Posted tagged ‘names’

ჩემი “ძირძველი” ქართული სახელი

მაისი 28, 2012

დიდი ხანია მინდოდა ერთხელ და საბოლოოდ გამერკვია მაიც საიდან მოდიოდა და რა მნიშვნელობის მატარებელი იყო  ჩემი სახელი, თუმცა ვერასდროს ვპოულობდი მისი წარმოშობის ისტორიას. ყველა სახელთა სიასა თუ წიგნში ის ან ნამდვილ ქართულ სახელადაა მოხსენიებული, ან წერია ბერძნულია, მაგრამ ეტიმოლოგია უცნობიაო. მოკლედ, ერთი რამ გასაგები იყო, რომ წყობის მიხედვით ის არანაირად არ იყო ქართული წარმოშობის და ბიზანტიური/ბერძნული უნდა ყოფილიყო და მისი ამომავალი ფორმა არა თორნიკე არამედ თორნიკეს და თორნიკიოს გახლდათ. ვიკიპედიაში ადვილად მოიძედნება არაერთი დიდებული თუ წარჩინებული მოღვაწე ამ სახელით რომლებსაც ბიზანტიასა და რომის იმპერიაში მრავალი მაღალი თანამდებობა ეკავათ, თუმცა ყველა სხვა სახელებისგან გასსხვავებით რომლებსაც იგივე ტიპის აგებულება აქვთ -იკოს -იკეს -იკიუს -იციუს ბოლოსართებით (იმის მიხედვით თუ სადაურ წყაროებს მივმართავთ) პრაქტიკულად ყველა სახელის ეტიმოლოგია მოიპოვება (ანდრო-ნიკეს/უს, დომი-ნიკე/უს, ეუგე-ნიკოს), მაგრამ ყოვლად გაუგებარი იყო მაინც რას ნიშნავდა ეს “თორ”. და აი როგორც იქნა ბევრი წვალების მერე მგონი მივაგნიე სწორად იმას რასაც ვეძებდი.

საქმე იმაშია რომ პრაქტიკულად ყველა თორნიკიოსი სხვადასხვა წყაროში ან სომხური წარმოშობის დიდებულადაა მოხსენიებული, ან ქართველად/ივერიელად (ყველა მათგანი გაბიზანტიელებული იყო). ამ ფაქტმა ჩემი დიდი დაინტერესება გამოიწვია, მაინც რას უნდა გამოეწვია ესთი გაუგებრობა და შეუთანხმებლობა და დავიწყე ვიკიპედიის, ფორუმების და და სხვა წყაროების კითხვა. საქმე იმაშია, რომ ის რასაც ბიზანტიელები ივერიას ეძახდნენ არა აღმოსავლეთ საქართველოს (გოროგც ჩვენ ზოგადად წარმოვიდგენთ), არამედ ძირითადად ტაოს ტერიტორიას წარმოადგენდა და ის ე.წ. ივერიის თემის სახით შედიოდა ბიზანტიის შემადგენლობაში (http://en.wikipedia.org/wiki/Iberia_(theme)). თავისი ეთნიკური შემადგენლობით ის არ იყო სრულიად ქართული ტერიტორია, არამედ საქართველოსა და სომხეთის ნაწილების გაერთიანებას წარმოადგენდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მასში მცხოვრები სომხები იმით განსხვავდებოდნენ თავისი მოძმეებისაგან, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევრები იყვნენ და არა სომხურისა; ამის გამო მრავლად იყო მრავალეთნიკური ქორწინებები და დიდებულთაგან პრაქტიკულად ყველას ასეთი ქართულ-სომხური “ბექკგრაუნდი” გააჩნდა. მრავალ წყაროში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული ამ “გაქართველებული” სომხების არაჩვეულებრივი განსწავლულობა ქართულ ენაში და მათი რიტორიკული შესაძლებლობები სომხურთან ერტად. სწორად ამიტომაა, რომ წყაროები მათ ხან ივერებად მოიხსენიებენ (მათი გაქართველების გამო), ხან კი სომხებად (როდესაც მათი ეთნიკური წარმომავლობა იყო ხაზგასმული). ასეა თუ ისე სახელი თორნიკე იმ დროინდელ ბიზანტიასა და ივერიის თემში მრავალი სახით გვხვდება – თორნიკ-ეს, თორნიკ-იოს, ტორნიც-იუს, თორნიკ-ია და ა.შ. და თუკი გაბატონებულ ქართულ ვერსიას დავივიწყებთ, რომელიც თორნიკეს ძირძველ ქართულ სახელად მიიჩნევს და იმდროინდელ სიტუაციას გავითვალისწინებთ, ყველაფერი ნათელი ხდება; კერძოდ კი –იკ სუფიქსი კარგადა ცნობილი რომ სომხურში დღემდე კნინობითი ფორმების წარმოსაქმნელად გამოიყენება (ანდრან-იკ, ხაჩ-იკ, გარ-იკ) და ის სწორად მას წარმოადგენს და არასწორია სახელის ამგვარი დაშლა – თორ-ნიკე, საქმე გვაქვს არა –ნიკე-სთან რომელიც ღვთაების სახელიდან მოდის და სხვა სახელების ნაწილად გვევლინება, არამედ მხოლოდ –იკ კნინობით ფორმასთან და გასაგკვევი მხოლოდ ისღა რჩება მაინც რაა ეს “თორნ”. მაშინ როდესაც ქართულშიც და ბერძნულშიც ის არაფრის მთქმელია როგორც არ უნდა დავშალოთ სახელი, სომხურში მას ძალიან კონკრეტული მნიშვნელობა გააჩნია და თორ/თორნ  შვილიშვილს ნიშნავს, ანუ თორნ-იკ პრაქტიკულად იგივეა რაც შვილიშვილ-უნა/უკა, ხოლო ბოლოში –ეს –იკიოს -იციუს სუფიქსები მისმა გაბიზანტიურებამ გამოიწვია. ანალოგიური სახელები ხომ ქართულშიც მრავლად მოგვეპოვება – პაპუნა, მამია, ბიძინა, ბაჩანა, ბაია და ა.შ.
მოკლედ რომ ვთქვათ სახელი რომელსაც ვატარებ გამოყენების მხრივ გაქართულებული ბიზანტიურია (-ს ასოს ჩამოშორებით, რომელიც ყველა სხვა სახელს ემართება ბიზანტიურიდან გადმოტანისას), სტრუქტურულად ბერძნულ/ბიზანტიური, ხოლო საწყისი სულაც სომხური ჰქონია.
ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რომ ერთი ამბავი გამახსენდა რომელიც დედაჩემისგან მოყოლით ვიცი; თურმე ახალდაბადებული ვიყავი და დედაჩემი ეზოში მასეირნებდა, როდესაც ერთი სომეხი მეზობელი ჩაეკითხა რა დაარქვითო, და დედაჩემის პასუხზე ჩვენმა მეზობელმა ძალიან გაიკვირვა “ვაააააა, თორნიკ, ეს რა სომხური სახელი ჰქვია აი?!”. რათქმაუნდა ამან დედაჩემს უბრალოდ ღიმილი მოჰგვარა, ასეთ ნამდვილ ქართულ სახელზე ამას რას მეუბნებაო, მაგრამ როგორც ჩანს გული უნდა გავუცრუო – რას ერჩოდი იმ ქალს ერთადერთი ადამიანი ყოფილა რომელმაც სიმართლე იცოდა.

შაბათ-კვირის ფიქრები

აგვისტო 28, 2011

როგორც ჰამბურგში დღეთა უმრავლესობა ამ შაბათ კვირის დღეებიც ისეთივე წვიმიანი და დეპრესიულები გამოდგნენ; აი როდესაც ვერც გარეთ გახვალ, სახლში ჯდომაც არ გინდა, არ იცი რა აკეთო და ეს უაზრობა ცუდ ხასიათზე გაყენებს.

ხოდა ისევ ვიფიქრე რაიმე დამეწერა სხვადასხვა სიტყვების ქართულში დამკვიდრების თაობაზე. ზოგადად ჩემთვის უფრო საინტერესო უცხო ენების სიტყვებია ხოლმე რომლებიც ამა თუ იმ გზით ქართულში შემოდიან, მაგრამ არიან სიტყვები რომლებიც სხვა ენებშიც არაფერს ნიშნავენ და უბრალოდ ფირმების სახელებია, მაგრამ ისინი გლობალურად ხდებიან ამა თუ იმ საგნის აღმნიშვნელები. მოდით ამ მაგალითებზე დავწერ ცოტას.

პირველ რიგში მინდა ისეთ სიტყვებხ შევეხო რომლებმაც თავი ყველა ენაში დაიმკვიდრეს. მაგალითისთვის თერმოსი სულაც არაა ზოგადი სახელი და მისი თავდაპირველი დასახელება დეუარის ქილა იყო (რადგან მისი გამომგონებელი შოტლანდიელი ფიზიკოს-ქიმიკოსი ჯეიმს დეუარი გახლდათ) მაგრამ მას მერე რაც 1904 წლიდან მოყოლებული გერმანულმა კომპანია Thermos-მა მისი სერიული წარმოება დაიწყო ყველა შემდგომი მწარმოებლის ნაკეთობაც დღემდე თერმოსად მოიხსენიება.

ანალოგიური სიტუაციაა მაგალითად პრიმუს-თან მიმართებაში, ის დაპატენტებული იყო როგორც – უფითილო, დაწნეხილ საწვავის ორთქლზე მომუშავე უჭვარტლო გამახურებელი მოწყობილობა 🙂 და ისევ და ისევ მისი პირველმწარმოებელი ფირმის Primus-ის სახელიდან გამომდინარე ანალოგიური ტიპის ყველა ქურას დღემდე პრიმუსს უწოდებენ. ისე საინტერესო ფაქტია რომ სწორად პრიმუსით იყო აღჭურვილი ამუნდსენის სამხრეთ პოლუსზე მიმავალი ექსპედიცია.

იგივე შეიძლება ითქვას კედ-ების თაობაზე  ზოგადად მსოფლიოში და მაგალითად ბოტას-ებზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, უბრალოდ ისე მოხდა რომ ფირმის სახელი რომლის სპორტულმა ფეხსაცმელებმაც საბჭოთა კავშირში შემოვაღწია სწორად Botas-ი იყო და ის სამუდამოდ დარჩა ამ ტიპის ფეხსაცმელების აღმნიშვნელად.

ასევე მოხდა ფლომასტერ-ის შემთხვევაშიც, ის სხვა არაფერი იყო თუ არა ფირმა რომელიც მარკერებს უშვებდა (პოპულარული ის ძირითადად შუშაზე წერის და გაუმჭვირვალი მელნევის გამო გახდა, რაც საშუალებას იძლეოდა ძველ ნაწერზე ზემოდან სხვა რამ დაწერილიყო და მთლიანად დაემალა ქვედა შრე) Flo-Master 1980-იანების ბოლოს მთლიანად გავიდა ბაზრიდან მაგრამ მისი სახელი ჯერ ისევ ცოცხალია :).

ჩვენთვის ლოკალურად გავრცელებული საინტერესო მაგალითებია ქსეროქს-ი და ნოვა. დაქსეროქსება ჩვენთვის ჩვეულებრივ სიყვვად იქცა მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენთან შემოსული კოპირების აპარატების უმრავლესობა სწორად Xerox-ის ფირმისა გახლდათ, მაგრამ მაგალითისათვის კოპირებას მალაიზიაში და ინდონეზიაში “და-Canon-ება” ჰქვია; ხოლო ფრაზა “აუ ნოვა ხომ არ გაქვს?” ისეთივე გასაგებია ჩვენთვის როგორც მაგალითად ამერიკელი ჰკითხავდა ვინმეს “Do you have Cleenex?”-ო.

მოკლედ საინტერესოა როგორ ხდება კონკრეტული სახელების განზოგადება და როგორ ეჩვევიან მათ თაობები, დარწმუნებული ვარ ბევრი არც დაფიქრებულა რატომ ჰქვია ფლომასტერს ფლომადსტერი და ბოტასს ბოტასი… ალბათ კიდევ რამდენ ასეთ სიტყვას ვიყენებთ…

მოკლედ… უაზროდ ჯდომას მგონი სჯობდა ეს თუნდაც ყოვლად უმაქნისი პოსტი დამეწერა, სხვა თუ არაფერი დრო მაინც მოვკალი 🙂