპარაკი), ჰქონიათ თუ არა ქართველურ ტომებს პირდაპირი კავშირი შუმერებთან, ან ხდებოდა თუ არა ეს სხვა შუალედური ხალხების გავლით, მაგრამ ისევე როგორც მრავალი მეცნიერი ფიქრობს, ჩემის აზრითაც გარკვეული კავშირების დანახვა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

სიტყვების შედარებისას უნდა გავითვალისწინოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსი:

I – ძირითადი მნიშვნელობა აქვთ თანხმოვნებს და არა ხმოვნებს. ზოგადად ხმოვნების მნიშვნელობები შუმერულში დანამდვილებით არაა ცნობილი და სპეკულაციის და შეთანხმების საგანს უფრო არმოადგენს. ამიტომაც ქვემოთ მოყვანილ შედარებით ცხრილში სადაც ნაჩვენებია თუ როგორ წარმოითქმეოდა შუმერული სიტყვები“ი” ხმოვანი ირაციონალური ხმოვნით “ჷ” მაქვს წარმოდგენილი რადგან ი-ს ცვლილება ე-დ და ე-სი ა-დ ძალზედ იოლია და იმისი დადგენა თუ რომელ ხმოვნად მოაღწევდა თავდაპირველი “ი” ჩვენამდე ძალზედ რთულია და. რათქმაუნდა სხვა ხმოვნებსაც კი შეეძლოთ გარდაქმნა ო-უ, ე-ა და ა.შ., მაგრამ ისინი ზოგადად შეუცვლელად დავტოვე.

(ხო მართლა, არ შეგეშალოთ ასოში, ის შუალედური ბგერაა ა-ე-ი -ს შორის, წააგავს რუსულ ы-ს)

II – თანხმოვნებისათვის კი უნდა გავითვალისწინოთ მათი მსგავსი თანხმოვნებით ჩანაცვლების შესაძლებლობაც. იმის გათვალისწინებით რომ ლაპარაკია ათასწლეულებზე ეს ცვლილება თანხმოვნებს სულ მცირე 1-2-ჯერ უპრობლემოდ შეეძლოთ განეცადათ.

აგრეთვე გასათვალისწინებელია რომ შუმერული სიტყვებისის ლათინური ანბანით ტრანსლიტერაციის გამო შესაძლოა მრავალი თანხმოვანი იკაგრება ან ასიმილირდება სხვა “მსგავს” თანხმოვანში, რასაც ევროპელი სწავლულები უბრალოდ იგნორირებას უკეთებენ. მაგალითისთვის ანაოგიური სიტუაციაა ქართულის ტრანსლიტერაციის დროს როდესაც კვლევით შრომებშიც კი ასო “q”- თი აღინიშნება როგორც “ქ” ასევე “ყ” ასოები, ან “t”-თი “თ” და  “ტ”. ანუ იმისათვის, რომ  აღვადგინოთ ეს “დაკარგული” ასოები უნდა გავითვალისწინოთ, რომ q, t, p და ა.შ ასოები სინამდვილეში გაცილებით ფართოდ უნდა იყვნენ განხილულები და არ უნდა შემოვიფარგლოთ მათი ლათინური წარმოთქმის მიხედვით.

მოდით ახლა უფრო დავაზუსტოთ რა ბრეგით მასალას შეიცავს ქართველური ფონეტიკა (იხ. ცხრილი) და რა დასაშვები ცვლილებები შეიძლება მომხდარიყო თანხმოვნებში. ზოგადად ეს ჩანაცვლებები ბუნებრივი პროცესია და  ადვილი დასანახია მაგალითად უცხოელთა მიერ ქართული სიტყვების გამოთქმისას როდესაც ისინი ავტომატურად ანაცვლებენ ამა თუ იმ ბგერას მათთვის ცნობილი ანალოგიური ბგერებით. ყველა შესაძლო ცვლილებას პატარა მაგალითს დავურთავ (შესაძლოა არც თუ საუკეთესოს მაგრამ მაინც), რომ უფრო ადვილი გასაგები გახდეს თუ რაზე ვსაუბრობ

image

1 – ბ-პ-ფ, გ-კ-ქ, დ-ტ-თ, ჴ-ჹ-ყ სამეულებში ერთმანეთის ჩანაცვლება. მაგალითისათვის – რუსი იტყოდა საkარtველო – ქ-კ, თ-ტ

2 – შესაძლოა ხშულების ან ნაპრალოვნების აფრიკატებში გადასვლა, მაგალითად რბილი -გვაძლევს -ს, რბილი -ს და ა.შ. ან გადადის -ში, -ში…  მაგალითად რუსულად დიმა გვაძლევს არა – იმას არამედ იმა-ს

3 – თავად აფრიკატების წანაცვლება ც-ჩ, ძ-ჯ, წ-ჭ. ეს მაგალითები ბავშვების ლაპარაკისასაა განსაკუთრებით ადვილი შესამჩნევი, როდესაც მათ ჯერ ბოლომდე არ აქვთ ათვისებული ფონეტიკის ყველა ნიუანსები და რთულია იმის გარჩევა მაგალითისთვის ალიან-ს იძახიან თუ ალიან-ს, ხლი  თუ ხლი და ა.შ 🙂 ამ ასოების განცალკევება ცოტა გვიან ასაკში ხდება.

4 – ველარების და უვულარების ჩანაცვლება : ქ-ხ, გ-ჹ, კ-ყ, ხ-ჰ და ყ-ჸ. ვინც არ იცის – ეს “ჸ” არის ბგერა ა-სა და ყ-ს შორის და მრავალი აღწერს როგორც ღებინების დროს ამოსულ ბგერას (პრაქტიკულად იგივეა რაც არაბული ყ)

5 – ე.წ. ლიკვიდების – ნ-რ-ლ ურთიერთჩანაცვლება. ამისათვისაც კარგი მაგალითია ის თუ როგორ ელაპარაკებიან პატარა ბავშვებს. იმისათვის რომ თქვან “ა ლალაზი გოგოა!” იძახიან “ა ლამაზი გოგოა!”

ანუ პრაქტიკულად ლაპარაკია მცირე ცვლილებებზე რაც მოიცავს ბგერების იმავე მწკრივსა ან სვეტში გადაადგილებას (და იცის ძალზედ შეზღუდული შესაძლებლობებით) და ყოვლად გამორიცხულია მაგალითისათვის “პ”-ს “ღ”-დ გარდაქმნა ან “ბ”-სი “ჟ”-დ და ა.შ.

და ა ბატონო, ქვემოთ არასრული სია იმ სიტყვებისა რომლებიც რარაცნაირად მივამსგავსე ქართულებს (მაპატიეთ თუკი მრავალი მათგანი ადრევე აღმოაჩინეს, გაფილტვრის დრო არ მქონია რომ ასეთი სიტყვები ამომეყარა).

ზოგიერთი შესაბამისობა ალბათ რთული დასაჯერებელია (და თავადაც ვერ ვიტყვი მომწონს მეთქი), მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ შუმერებიდან ჩვენამდე 6000 წელზეა ლაპარაკი და სიტყვებში ათასგვარი ცვლილება შეიძლება მომხდარიყო.

შუმერული სიტყვა მნიშვნელობა წარმოთქმა თანხმოვანთა ცვლა შესაძლო ქართული შესაბამისობა
a-ba ვინ? აბა აბა question marker
aga უკან, შემდგომ აგა გ→კ უკა-/ნ, უკუ ?
akkil რიტუალური ძახილი, მოთქმა აკჷლ კ→ქ→ხ ძ-ახილ-ი
baba ფაფა ბაბა ბ→ფ ფაფა
bal, bar ტრიალი, ბრუნვა ბალ, ბარ ბრ-უნ-/ვა
bar-bar, babbar ალი ბარბარ ბარბარი (ბრიალი)
bu ბერვა ბუ ბერ-/ვა
bulug საზღვარი, კიდე ბულუგ ბოლო (კიდე)
bur დაფარვა ბურ ბურ-/ვა, სა-ბურ-ველი
bur, buru ბურღვა ბურ ბურღ-/ვა
dal-la, dal, daal შუადღე დალა დილა ?
de დასხმა, დინება დე დე-ნა, დინება
dili-dili, dil dil თითოეული ცალცალკე დჷლ დჷლ დ→ძ→ც ცალ-ცალ-ი
dub ცემა, ნჯღრევა, დაგდება… დუბ ბ→ფ დაფ-დაფ-ი (უნგრ. dob – დოლი)
dug ქოთანი, დოქი დუჸ ჸ→კ→ქ დოქი
dug თქმა, ლაპარაკი დუჸ დ→თ

ჸ→კ→ქ

თუქ-უ, თქ-უ
dugga თიხა დჷგა დ→თ

გ→ქ→ხ

თიხა
e ეს ე-ს
i აწევა, აღმოცენება ა-, აღ-
egar, egir აგური ეგჷრ აგურ-ი
en-na მანამდე სანამმ ენნა მ-ანა-მდის, ს-ანა-მ
erim კაცი, ჯარისკაცი, ჯარი, ხალხი, ერი ერჷმ ერი
e-ze შენ ე-ზე ზ→ჟ→შ შე-(ნ)
gal დიდი ჸალ ჸალყ-ზე დადგომა ?
gal-(la) ქალის სასქესო ორგანო გალ გ→ქ ქალ-ი
gan ბაღი, სტეპი, უბაბნო ჸან ყანა
gi ჩაკეტვა, გამომწყვდევა ჸჷ ჸ→კ კეტ-ვა ?
gi ღამე, სიბნელე ღჷ ღამე
gid გრძელი გჷდ გდ-ელი, გრძ-ელი
gigir ბორბალი გჷგჷრ გორგალ, გორ-/ვა
gi-izi-la ჩირაღდანი გჷზჷლა გიზ-გიზ-ი
girag გორვა, ბრუნვა ჸჷრაჸ ყირაობა? გირაგი?
gir-gir(-ri) ჭექა, ქუხილი გჷრგჷრ რ→ნ გრგუინ-ვა ?
giS წამოწევა, წამომართვა, ადგომა ჸჷშ ჸ→ყ

შ→ჟ

ყიჟ-ინ-ა
gu ყელი ჸუ ჸე-ლი
gu-(ra) ღრიალი, ყვირილი ჸუ-რა ჸუირ-ილ-ი
gúb აქადური გაწმენდვა, გასუფთავება გუბ დღუება (უნგრ. köp-ülni “to make butter”)
gu-du ანუსი ჸუდუ ჸ→კ კუდი? კუტუ?
Gun აქადური ტვირთი (არა მხოლოდ ფიზიკური) გუნ და-ღონ-ება (უნგრ. gond – worry)
gur გორვა გურ გორ-ვა
gúr გაცამტვერება, კვლა ჸურ რ→ლ კულა – კვლა
gur, kun ღუნვა გუნ, კუნ გ→ღ ღუნ-ვა
gur, kur სქელი, ძლიერი კურ მ-კურ-ივი
haShur ვაშლი (ჰ)აშურ რ→ლ უაშლ-ი
hul-(la), þúl ბედნიერი, გახარებული ჰჷლ ლ→რ სი-ხარ-ული, გა-ხარ-ება
inim სიტყვა ჷნჷმ ენა
ipari მეუფე ჷფარჷ რ→ლ უფალი, მე-უფე, მეფე
isten ერთი ჷსთენ ს→შ პროტო ქართვ – აშთი → ართი
ka კარი, კარიბჭე კა კა-რი
Kal-ag, kal-a, kal ძლიერი, ძვირფასი კალ- ლ→რ კარ-გი
kalu ყველა კალუ კ→ყ ყუელ-ა, ყოველ-ი
ki, ke სად, სადაც, გარეთ -კენ ?
ki-mah ადგილ-მაღალი მაჰ ჰ→ხ→ღ მაღ-ალ-ი
kud, ku მოჭრა, განცალკევება კუდ კოდ-ვა
kukku ბნელი, სიბნელე კუკუ უკუ-ნი
kun კუდი კუნ კუდ-ი
kur, kuur, ko ქვა კო კ→ქ ქუ-ა
ma მაგრამ მა მა-რა, მა-გრამ
საკუთრივ, თვითონ ნჷ -ნ
pah ფეხი (ცხოველის) ფაჰ ჰ→ხ ფეხ-ი
par რაიმეში ჩატევა ფარ და-ფარ-ვა (მალვა)
pàr, bàr, pàra, bàra გაშლა, გავრცელება ბარ, ფარ და-ფარ-ვა (რაიმეთი)
parz-illu რკინა ფარზ-ჷლუ ფ→ბ

ზ→ჟ

ბერეჟ (რკინა სვანურად), ბრძ-მედი
peš-peš ფიზიკურად ინვალიდი, განიერი ფეშ-ფეშ ფაშ-ფაშ-ა
pu პირი პუ პირი
qab(u) ლაპარაკი ჸაბ ბ→ფ ლა-ყაფ-ი, ლაყბობა
re; ri, rá, გასვლა, სვლა, შორს გამგზავრება რე, რჷ რა რე-ბა
ru-gú, u-gú საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა უგუ გ→კ უკუ
saggig შაკიკი შაჸჸჷჸ შაკიკ-ი
sag-hul კარგ-ცუდი (ავკარგი) საგ გ→ღ საღ-ი, კარგი
sar წერა სარ ს→ც→წ წერ-ა
šár, sár სრული, სრულად შარ, სარ შ→ს სრ-ული
šar, šargeš ჯარი შარ შ→ჟ→ჯ ჯარ-ი
še -ჯერ შე შ→ჟ→ჯ -ჯერ
-Se, -Si -კენ -ში შე, შჷ -ში-(გან)
šen ვარსკვლავი, ბრწყინვა შენ მ-შუენ-ება
sila, sil; síl, zil ჭრა, დაყოვა, დანაწილება სჷლ, ზჷლ წილ-ი, განა-წილ-ება
šita აქადური სუფთა, განბანილი, წმინდა, მღვდელი შჷთა შ→ს სუფთა
šub სროლა, დაგდება (šu, ‘ხელი’ + bu, ‘გასროლა’). შუბ შუბი
sue აქადური ზღვა სუე ს→ზ ზღუა
Su-gur გორვა, ხვევა გურ გორ-ვა
Suh აქადური შეწუხება სუჰ ს→ც→წ შე-წუხ-ება
sur დასხმა, დაღვრა სურ ს→ც→წ წურ-წურ (დაღვრა)
šur, zur წურვა, დენა შურ წურ-ვა, წურ-წურ-ი
su-ra შორს-მიმავალი სურა ს→შ შორ-ი
šurun, šurim, še ცხოველთა განავალი შურ-ჷმ, შე შ→ს სკორ-ე
ta ablative suffix თა თა, თი, ით – ablative/instrumental case suffix
-ta -დან თა თ→დ -დან
tab ორმაგი ტაბ ტ(ყ)უბ-ი
tab მიწებება, მიკრობა თაბ თ→ც→წ წებ-ო
taka, ta აქადური მიწოლა, კვრა თა თ→ც→წ მი-წ-ოლა (უნგრ. tol-ni “to push”)
tar მტვრევა, ტეხვა ტარ მ-ტურ-ევა
ten; te-en აქადური ცივი, სიცივე (en-ten – ზამთარი) თენ ნ→რ ზა-მ-თარ-ი
ti instrumental suffix თჷ თა, თი, ით – ablative/instrumental case suffix
til-a, til მთელი, სრული თჷლ მ-თელ-ი
tu დაბანვა, ბანაობა ტუ ტო-ბა ტბა ?
tukum თუკი, იმ შემთხვევაში თუ თუკუმ თუკი ?
tur-tur 2 x მცირე თურ თ→ც მ-ცირ-ე
ugu თავი, ქალა, გონება უგუ გუნ-ება, უ-გუნ-ური
ur in such manner, -ვით -ებრ ურ -ურ -ებრ
zae შენ ზე ზ→ჟ შე-(ნ)
zag, zà ზღვარი, კიდე, გვერდი ზაგ, ზაღ ზღ-უდე, ზღ-უარი
zalag, zal, zil(-la) სინათლე მზის ამოსვლამდე ზჷლა ზ→ძ→დ დილა
zig, zi აწევა, ადგომა, (rise) ზჷ ზე (მაღლა)
zil-(la) დაწყნარება ზჷლა ზ→ძ ძილ-ი
zu, sú ცოდნა ზუ ზ→ძ→ც ცოდ-ნა (უნგრ. tud-ni “to know”)

მოკლედ მომავალში შაკიკი თუ გექნებათ თავად გადაწყვიტეთ ჯერ კიდევ ძველ დროს შუმერულიდანაა ეს სიტყვა ქართულში შემოსული თუ სპარსული ან რაბულიდან, მაგრამ აი ფაშფაშა ქალის დანახვაზე გახსოვდეთ ეგ სიტყვა ალბათ 6 ათასი წლის წინანდელია 🙂

ჩემი “ძირძველი” ქართული სახელი

მაისი 28, 2012

დიდი ხანია მინდოდა ერთხელ და საბოლოოდ გამერკვია მაიც საიდან მოდიოდა და რა მნიშვნელობის მატარებელი იყო  ჩემი სახელი, თუმცა ვერასდროს ვპოულობდი მისი წარმოშობის ისტორიას. ყველა სახელთა სიასა თუ წიგნში ის ან ნამდვილ ქართულ სახელადაა მოხსენიებული, ან წერია ბერძნულია, მაგრამ ეტიმოლოგია უცნობიაო. მოკლედ, ერთი რამ გასაგები იყო, რომ წყობის მიხედვით ის არანაირად არ იყო ქართული წარმოშობის და ბიზანტიური/ბერძნული უნდა ყოფილიყო და მისი ამომავალი ფორმა არა თორნიკე არამედ თორნიკეს და თორნიკიოს გახლდათ. ვიკიპედიაში ადვილად მოიძედნება არაერთი დიდებული თუ წარჩინებული მოღვაწე ამ სახელით რომლებსაც ბიზანტიასა და რომის იმპერიაში მრავალი მაღალი თანამდებობა ეკავათ, თუმცა ყველა სხვა სახელებისგან გასსხვავებით რომლებსაც იგივე ტიპის აგებულება აქვთ -იკოს -იკეს -იკიუს -იციუს ბოლოსართებით (იმის მიხედვით თუ სადაურ წყაროებს მივმართავთ) პრაქტიკულად ყველა სახელის ეტიმოლოგია მოიპოვება (ანდრო-ნიკეს/უს, დომი-ნიკე/უს, ეუგე-ნიკოს), მაგრამ ყოვლად გაუგებარი იყო მაინც რას ნიშნავდა ეს “თორ”. და აი როგორც იქნა ბევრი წვალების მერე მგონი მივაგნიე სწორად იმას რასაც ვეძებდი.

საქმე იმაშია რომ პრაქტიკულად ყველა თორნიკიოსი სხვადასხვა წყაროში ან სომხური წარმოშობის დიდებულადაა მოხსენიებული, ან ქართველად/ივერიელად (ყველა მათგანი გაბიზანტიელებული იყო). ამ ფაქტმა ჩემი დიდი დაინტერესება გამოიწვია, მაინც რას უნდა გამოეწვია ესთი გაუგებრობა და შეუთანხმებლობა და დავიწყე ვიკიპედიის, ფორუმების და და სხვა წყაროების კითხვა. საქმე იმაშია, რომ ის რასაც ბიზანტიელები ივერიას ეძახდნენ არა აღმოსავლეთ საქართველოს (გოროგც ჩვენ ზოგადად წარმოვიდგენთ), არამედ ძირითადად ტაოს ტერიტორიას წარმოადგენდა და ის ე.წ. ივერიის თემის სახით შედიოდა ბიზანტიის შემადგენლობაში (http://en.wikipedia.org/wiki/Iberia_(theme)). თავისი ეთნიკური შემადგენლობით ის არ იყო სრულიად ქართული ტერიტორია, არამედ საქართველოსა და სომხეთის ნაწილების გაერთიანებას წარმოადგენდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მასში მცხოვრები სომხები იმით განსხვავდებოდნენ თავისი მოძმეებისაგან, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევრები იყვნენ და არა სომხურისა; ამის გამო მრავლად იყო მრავალეთნიკური ქორწინებები და დიდებულთაგან პრაქტიკულად ყველას ასეთი ქართულ-სომხური “ბექკგრაუნდი” გააჩნდა. მრავალ წყაროში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული ამ “გაქართველებული” სომხების არაჩვეულებრივი განსწავლულობა ქართულ ენაში და მათი რიტორიკული შესაძლებლობები სომხურთან ერტად. სწორად ამიტომაა, რომ წყაროები მათ ხან ივერებად მოიხსენიებენ (მათი გაქართველების გამო), ხან კი სომხებად (როდესაც მათი ეთნიკური წარმომავლობა იყო ხაზგასმული). ასეა თუ ისე სახელი თორნიკე იმ დროინდელ ბიზანტიასა და ივერიის თემში მრავალი სახით გვხვდება – თორნიკ-ეს, თორნიკ-იოს, ტორნიც-იუს, თორნიკ-ია და ა.შ. და თუკი გაბატონებულ ქართულ ვერსიას დავივიწყებთ, რომელიც თორნიკეს ძირძველ ქართულ სახელად მიიჩნევს და იმდროინდელ სიტუაციას გავითვალისწინებთ, ყველაფერი ნათელი ხდება; კერძოდ კი –იკ სუფიქსი კარგადა ცნობილი რომ სომხურში დღემდე კნინობითი ფორმების წარმოსაქმნელად გამოიყენება (ანდრან-იკ, ხაჩ-იკ, გარ-იკ) და ის სწორად მას წარმოადგენს და არასწორია სახელის ამგვარი დაშლა – თორ-ნიკე, საქმე გვაქვს არა –ნიკე-სთან რომელიც ღვთაების სახელიდან მოდის და სხვა სახელების ნაწილად გვევლინება, არამედ მხოლოდ –იკ კნინობით ფორმასთან და გასაგკვევი მხოლოდ ისღა რჩება მაინც რაა ეს “თორნ”. მაშინ როდესაც ქართულშიც და ბერძნულშიც ის არაფრის მთქმელია როგორც არ უნდა დავშალოთ სახელი, სომხურში მას ძალიან კონკრეტული მნიშვნელობა გააჩნია და თორ/თორნ  შვილიშვილს ნიშნავს, ანუ თორნ-იკ პრაქტიკულად იგივეა რაც შვილიშვილ-უნა/უკა, ხოლო ბოლოში –ეს –იკიოს -იციუს სუფიქსები მისმა გაბიზანტიურებამ გამოიწვია. ანალოგიური სახელები ხომ ქართულშიც მრავლად მოგვეპოვება – პაპუნა, მამია, ბიძინა, ბაჩანა, ბაია და ა.შ.
მოკლედ რომ ვთქვათ სახელი რომელსაც ვატარებ გამოყენების მხრივ გაქართულებული ბიზანტიურია (-ს ასოს ჩამოშორებით, რომელიც ყველა სხვა სახელს ემართება ბიზანტიურიდან გადმოტანისას), სტრუქტურულად ბერძნულ/ბიზანტიური, ხოლო საწყისი სულაც სომხური ჰქონია.
ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რომ ერთი ამბავი გამახსენდა რომელიც დედაჩემისგან მოყოლით ვიცი; თურმე ახალდაბადებული ვიყავი და დედაჩემი ეზოში მასეირნებდა, როდესაც ერთი სომეხი მეზობელი ჩაეკითხა რა დაარქვითო, და დედაჩემის პასუხზე ჩვენმა მეზობელმა ძალიან გაიკვირვა “ვაააააა, თორნიკ, ეს რა სომხური სახელი ჰქვია აი?!”. რათქმაუნდა ამან დედაჩემს უბრალოდ ღიმილი მოჰგვარა, ასეთ ნამდვილ ქართულ სახელზე ამას რას მეუბნებაო, მაგრამ როგორც ჩანს გული უნდა გავუცრუო – რას ერჩოდი იმ ქალს ერთადერთი ადამიანი ყოფილა რომელმაც სიმართლე იცოდა.

შაბათ-კვირის ფიქრები

აგვისტო 28, 2011

როგორც ჰამბურგში დღეთა უმრავლესობა ამ შაბათ კვირის დღეებიც ისეთივე წვიმიანი და დეპრესიულები გამოდგნენ; აი როდესაც ვერც გარეთ გახვალ, სახლში ჯდომაც არ გინდა, არ იცი რა აკეთო და ეს უაზრობა ცუდ ხასიათზე გაყენებს.

ხოდა ისევ ვიფიქრე რაიმე დამეწერა სხვადასხვა სიტყვების ქართულში დამკვიდრების თაობაზე. ზოგადად ჩემთვის უფრო საინტერესო უცხო ენების სიტყვებია ხოლმე რომლებიც ამა თუ იმ გზით ქართულში შემოდიან, მაგრამ არიან სიტყვები რომლებიც სხვა ენებშიც არაფერს ნიშნავენ და უბრალოდ ფირმების სახელებია, მაგრამ ისინი გლობალურად ხდებიან ამა თუ იმ საგნის აღმნიშვნელები. მოდით ამ მაგალითებზე დავწერ ცოტას.

პირველ რიგში მინდა ისეთ სიტყვებხ შევეხო რომლებმაც თავი ყველა ენაში დაიმკვიდრეს. მაგალითისთვის თერმოსი სულაც არაა ზოგადი სახელი და მისი თავდაპირველი დასახელება დეუარის ქილა იყო (რადგან მისი გამომგონებელი შოტლანდიელი ფიზიკოს-ქიმიკოსი ჯეიმს დეუარი გახლდათ) მაგრამ მას მერე რაც 1904 წლიდან მოყოლებული გერმანულმა კომპანია Thermos-მა მისი სერიული წარმოება დაიწყო ყველა შემდგომი მწარმოებლის ნაკეთობაც დღემდე თერმოსად მოიხსენიება.

ანალოგიური სიტუაციაა მაგალითად პრიმუს-თან მიმართებაში, ის დაპატენტებული იყო როგორც – უფითილო, დაწნეხილ საწვავის ორთქლზე მომუშავე უჭვარტლო გამახურებელი მოწყობილობა 🙂 და ისევ და ისევ მისი პირველმწარმოებელი ფირმის Primus-ის სახელიდან გამომდინარე ანალოგიური ტიპის ყველა ქურას დღემდე პრიმუსს უწოდებენ. ისე საინტერესო ფაქტია რომ სწორად პრიმუსით იყო აღჭურვილი ამუნდსენის სამხრეთ პოლუსზე მიმავალი ექსპედიცია.

იგივე შეიძლება ითქვას კედ-ების თაობაზე  ზოგადად მსოფლიოში და მაგალითად ბოტას-ებზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, უბრალოდ ისე მოხდა რომ ფირმის სახელი რომლის სპორტულმა ფეხსაცმელებმაც საბჭოთა კავშირში შემოვაღწია სწორად Botas-ი იყო და ის სამუდამოდ დარჩა ამ ტიპის ფეხსაცმელების აღმნიშვნელად.

ასევე მოხდა ფლომასტერ-ის შემთხვევაშიც, ის სხვა არაფერი იყო თუ არა ფირმა რომელიც მარკერებს უშვებდა (პოპულარული ის ძირითადად შუშაზე წერის და გაუმჭვირვალი მელნევის გამო გახდა, რაც საშუალებას იძლეოდა ძველ ნაწერზე ზემოდან სხვა რამ დაწერილიყო და მთლიანად დაემალა ქვედა შრე) Flo-Master 1980-იანების ბოლოს მთლიანად გავიდა ბაზრიდან მაგრამ მისი სახელი ჯერ ისევ ცოცხალია :).

ჩვენთვის ლოკალურად გავრცელებული საინტერესო მაგალითებია ქსეროქს-ი და ნოვა. დაქსეროქსება ჩვენთვის ჩვეულებრივ სიყვვად იქცა მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენთან შემოსული კოპირების აპარატების უმრავლესობა სწორად Xerox-ის ფირმისა გახლდათ, მაგრამ მაგალითისათვის კოპირებას მალაიზიაში და ინდონეზიაში “და-Canon-ება” ჰქვია; ხოლო ფრაზა “აუ ნოვა ხომ არ გაქვს?” ისეთივე გასაგებია ჩვენთვის როგორც მაგალითად ამერიკელი ჰკითხავდა ვინმეს “Do you have Cleenex?”-ო.

მოკლედ საინტერესოა როგორ ხდება კონკრეტული სახელების განზოგადება და როგორ ეჩვევიან მათ თაობები, დარწმუნებული ვარ ბევრი არც დაფიქრებულა რატომ ჰქვია ფლომასტერს ფლომადსტერი და ბოტასს ბოტასი… ალბათ კიდევ რამდენ ასეთ სიტყვას ვიყენებთ…

მოკლედ… უაზროდ ჯდომას მგონი სჯობდა ეს თუნდაც ყოვლად უმაქნისი პოსტი დამეწერა, სხვა თუ არაფერი დრო მაინც მოვკალი 🙂

უხ ეს არამზადები

მაისი 30, 2010

საერთოდ ძალიან მიყვარს ლინგვისტური კერძოდ კი ეტიმოლოგიური კველევების შესახებ კითხვა და თუკი თავად მომეცა იმის საშუალება რაიმე საინტერესო სიტყვის არსს ან წარმოშობას ჩავწვდე ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ აქვს ხოლმე. და აი სულ რაღაც ორი დღის წინაც ასეთივე შემთხვევა დამემართა. ინდოელ ჯგუფელებთან ერთად კინოში აღმოვჩნდი სადაც გადიოდა ინდურ-ამერიკული ფილმი “My name is Khan”; რამოდენიმე უფასო ბილეთი ჰქონდათ ნაშოვნი და ცდუნებას ვერ გავუძელი. ჩემდა საუბედუროდ თუ პირიქით არც თავად ორიგინალური გახმოვანება მესმოდა, რადგან ჰინდიზე იყო და არც ფრანგული სუბტიტრები იყო დიდი შველა (თუმცა უნდა ავღნიშნო მათი დახმარებით სხვა თუ არაფერი არსს მაინც ვგებულობდი). და აი უცებ მომესმა ძალიან ნაცნობი სიტყვა, რამოდენიმე წამში ხელმეორედ და მერე კიდევ ერთხელ განმეორდა. ფილმის ერთ ერთი გმირი მეგობრის ყოფილ მეუღლეს არამზადჷ-დ მოიხსენიებდა, მაშინვე გამინათდა გონებაში და მივხვდი, რომ არამზადა სულაც არ ყოფილა ქართული სიტყვა და როგორც მრავალი სხვა სიტყვათაგანი რომელთა გამოყენებისას ბევრს ჰგონია რომ წმინდა ქართულად ლაპარაკობს ეს სიტყვაც ისეთივე ნასესხებია, როგორც მაგალითად ნიშანი, ფანჯარა, აივანი, ეშმაკი ან თუნდაც ბაღი.

იმ გარემოებამ, რომ ქართულში შემოსვლისას მრავალი სპარსულ-არაბული სიტყვა “ჰ” ბგერას ხშირად კარგავს ხოლო ჩვენთვის ნაკლებად ნაცნობი ხმოვანი “ə” ან “ა”-დ ან კი “ე”-დ გარდაიქმნება, იმდენად გააქართულა ეს სიტვვა, რომ ყოველდღიური მოხმარებისას რთულია მიხვდე, რომ ნასასხებ სიტყვასთან გაქვს საქმე.

ასე რომ არამზადა სხვა არაფერი ყოფილა თუ არა არაბული “ჰარამ”-ისა და სპარსული “ზადე”-ს გაერთიანება. მაგალითისთვის ვინც ევროპაშია ნამყოფი ალბათ ყველას უნახავს ზოგიერთ ხორცპროდუქტზე წარწერა “ჰალალ”-ი, რომელიც იმის მიმანიშნებელია, რომ მუსულმანებს მისი ჭამა შეუძლიათ (ცხოველის სპეციფიური წესით დაკვლის გამო). ეს “ჰალალ”-ი ისლამში ასე ვთქვათ  კარგის და ნებადართულის აღმნიშვნელი სიტყვაა, და ჩვენც ხშირად ვიყენებთ, როდესაც ვინმეს ჭამისას რაიმე გადასცდება და ზურგზე ხელს ვარტყავთ და ვაყოლებთ (ჰ)ალალი-იყოსო. სწორად მისი საპირისპირო, აკრძალულისა და ცუდის მნიშვნელობა აქვს სიტყვა “ჰარამ”-ს, რომელიც ასევე გამოიყენება ქართულში და ძირითადად წყევლაში გვხვდება “ხარამად შეგერგოსო”.

ახლა მოდით ისევ არამზადას დავუბრუნდეთ… მოკლედ არამზადის პირველი ნაწილი გასაგებია, რომ ცუდს და აკრძალულს ნიშნავს, აი მეორე “ზადე”-ს რა მნიშვნელობა აქვს ადვილი მისახვედრია თუკი დავუკვირდებით მრავალი აზერბაიჯანული ან სპარსული გვარის დაბოლოებას რომელიც ასევე “ზადე”-ა. ეს ზადე დაბადებას ნიშნავს, რაც ჩვენს არამზადას აკრძალულად დაბადებულად განგვიმარტავს, ან იმად ვინც არ უნდა დაბადებულიყო. ეს სიტყვა ჩვენ ქართულიშიც მოგვეპოვება და თანაც ნამდვილი ქართული ეტიმოლოგიით და სხვა არაფერია თუ არა ნაბიჭუარი. სწორად ამ მნიშვნელობას ატარებს ჰარამზადჷ როგორც ირანის ასევე პაკისტანის ტერიტორიაზე, ხოლო როგორც აღმოჩნდა ინდოეთში მას კიდევ უფრო მძიმე დატვირთვა აქვს და უკიდურესი სალანძღავი სიტყვაა. ასე რომ თუკი ინდოელების გარემოცვაში მოხვდებით და მათი მცირეწლოვანი ბავშვები სიცელქით და მოუსვენრობით თავს მოგაბეზრებენ არამზადები ნამდვილად სჯობს რომ არ დაუძახოთ. 🙂